სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა — პოლიტიკური ხასიათის მოძრაობა და ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი ალტერნატიული საშუალება. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არის პროტესტის გამოხატვის არაძალადობრივი ფორმა, როდესაც მოქალაქეთა ერთი ნაწილი ან მთელი მოსახლეობა არ ემორჩილება ხელისუფლებას, მოქმედ კანონმდებლობას (მათ შორის, გადასახადების გადახდას), ახდენს სხვადასხვა დაწესებულებისა ან უწყების მუშაობის პარალიზებას.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის იდეა მუშავდებოდა და გამოიყენებოდა ანტიკური დროიდან, იმ პერიოდში, როდესაც ეროვნული თუ საერთაშორისო საშუალებები არ არსებობდა. თუმცა XIX საუკუნემდე იგი აღიქმებოდა, როგორც კანონისადმი უბრალო დაუმორჩილებლობა. დღეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ოდნავ განსხვავებული კვალიფიკაცია მიენიჭა. კანონისადმი დაუმორჩილებლობა ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთის დროიდან აღვივებდა ფართო ინტერესს. დაუმორჩილებლობის დილემა აღწერილია მითოლოგიაში, ტრაგედიებსა და რელიგიურ მოძღვრებებში.

იურიდიული და პოლიტიკური თეორიების თვალსაზრისით, ეს საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული ბუნებითი სამართლის ფილოსოფიასთან. არისტოტელე, სოკრატე, წმინდა თომა აკვინელი და წმინდა ავგუსტინი ამართლებდნენ დაუმორჩილებლობას, თუკი დაწერილი კანონი არ შეესაბამებოდა ბუნებით სამართალს. ჯონ ლოკი აღიარებს დაუმორჩილებლობის შესაძლებლობას, თუკი სახელმწიფო არღვევს სოციალური კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. XIX საუკუნეში ჰენრი დევიდ ტორომ ერთ-ერთი ეპოქალური ნამუშევარი შექმნა დაუმორჩილებლობის დარგში და შემოიტანა ტერმინი „სამოქალაქო“. XX საუკუნეში დაუმორჩილებლობის იდეა ფართოვდება და აქტიურად ინერგება. მაჰათმა განდისა და მარტინ ლუთერ კინგის ნამუშევრებმა დიდი წვლილი შეიტანა იდეის განვითარებაში. გარდა ამისა, რამდენიმე სხვა გამოჩენილმა ფილოსოფოსმა, როგორებიც არიან ჯონ როულზი, რონალდ დვორკინი, ჰუგო ადამ ბედო და ჰანა არენდტი, წარმოადგინა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის იდეის მომხრეები ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, გარკვეული კვალიფიკაციით, შეიძლება ხელს უწყობდეს დემოკრატიულ პროცესებს, თუმცა ოპონენტები მისი უარყოფისას ძირითადად არგუმენტად ასახელებენ მასობრივი უკანონობის საშიშროებას. უკანასკნელი დროის მოვლენებმა სერბეთში, საქართველოში და მიმდინარე პროცესებმა უკრაინაში კიდევ უფრო ინტენსიური გახადა ეს დებატები პოლიტიკურ წრეებშიც. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა შეიძლება გამართლებული იყოს ყველანაირი პოლიტიკური წყობის პირობებში, თუ მას სისხლისღვრა არ მოჰყვება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აქტიური მოქალაქეობის სახელმძღვანელო, თბ., 2005