შინაარსზე გადასვლა

სინათლის იმპერია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სინათლის იმპერია (II ნაწილი) 一 ბელგიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი
L'Empire des lumières
ავტორი რენე მაგრიტი
წელი 1940-1960
სიმაღლე 195,4
სიგანე 131,2
მუზეუმი ბელგიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი

სინათლის იმპერია (ფრანგ. L'Empire des lumières) 一 ბელგიელი სიურრეალისტი მხატვრის, რენე მაგრიტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატების კატალოგი.[1] მათი ძირითადი ნაწილი ასახავს ღამის პეიზაჟის პარადოქსულ გამოსახულებას - ნამუშევრის ზევითა ნაწილი მზის სინათლითაა გასხივოსნებული მაშინ, როცა ქვემოთა ნაწილში სიბნელეა.[2] სერიაზე მხატვარი 1940-1960-იან წლებში მუშაობდა, რა დროის განმავლობაშიც მაგრიტმა 27 ნამუშევარი შექმნა (ამათგან, 17 ზეთით შესრულებული, ხოლო 10 - გუაშის).[3][4] ნაწარმოებთა ეს კრებული არასდროს ყოფილა ჩაფიქრებული ერთ მთლიან სერიად, ის მხატვრის სიცოცხლეში არასდროს წოდებულა სერიად, ფორმალური თვალსაზრისით. მეტიც, ისინი ერთად არასდროს გამოქვეყნებულან გამოფენებზე, ძირითადად კი განცალკევებით გამოიფინებოდა.[1][4][5][6]

ერთ-ერთი ვერსიით, მაგრიტი ამ ნახატებზე მუშაობისას შთაგონებული იყო ვიქტორიანული ეპოქის ბრიტანელი მხატვრის, ჯონ ატკინსონ გრიმშოუს იმ ნამუშევრებით, რომლებზეც მზის ჩასვლის ფონზე ასახული ურბანული ხედები იყო გამოსახული.[7] სხვა ვერსიით, ნახატზე ცალსახად შეინიშნება მაგრიტის თანამემამულე მხატვრის, სიმბოლისტი უილიამ დეგუვ დე ნუნკეს ღამის ნახატების, უფრო კონკრეტულად მისი ნამუშევრის - ბრმა სახლი -, გავლენა.[8] კრელერ-მიულერის მუზეუმის ყოფილი დირექტორის, ხელოვნებათმცოდნის, ალფრედ ჰამახერის აზრით, მაგრიტი ძლიერ იყო დაინტერესებული ცნობილი გერმანელი მხატვრის, კასპარ დავიდ ფრიდრიხის ღამის პეიზაჟების მქონე ნამუშევრებით.[9] ამერიკელმა ხელოვნებათმცოდნემ, უილიამ რუბინმა გამოთქვა მოსაზრება ავტორის სერიასა და მაქს ერნსტის ზოგიერთ ნაწარმოებს შორის არსებულ კავშირზე, სახელდობრ ერნსტის 1927 წლის ნახატთან - ტყე. ზოგიერთი კრიტიკოსი მას სალვადორ დალის გუაშით შესრულებულ ნახატთან - ღამის და დღის სამოსი (1936) - აკავშირებს.[3]

სერიის მეორე ნაწილი იქცა შთაგონებად 1973 წლის ფილმისთვის 一 ეგზორცისტი. ის არათუ ფილმის პოსტერსა და ვიდეო რელიზებზე აისახა, არამედ უშუალოდ ფილმშიც შეიქმნა ალუზია ნახატთან დაკავშირებით 一 როცა მამა მერინი მაკნილების ოჯახის სახლის წინ დგას.[10][11] ის, ასევე, იქცა შთაგონების წყაროდ ამერიკელი გიტარისტის, ჯექსონ ბრაუნის 1974 წლის ალბომის 一 Late For The Sky 一 გარეკანისთვის.[12]

  1. 1.0 1.1 Kantrowitz, Jonathan (25 November 2017), René Magritte: The Fifth Season. Art History News. (accessed 19 December 2020)
  2. The Empire of Lights also known as L'Empire des Lumieres. Aaron Art Prints. ციტირების თარიღი: 30 May 2014.
  3. 3.0 3.1 Peyser, Marijke. Museum Boijmans Van Beuningen, Rotterdam: A dream collection - Surrealism in Museum Boijmans Van Beuningen (accessed 19 December 2020)
  4. 4.0 4.1 Zivkovic, Alex (2018), "'It's Like Being in the Picture': The Dominion of Light at SFMOMA". San Francisco Museum of Modern Art (accessed 19 December 2020)
  5. Noël, Bernard (1977), Magritte. Crown Publishers, Inc. New York. 96 pp. ISBN 0-517-53009-0
  6. Rubin, William S. (1968) Dada and Surrealist Art. Harry N. Abrams, Inc., Publishers, New York. 525 pp.
  7. Federico Zeri, Un velo di silenzio, Milano, 1999, pp. 229-230
  8. Cassou, Jean (1984) The Concise Encyclopaedia of Symbolism. Chartwell Books, Inc. Secaucus, New Jersey. 292 pp. ISBN 0-89009-706-2
  9. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Hammacher (1973) არ არის მითითებული ტექსტი; $2
  10. 25 Fascinating Facts About The Exorcist. Listverse (30 October 2009). ციტირების თარიღი: 29 May 2014.
  11. 26 Fascinating Facts About The Exorcist. Mental Floss (26 December 2018). ციტირების თარიღი: 31 May 2014.
  12. Jackson Browne's Late For The Sky - The Design of a Classic Album Cover, http://website.lineone.net/~fred.taylor/lfts.htm. წაკითხვის თარიღი: 2022-02-12