საჯილდაო ქვის აწევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საჯილდაო ქვის აწევასაქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული სპორტის ხალხური სახეობა, შეჯიბრება მძიმე ქვების აწევაში. არსებობდა საჯილდაო ქვის აწევის რამდენიმე საფეხური: ქარის გატარება, ანუ ქვის მიწიდან აღება, მუხლამდე აწევა, აწევა და ნაბიჯის გადადგმა, მკერდამდე აწევა, თავს ზემოდან აწევა, შეკაზმულ ცხენზე გადაგდება. დაწესებული იყო სხვადასხვა ჯილდო: ვინც ლოდს ოდნავ მაინც ააცილებდა მიწას, ხუთი ვერცხლით უნდა დაჯილდოვებულიყო; „ვინც მუხლამდე ასწევდა ერთ მუჭა ვერცხლს უბოძებდნენ, ხოლო ვინც მკერდამდე აიტანდა, ვერცხლით ქუდის ავსებას ჰპირდებოდნენ“ (გიორგი შატბერაშვილი).

სვანეთში კალის სათემოში, კვირიკეს XI საუკუნის სალოცავის ეზოში, კვირიკობა დღეს (28 ივლისი) იმართებოდა შეჯიბრება საჯილდაო ლოდის აწევაში, რომელსაც „ბაჩა-ლიკედ“ ერქვა. ზოგიერთი ლოდი 8-9 ფუთს იწონიდა. საჯილდაო ქვის აწევაში ზოგჯერ ქალებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც შედარებით მცირე ზომის ლოდებს ეჭიდებოდნენ. ვაჟა-ფშაველას მიერ ჩაწერილ ხალხურ ლექსში ხატი იაღსარი ამბობს: „გადავხე ერთი ავწიე, ღმერთო, შენ მამე ძალიო სამოცლიტრიანს რკინასა ქვეშ გაუვლიე ქარიო“. ვაჟა მოიხსენიებს XIX საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრებ ფშაველ გოგოთურს და წერს, რომ „მისი მოტანილი ბრტყელი, საფლავის ქვის მსგავსი ლოდი დღესაც გდია კოპალას სალოცავთან და ისეთი მძიმეა — ორ კაცს გაუჭირდება ამ ქვის გადაბრუნება. ჩემს ჯეელობაში მეც ბევრჯერ ვეჯაჯგურებოდი ამ გოგოთურის მოტანილ ქვას და ვცდილობდი გოგოთურზე მეტი ღონე გამომეჩინა. ეს ცდა, რასაკვირველია, ამაო იყო“ („ფშაველი და მისი წუთისოფელი“).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიშვილი ე., სპორტის ენციკლოპედია, გვ. 434, თბ., 2006