შინაარსზე გადასვლა

საქართველოს ბანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს ბანკი
ტიპი სააქციო საზოგადოება
დარგი საბანკო-საფინანსო
დაფუძნდა 1994
სათავო ოფისი თბილისი, საქართველო
პროდუქცია საკრედიტო ბარათები, საცალო საბანკო მომსახურება, კორპორატიული საბანკო მომსახურება,ფინანსური მომსახურება, საინვესტიციო ბანკინგი, იპოთეკური სესხები, აქტივების მართვა
შემოსავალი 2,553.0 მილიონი (2023)[1]
მთლიანი შემოსავალი 1,656.3₾ მილიონი (2023)[1]
სუფთა მოგება 1,397.3₾ მილიონი (2023)[1]
მფლობელი საქართველოს ბანკის ჯგუფი

საქართველოს ბანკისაქართველოს ბანკის ჯგუფის შვილობილი კომპანია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ჰოლდინგია. საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტშია წარმოდგენილი.[2]

საქართველოს ბანკის ჯგუფი FTSE 250 ინდექსის შემადგენლობაშია.[3] ჯგუფის აქციონერებს შორის არიან მსოფლიოში უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა: JP Morgan, BlackRock, The Vanguard Group, Schroders, Norges Bank Investment Management (წამყვანი საპენსიო ფონდი) და ა. შ.

საქართველოს ბანკის საქმიანობა სამ ძირითად ბიზნესსეგმენტს მოიცავს.[4] 1. საცალო საბანკო (RB) მომსახურება, რომელიც ასევე მოიცავს Mass Retail-სა და Premium Banking-ს; 2. მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება (SME); 3. კორპორაციული საბანკო მომსახურება (CB).

საქართველოს ბანკი ქვეყნის შიდა საბანკო სექტორის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. იგი ჯამურად საბანკო სექტორის აქტივების 40%-ს ფლობს.[5]

საქართველოს ბანკი 1994 წელს დაარსდა, იმ დროს, როდესაც საქართველოში საბანკო ინდუსტრია თითქმის არ არსებობდა. 1996 წელს საქართველოს ბანკმა ქვეყანაში პირველმა შემოიტანა პლასტიკური ბარათი, რასაც შემდეგ, 1998 წელს, პირველი ბანკომატი მოჰყვა.[6][7]

2003 წელს საქართველოს ბანკმა ქვეყანაში პირველი SMS ბანკინგის სერვისი წარადგინა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, მათ შორის IFC და EBRD-ისგან, საკრედიტო რესურსები მოიპოვა.[8]

2006 წელს საქართველოს ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციები განათავსა. ეს იყო პირველი საერთაშორისო საჯარო განთავსება (IPO) საქართველოდან. აქციების განთავსებას მოჰყვა პირველი ევრობონდის გამოშვება და ახალი საერთაშორისო პარტნიორობები, მათ შორის პარტნიორობა American Express-თან. საქართველოს ბანკმა წარადგინა საცალო პროდუქტების ნაკრებები და დაიწყო ინფრასტრუქტურული განახლებები, განსაკუთრებით - დიჯიტალიზაციის მიმართულებით.[9]

2006 წელს, საქართველოს ბანკმა ქვეყნის მასშტაბით თვითმომსახურების ტერმინალების (ე.წ. pay Box) ქსელი შექმნა.

2007 წელს საქართველოს ბანკმა გამოუშვა 200 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდი - რაც საქართველოდან პირველი საერთაშორისო ობლიგაციის შეთავაზება იყო.[10]

2009 წელს საქართველოს ბანკმა შექმნა პრემიუმ საბანკო მომსახურება - SOLO, რომელიც მაღალშემოსავლიან მომხმარებელთა სეგმენტზეა ორიენტირებული.[11]

საქართველოს ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში 2012 წლის აპრილში გადაინაცვლა. 2012 წლის 15 ივნისს კი FTSE 250 ინდექსის შემადგენლობაშიც შევიდა.[12]

2014 წელს, საქართველოს ბანკმა ტაო პრივატ ბანკი შეიძინა, რომელიც იმ მომენტისთვის საქართველოში სიდიდით მე-9 ბანკი იყო.[13]

2018 წელს საქართველოს ბანკმა 500 მილიონი ლარის ღირებულების ევროობლიგაციები გამოუშვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები ადგილობრივ ვალუტაში განათავსა.[14]

2019 წელს საქართველოს ბანკში ხელმძღვანელობა შეიცვალა და ახალი აღმასრულებელი დირექტორი და მმართველი გუნდი დაინიშნა. ბანკის ახალი სტრატეგიის მიხედვით, ციფრულ ტრანსფორმაციას, მომხმარებლებისა და თანამშრომლების გამოცდილების გაუმჯობესებას მეტი პრიორიტეტი მიენიჭა.[15]

2019 წელს საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს Apple Pay-ით გადახდა შესთავაზა.

საქართველოს ბანკის ყოფილი შენობა თავისუფლების მოედანზე. თბილისი

2020 წელს საქართველოს ბანკმა შექმნა დიზაინ სისტემა - წინასწარ გამზადებული ვიზუალური ელემენტების პლატფორმა და წესების სახელმძღვანელო.

2022 წელს საქართველოს ბანკმა სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოში პირველი ფინანსური მობილური აპლიკაცია - sCoolApp შექმნა.[16]

2023 წელს, საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური განვითარების კუთხით ახალ საფეხურზე გადავიდა და პირველი ბიზნეს მენეჯერი შექმნა. ეს ინოვაციური პლატფორმა საშუალებას აძლევს ბიზნესებს, აწარმოონ მომხმარებელთა ანალიტიკაზე დაფუძნებული კამპანიები, შეიმუშაონ მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებები, მართონ გადახდები, გაზარდონ გაყიდვები და ბიზნესის ზრდისთვის საინტერესო ტენდენციები აღმოაჩინონ. საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი ხელოვნურ ინტელექტსა და ჭკვიან ალგორითმებს ეფუძნება.[17]

იმავე წელს საქართველოს ბანკმა პარტნიორი ბიზნესებს Ads Manager წარუდგინა, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, შექმნან პერსონალიზებული შეთავაზებები, როგორიცაა ქეშბექი, ლოიალობის ქულების კამპანიები ან ფასდაკლებები, რაც მათ, მთლიანობაში, საქართველოს ბანკის 1,3 მილიონზე მეტ მომხმარებელთან აძლევს წვდომას.[18]

2023 წელს პარტნიორი ბიზნესების სწრაფი ზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა API მენეჯერი დანერგა, რომელიც კომპანიებისთვის საინტერესო, ყოვლისმომცველ საბანკო მომსახურებას ერთ სივრცეში უყრის თავს. API მენეჯერის მეშვეობით, კომპანიები გადახდის მეთოდებთან, ბიზნეს ინტერნეტ ბანკინგის სერვისებთან და API ფუნქციებთან დაკავშირებით იღებენ ინფორმაციას.[19]

საქართველოს ბანკის გაციფრულების პროცესში მიღწეული წარმატებები მსოფლიოს მასშტაბითაა აღიარებული. საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2023 წლის საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტად 12 ნომინაციაში დასახელდა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი 8 კატეგორიაში.[20] 

2024 წლის თებერვალში, საქართველოს ბანკმა სომხეთის წამყვანი ბანკის, ამერიაბანკის 100-პროცენტიანი წილი შეიძინა დაახლოებით 303,6 მილიონ დოლარად.[21]

  • საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის 
  • საუკეთესო მობილბანკი 
  • საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი 
  • საუკეთესო ინოვაცია და ტრანსფორმაცია მომხმარებლებისთვის 
  • საუკეთესო ბიზნეს ინოვაცია და ტრანსფორმაცია 
  • საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
  • საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის
  • საუკეთესო ბანკი მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ციფრული ტრანზაქციების მიმართულებით 
  • საუკეთესო ბანკი  UX დიზაინის მიმართულებით
  • საუკეთესო ბანკო სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით
  • საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსების სერვისებისთვის
  • საუკეთესო ღია ბანკიგის API სერვისები საქართველოში

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი საქართველოს ბანკი 2023 წლის გამარჯვებული შემდეგ ქვე-კატეგორიებში გახდა:[22]

  • საუკეთესო მობილბანკი 
  • საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი
  • საუკეთესო ინოვაცია და ტრანსფორმაცია მომხმარებლებისთვის
  • საუკეთესო ბიზნეს ინოვაცია და ტრანსფორმაცია 
  • საუკეთესო ბანკი სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით
  • საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსებაში
  • საუკეთესო ბანკი მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ციფრული ტრანზაქციების მიმართულებით
  • საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის
  • 2023 წელს Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის დარგში, ქართულ ენაზე სამეტყველო ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, ტოპ ინოვატორად დაასახელა.[23]
  • 2023 წელს Global Finance-მა ტოპ ინოვატორად დაასახელა ელ. კომერციაში გადახდის მენეჯერის შექმნისთვის.
  • Global Finance-მა ბანკი ტოპ ინოვატორად დაასახელა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Api.bog.ge-ის შექმნისთვის.
  • 2023 წლის Euromoney-ის დაჯილდოებაზე დასახელდა საქართველოში საუკეთესო ბანკად ციფრული გადაწყვეტებისთვის.
  • 2023 წლის Euromoney-ის დაჯილდოებაზე დასახელდა საუკეთესო ბანკად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის (CSR) საქართველოში.
  • 2024 წელს Euromoney-ის Global Private Banking Awards ის მიერ საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო კერძო ბანკად დასახელდა.

პროდუქტები და საბანკო მომსახურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში სესხების მოცულობის (19,5 მილიარდი ლარი) და დეპოზიტების ჯამური მოცულობის (20,3 მილიარდი ლარი) მიხედვით.

საქართველოს ბანკი მოიცავს სამ ბიზნეს მიმართულებას — საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესს და კორპორაციულ საბანკო მომსახურებას.

საცალო ბანკინგი

საცალო ბანკინგი (RB) მოიცავს Mass Retail -სა და Premium Banking-ს. საცალო საბანკო მიმართულებაში შედის სამომხმარებლო სესხები, იპოთეკური სესხები, ოვერდრაფტები, საკრედიტო ბარათები და სხვა საკრედიტო პროდუქტები. ასევე გადარიცხვები, ანგარიშსწორება, დეპოზიტები და სხვა.

მცირე და საშუალო ბიზნესი

SME საბანკო მიმართულებით, ბანკი ემსახურება მცირე და საშუალო მეწარმეებს და აძლევს წვდომას ფინანსურ და დამატებითი ღირებულების სერვისებზე, როგორებიცაა ბიზნეს სესხი, გადახდები და ფინანსური კონსულტაცია.[24]

2022 წელს, Global Finance-მა საქართველოს ბანკი SME ბიზნესებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკად დაასახელა.[25]

კორპორაციული საბანკო მომსახურება

საქართველოს ბანკი, კორპორაციული საბანკო მიმართულებით, საქართველოში არსებულ მსხვილ კორპორატიულ ბიზნესებს ემსახურება და წვდომას აძლევს ისეთ ფინანსურ პროდუქტებზე როგორიცაა: სესხები, გადარიცხვები, ანგარიშსწორება და სხვა საკრედიტო სერვისები. ბანკი ასევე ქმნის ვაჭრობის დაფინანსების სერვისებს, უზრუნველყოფს დოკუმენტური ოპერაციების მხარდაჭერას. ბანკი მართავს შემნახველ და ვადიან ანაბრებს კორპორაციული და ინსტიტუციური მომხმარებლებისთვის.[26]

2021 წელს საქართველოს ბანკმა ფორმალური გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) არსებითი შეფასება მოახდინა.[27]

2023 წელს კი ბანკში ESG & Sustainability-ს მიმართულება შეიქმნა. ბანკს გაცხადებული აქვს უწყვეტი მისწრაფება მდგრადი ბიზნეს პრაქტიკების დანერგვისადმი, შესაბამისად, აქტიურად მუშაობს კლიმატის ცვლილების სამოქმედო სტრატეგიის დახვეწაზე და ESG-თან დაკავშირებული პოლიტიკის, პრაქტიკისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებაზე.[28]

საერთაშორისო საფინანსო კომპანიის MSCI-ის ESG-ის რეიტინგში, საქართველოს ბანკი გლობალურად, ყველაზე მაღალი ქულების (AA) დიაპაზონში მოხვდა.[29]

საქართველოს ბანკი აქტიურადაა ჩართული იმ სათემო პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერაში, რომლებიც კრიტიკული სოციალური საჭიროებების მოგვარებას ეხება. ინიციატივები ორიენტირებულია სამ ძირითად მიზანზე: განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მხარდაჭერაზე. ყოველწლიურად საქართველოს ბანკი მხარს უჭერს 40-ზე მეტ პროექტს.[30]

განათლების სფეროში საქართველოს ბანკი სტუდენტებს სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამით უჭერს მხარს და აფინანსებს, მათ შორისაა საერთაშორისო პროგრამები: Fulbright Graduate Student Programme, Chevening Scholarship Program და Miami ad Europe School-ის სასტიპენდიო პროგრამა.[31]

ბანკის ერთ-ერთი მთავარი CSR მიმართულება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. 2020 წლიდან საქართველოს ბანკი ქმნის იდეათეკებს - საქართველოს საჯარო სკოლებში მრავალფუნქციურ ბიბლიოთეკებს, რაც რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის წიგნებსა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას ემსახურება. 2020 წლიდან საქართველოს ბანკმა 22 იდეათეკა გახსნა, მათი უმეტესობა მდებარეობს მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში.[32]

2018 წლიდან, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორია.[33]

2019 წელს საქართველოს ბანკი საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი გახდა.

2022 წელს საქართველოს ბანკი ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა.[34]

2022 წლის დასაწყისში საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მთავარი სპონსორი გახდა. 2022 წელს კი თბილისმა წარმატებით უმასპინძლა ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს.[35]

  1. 1.0 1.1 1.2 Annual Results 2023. Bank of Georgia. ციტირების თარიღი: 15 March 2024.
  2. Company Overview of Bank of Georgia Group PLC. Bloomberg. ციტირების თარიღი: 30 June 2017.
  3. BANK OF GEORGIA GROUP PLC London Stock Exchange
  4. Bank of Georgia Group PLC
  5. World’s Best Digital Banks 2023—Round 1
  6. საქართველოს ბანკი დღეს
  7. წლიური მოხსენება 2022, გვ. 249
  8. საქართველოს ბანკი დღეს
  9. Bank of Georgia IPO to raise 83 million pounds
  10. Bank of Georgia Announces The Successful Closing Of Its Debut Eurobond Transaction
  11. წლიური მოხსენება
  12. Bank of Georgia takes premium LSE listing Financial Times
  13. Bank of Georgia buys local arm of Ukraine’s PrivatBank
  14. Georgia Capital Eurobond
  15. Bank of Georgia appoints Archil Gachechiladze as Chief Executive
  16. Fourth Quarter and Full Year 2022 Preliminary Results
  17. Best Financial Innovations 2023
  18. Best Financial Innovations 2023
  19. Best Financial Innovations 2023
  20. World’s Best Digital Banks 2023—Round 2
  21. „City buying spree continues as London-listed Bank of Georgia swoops for Ameriabank“. The Evening Standard. 19 February 2024. ციტირების თარიღი: 19 February 2024.
  22. World’s Best Digital Banks 2023—Round 2
  23. World’s Best Digital Banks 2023—Round 2
  24. წლიური მოხსენება 2022, გვ. 37
  25. World’s Best Banks 2022: Central And Eastern Europe
  26. წლიური მოხსენება 2022, გვ. 37
  27. წლიური მოხსენება 2021, გვ. 99
  28. წლიური მოხსენება 2022, გვ. 155
  29. წლიური მოხსენება 2022, გვ. 92
  30. წლიური მოხსენება 2022, გვ. 90
  31. წლიური მოხსენება 2020, გვ. 123
  32. Disclaimer – forward looking statements
  33. წლიური მოხსენება 2022, გვ. 139
  34. მემორანდუმი საქართველოს ბანკთან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
  35. საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მთავარი პარტნიორია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]