შინაარსზე გადასვლა

სოლინის წმინდა პეტრესა და მოსეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოლინის წმინდა პეტრესა და მოსეს ეკლესია
სოლინის წმინდა პეტრესა და მოსეს ეკლესია — ხორვატია
სოლინის წმინდა პეტრესა და მოსეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 43°32′25″ ჩ. გ. 16°29′49″ ა. გ. / 43.54028° ჩ. გ. 16.49694° ა. გ. / 43.54028; 16.49694
რელიგიური კუთვნილება კათოლიციზმი
პროვინცია სპლიტ-დალმაცია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაზილიკა
თარიღდება XI საუკუნე

სოლინის წმინდა პეტრესა და მოსეს ეკლესია (ხორ. Krunidbena crkva sv. Petra i Mojsija) — XI საუკუნის შუა პერიოდის რომაული არქიტექტურის ძეგლი ხორვატიის ქალაქ სოლინში. ძეგლი მდებარეობს მდინარე იადროს სანაპიროზე, ანტიკური სალონას ერთ-ერთი ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე.

აღნიშნული ეკლესია ითვლება ხორვატი მეფეების კორონაციის ადგილად, რადგან არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ 1075 წელს დმიტარ ზვონიმირს აქ დაადგა გვირგვინი პაპ გრიგოლ VII-ის ლეგატმა გებიზონმა.[1]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლინის წმინდა პეტრესა და მოსეს ეკლესია ააგეს VI საუკუნის ადრეული ქრისტიანული ბაზილიკის ადგილზე, რომელსაც ჰქონდა ტრანსეპტი და დიდი აფსიდი, შიგნიდან და გარედან ნახევარწრიული. პირველი ეკლესიის ნაშთები დღემდე შემორჩენილია. არქეოლოგების მიერ ჩატარებული და სტრატიგრაფიაზე დაფუძნებული კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ წინა ეკლესია დაიშალა ახალი საკათედრო ეკლესიის აშენებამდე, რომელიც თითქმის მთლიანად შედგება ადრინდელი ეკლესიის არქიტექტურული ელემენტებისაგან.[1]

ეკლესიის არქიტექტურაში შერეულია რომაული, პრერომანული და ბიზანტიური არქიტექტურის ელემენტები. ეკლესია იყო სამნავიანი ბაზილიკა ნართექსით და ხუთი წყვილი პილონით,[2] რომელიც რომაული არქიტექტურის ტიპიური მახასიათებელია. ამასთან, აღმოსავლეთის კედელი ბრტყელი დარჩა, ხოლო კედლის სისქეში განლაგებული იყო სწორკუთხა ცენტრალური და ნახევარწრიული გვერდითი აფსიდები. ეს არქიტექტურული გადაწყვეტა მიანიშნებს რომაული შენობების წინარე პრაქტიკაზე. ნართექსში შემორჩენილია კიბის ნაშთები, შესაძლოა, ეკლესიას სამრეკლო ან დასავლეთით მიდგმული ნაგებობის ნაშთია.[1] ნართექსში ასევე განთავსებული იყო რომაული სარკოფაგი.

ბიზანტიური ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ელემენტია სამნაწილიანი კანკელი რომელსაც აქვს სამი შესასვლელი საკურთხეველში, მსგავსი მახასიათებელი ამ ტერიტორიაზე საკმაოდ იშვიათია. საკურთხევლის თეთრი ქვით მოჩუქურთმებული ბარიერი უნიკალურია: რელიეფური ფილა, რომელზედაც მმართველი გამოსახულია ბიზანტიური სასახლის ცერემონიალიდან ნასესხები კომპოზიციის „პროსკინეზის“ გამოსახულებით. ამ რელიეფში ეინარ დიგვემ დაინახა მეფე ზვონიმირის გამოსახულება, რომელიც იღებს ქვეშევრდომებს მისი გამეფების შემდეგ. სხვა მოსაზრებებით, რელიეფზე გამოსახულია პეტარ კრეშემირ IV ან ქრისტე პანტოკრატორი. მოგვიანებით ეს ფილა გამოიყენებოდა იუპიტერის უძველეს ტაძარში აღმართული სპლიტის ბაპტისტერიის ერთ-ერთი კედის ფრაგმენტად. კანკელის სამეფო კარის (აღსავლის კარის) თავზე გამოკვეთილია ლათინური წარწერა: „წმინდა პეტრე, მიიღე ძღვენი პატიოსანი მოსესი, შენი მსახურისა“.

თანამედროვე სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლინის წმინდა პეტრესა და მოსეს ეკლესიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1920-იან წლებში. გარკვეული სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა 1950-იან წლებშიც, მაგრამ ყველაზე სერიოზული არქეოლოგიური კვლევა 1990-1993 წლებში ჩატარდა. ძეგლი აღიარებულია უძრავ კულტურულ საკუთრებად და მინიჭებული აქვს დაცული კულტურული საკუთრების სტატუსი.[3]

მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია დიდწილად შესწავლილი და შემონახულია, იგი კვლავ საფრთხის ქვეშაა იადროს წყლებისა და იქვე გამავალი გზის გამო.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 А. А. Воронова, Сплит и Дубролвник: города с прерванным т восстановленнымархитектурным континуитетом, Вестник ПСТГУ, 2011, № Вып. 3 (6), გვ. 85—109, დაარქივებულია ორიგინალიდან (19 აპრილი, 2023)
  2. Šuplja crkva. ციტირების თარიღი: 2023-04-19
  3. Registar Kulturnih Dobara. ციტირების თარიღი: 2023-04-19
  4. Mate Zekan, Krunidbena bazilika kralja Zvonimira Crkva Sv. Petra i Mojsija (Šuplja crkva) u Solinu Pregled dosadašnjih istraživanja (hr), Starohrvatska prosvjeta, 2000-09-28, ტ. III, გვ. 249–259, ISSN 0351-4536, დაარქივებულია ორიგინალიდან (19 აპრილი, 2023)