სოიუზი (პოლიტიკური ბლოკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მოვლენას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„სოიუზი“ (რუს. Союз — „კავშირი“) — აფხაზეთის პოლიტიკური ბლოკი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის თებერვლის ბოლოს დაარსდა პოლიტიკური ბლოკი სოიუზი, რომელშიც შევიდა შვიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია და მოძრაობა, მათ შორის:

  1. აიდგილარა — აფხაზეთის სახალხო ფორუმი;
  2. სოხუმის ინტერნაციონალისტთა საზოგადოება;
  3. აფხაზეთის დემოკრატიული პარტია;
  4. კრუნკი — სომხური კულტურული საგანმანათლებლო საზოგადოება;
  5. აბხაზია — სახალხო კავშირი;
  6. ნართა — ტყვარჩელის ორგანიზაცია;
  7. სოხუმის მოქალაქეთა სოციალური უფლებების დაცვის საზოგადოება;
  8. სლავური სახლი — რუსული კულტურის საზოგადოება აფხაზეთში.

პოლიტიკურ ბლოკს გააჩნდა მუდმივმოქმედი მმართველი ორგანო — საკოორდინაციო საბჭო, რომლის წევრები იყვნენ ყველა პარტიისა და ორგანიზაციის ხელმძრვანელები.

1991 წლის 6 მარტს სოხუმში გაიმართა პოლიტიკურ ბლოკ „სოიუზში“ შემავალი ორგანიზაციების ყრილობა, რომელშიც მონაწილეობდა 250 დელეგატი. ყრილობამ მიიღო დადგენილება 1991 წლის 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმის მხარდასაჭერად, დაამტკიცა ბლოკის პლატფორმა, მიმართვა „ქართველი ხალხისადმი“. ყრილობამ უარყოფითი შეფასება მისცა საქართველოში და კერძოდ აფხაზეთში პრეფექტურის ინსტიტუტის შემოღებას, რადგან ბლოკ „სოიუზის“ აზრით, „პრეფექტურა იყო არადემოკრატიული ორგანო“.

10 მარტს ბლოკ „სოიუზის“ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი ჰქონდა, სოხუმში ლენინის მოედანზე მოეწყოთ მასობრივი მიტინგი, მაგრამ სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა არ მისცა ნებართვა ღონისძიების ჩატარებისა. აღმასკომის ოფიციალური გადაწყვეტილებით „10 მარტის მიტინგის ჩატარება გაამწვავებდა ვითარებას აფხაზეთში, გამოიწვევდა მოსახლეობის ნაწილის ნეგატიურ რეაქციას, რადგან საკავშირო რეფერენდუმისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება სხვადასხვა ჯგუფებში არაერთგვაროვანი იყო“. მიტინგის ჩასატარებლად სავალდებულო იყო ნებართვა, რადგანაც ოფიციალურად აფხაზეთში ჯერ კიდევ არ იყო მოხსნილი 1989 წელს მიღებული „მოქალაქეთა ქცევის განსაკუთრებული წესები“. მიუხედავად აკრძალვისა 10 მარტს მიტინგი მაინც ჩატარდა, ოღონდ ცენტრალურ რესპუბლიკურ სტადიონზე. მიტინგი, რომელსაც ესწრებოდა 10 ათასი კაცი, შესავალი სიტყვით გახსნა და უძღვებოდა კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კრუნკის“ თავმჯდომარე ალბერტ ტოპოლიანი. მან თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ნიშნავდა კატარსტროფას მთელი საბჭოთა საზოგადოებისათვის. მანვე გამოაცხადა, რომ მიტინგზე იმყოფებოდნენ სტუმრები ჩრდილოკავკასიიდან — ყაბარდო-ბალყარეთიდან, ადიღეიდან, ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან, ჩერქეზეთიდან და კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე მუსა შანიბოვი. ვრცელი მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ თავჯდომარის მოადგილე ზურაბ აჩბა. მან აღნიშნა, რომ „აფხაზი ხალხი იბრძვის დამოუკიდებელი აფხაზეთის შექმნისათვის“, სადაც ყველას ექნებოდა თანასწორი უფლებები. მისივე სიტყვებით „აფხაზეთი ხელს მოაწერდა სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რადგან აფხაზეთს აძლევდნენ თანაბარ უფლებებს, აფხაზეთს ამიერიდან ექნებოდა საკავშირო რესპუბლიკის სტატუსი“. ზურაბ აჩბამ ასევე ისაუბრა პრეფექტურის ინსტიტუტზე. მან თქვა რომ „პრეფექტურა ნიშნავდა დიქტატურას და ამიტომ არ დაუშვებდნენ მას“. მიტინგზე გამოსულმა სხვა ორგანიზატორებმაც ასევე დაგმეს პრეფექტურის ინსტიტუტი და გაილაშქრენ მისი, როგორც აფხაზეთის სუვერენიტეტის შემლახველის წინააღმდეგ. ასევე სიტყვით იყო გამოსული კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე მუსა შანიბოვი. მან თქვა, რომ „მთიელმა ხალხმა იცის იარაღის ტარება, და თუ საჭირო გახდებოდა დაიცავდნენ სხვა მთიელ ხალხებს, თუმცა მომხრე იყო მშვიდობიანი გზისა“. მიტინგის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია 17 მარტის რეფერენდუმის მხარდასაჭერად. მიღებულ იქნა მიმართვა „ქართველი ხალხისადმი“, რომ ქართველი ხალხი უნდა გარკვეულიყო „პრეფექტურის დიქტატორულ შინაარსში“. ასევე მიღებულ იქნა მიმართვა „სამხრეთ ოსეთზე“. ეს მიმართვები და რეზოლუციები გაუგზავნეს მ. გორბაჩოვს, სსრ კავშირის უზენაეს საბჭოს, ზ. გამსახურდიას და საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №42 (13408), 12 მარტი, 1991