შინაარსზე გადასვლა

საფეხვნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საფეხვნო, საფიხვნო (ხევსურეთი), საანჯმნო (თუშეთი), ერობა (ხევი), სანახშო (რაჭა) — მამაკაცთა თავშესაყრელად განკუთვნილი ნაგებობა ან ადგილი, საფეხვნოში მყოფთ ფეხონი ერქვა, ხოლო ერთად სხდომასა და ბაასს — ფეხნობა. საფეხვნოს ნაგებობა ხევსურეთში მხოლოდ შატილშია შემონახული. ეს არის ღია შენობა, რომელშიც დგას ქვის სკამები. საფეხვნო მთის თითქმის ყველა სოფელში იყო და მის ძირითად დანიშნულებას შეადგენდა მეზობლების შეხვედრა, სჯა-ბაასი, დასვენება-გართობა. აქ ზელდნენ ტყავს, გრეხდნენ თოკს, ამოასხამდნენ ქალამნებს, თლიდნენ თითისტარებს და ა. შ.

საფეხვნოში საუბარი იყო საგმირო საქმეებზე, მტერ-მოყვარეზე, ქცევის ნორმებზე, წეს-ჩვეულებებზე, აგვარებდნენ პატარ-პატარა სასოფლო საქმეებს (სათიბზე გასვლის ვადების განსაზღვრა, მწყემსობის რიგის დადგენა, დაზიანებული ხიდის შეკეთება და სხვა). უფრო მნიშვნელოვანი საქმეები წყდებოდა საგანგებოდ დადგენილ სოფლის საყრილობო ადგილებში, რომლის ფუნქცია და ორგანიზაცია საფეხვნოსგან განსხვავდებოდა.