სოხუმის შუქურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოხუმის შუქურა

სოხუმის შუქურა — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მდებარეობს ქალაქ სოხუმის სანაპიროზე, მდინარე გუმისთას მიერ წარმოქმნილ კონცხზე. აგებულია 1861 წელს, ფრანგი კონსტრუქტორის ერნესტ გუენის პროექტით. ექსპლუატაციაშია 1864 წლის 14 აპრილიდან. ამჟამად ნაგებობა საჭიროებს სარემონტო-გამაგრებით სამუშაოებს.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოხუმის შუქურა გადაჭრილი კონუსის ფორმის რკინის კოშკია, რომლის სიმაღლე 37 მეტრს აღწევს, ნაგებობის ზედა ნაწილში განთავსებულია სანათი მოწყობილობა, რომელსაც წრიულად ესაზღვრება ღია აივანი. ნაგებობა შიგნიდან აღჭურვილია 137 საფეხურისაგან შემდგარი თუჯის სპირალური კიბით.

კოშკი ეყრდნობა 17 მეტრ სიღრმეზე მიწაში ჩასმული ლითონის, 8 ხიმინჯისგან შექმნილ, ფუნდამენტს, რომლებიც სპეციალური ხრახნებით დამაგრებულია კონსტრუქციის მომრგვალო ფორმის საფუძველთან, რაზედაც სპეციალური სამაგრებით ლითონის ფილებისაგან აწყობილია შუქურას კონსტრუქცია. შუქურა 1861 წელს საფრანგეთში დაამზადეს. ცნობილი ფრანგი კონსტრუქტორის ერნესტ გუენის პროექტით. რასაც მოწმობს ნაგებობის შესასვლელი კარების ზედა ლითონის აბრაზე ამოტვიფრული წარწერა 1861 ERNEST GOUIN & C CONSTRUCTEURS PARIS.

ნაგებობას გააჩნია ორი გარე კარი. ერთი ქვედა შესასვლელი და მეორე შუქურას ზედა ნაწილში წრიულ აივანზე გასასვლელი. კონსტრუქცია ასევე აღჭურვილია ერთმანეთის საპირისპირო მხარეს (დასავლეთით 5 და აღმოსავლეთით 5), ვერტიკალურად განლაგებული სარკმელებით. ნაგებობის თავდაპირველი შეფერილობა იყო თეთრი, როგორც შიგნით ასევე გარეთ.

კონსტრუქციის სანათი მოწყობილობა მოთავსებულია გუმბათის ქვედა ნაწილში, რომელიც ლითონისაა. ხოლო ზედა ნაწილი შემინულია (ოპტიკური აპარატის გასწვრივ) სანათი მოწყობილობა დამონტაჟებულია ლითონის სადგამ პლატფორმაზე და მოქცეულია ფრენელის ლინზაში.

თავდაპირველად სინათლის წყაროს ნავთზე მომუშავე ჭრაქი წარმოადგენდა, ლინზა კი მის გამოკრთომილი სხივის ნათებას აძლიერებდა, მოგვიანებით ძლიერი ქარების შედეგად გამოწვეული რხევების გამო, აუცილებელი შეიქნა შუქურას გამაგრება და სანათი მოწყობლობის შეცვლა, რადგან ნაგებობის რხევები სანათის აპარატიდან საწვავს ღვრიდა. აქედან გამომდინარე შუქურას ზედა ნაწილთან, იქ სადაც სანათი აპარატურაა განთავსებული, გარედან შემოავლეს ლითონის რგოლისებური სამაგრი, რომლსაც მსხვილი ქანჩებით ლითონის ბაგირები ჩაუმაგრეს, რომლებიც შუქურას საფუძველიდან 3 მეტრის რადიუსში მიწაში განთავსებულ ღუზებზე დამაგრდა. გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ შუქურას სანათი მოწყობილობა ჩანაცვლეს გაზზე მომუშავე ჭრაქით, ხოლო 1910 წლიდან შუქურას ოპტიკურ აპარატის სინათლის წყაროდ ელექტრო ნათურის გამოყენება დაიწყო.

შუქურას მთავარი დანიშნულება სოხუმის სანაპირო ზოლზე (შავი ზღვა) მცურავი გემების უსაფრთხო ნავიგაციის უზრნველყოფაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შავი და აზოვის ძღვებში საბჭოთა პორტებში შემსვლელი გემების სახელმძღვანელო, გვ. 201 (სოხუმის შუქურა) გამოცემა N1240 საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრო ჰიდროგრაფიული სამმართველო 1970 წ.
  • შავი ზღვის პილოტი, Black Sea Pilot (შავი და აზოვის ზღვების ქვეყნების თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და საბჭოთა კავშირის სახელმძღვანელო) გამოცემულია დიდი ბრიტანეთის ჰიდროგრაფისა და თავდაცვის მინისტრის მიერ 1990 წლის 6 იანვარს, ტაუნტონში.
  • სსრკ თავდაცვის სამინისტრო ნავიგაციისა და ოკეანოგრაფიის სამმართველო 1976 წ.