სალემის ჯადოქართა სამსჯავრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილუსტრაცია ჯადოქართა სამსჯავროდან

სალემის ჯადოქართა სამსჯავრო — სასამართლო პროცესები რომელიც მიმდინარეობდა 1692—1693 წლებში, რომელსაც შედეგად მოჰყვა მასაჩუსეტსის შტატის სოფელ სალემელთა გასამართლება და დასჯა. ჯადოქრობის ბრალდებით ჩამოახრჩეს 20 ადამიანი (14 ქალი და 6 მამაკაცი). 200-მდე დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. ხუთი ადამიანი ციხეში გარდაიცვალა.

სალემში 1692 წლის თებერვლიდან 1693 წლის მარტის ჩათვლით ჯადოქრობაში დადანაშაულებულთა სასამართლო პროცესები და გამოძიებები მიმდინარეობდა, რასაც სხვა სახის შედეგებთან ერთად 20 ადამიანის ჩამოხრჩობა მოჰყვა, რომელთა უმრავლესობა ქალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს სალემის კუდიანთა სამსჯავროს სახელით ვიცნობთ, ჯადოქრობის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს სხვა ქალაქის მაცხოვრებლებსაც. 1692 წელს სალემის მსგავსი სიტუაცია იყო მასაჩუსეტსის კოლონიის სხვა ქალაქებშიც: იფსვიჩში, ენდოვერსა და ქალაქ სალემში.

საბოლოო ჯამში, კუდიანობის ბრალდებით 19 ადამიანი ჩამოახრჩვეს და ერთი სიკვდილამდე აწამეს (იგი არ იყო ბრალდებული). დადანაშაულეულთა ერთი მესამედი ეკლესიის წევრი იყო. 50-მა ადამიანმა, რომელმაც აღიარა დანაშაული და სხვებიც დაასმინა, შეიწყალეს და ჩამოხრჩობის ნაცვლად პატიმრობაში დატოვეს. ციხეში 150 ზე მეტი ადამიანი იჯდა ხოლო ჯამში 200 ბრალდებული იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ციხეში არსებული სასტიკი პირობების გამო 5 ადამიანი გარდაიცვალა. ამერიკის ისტორიის ეს ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკია და უკავშირდება ერთდროულად ისტერიას, იზოლაციასა და რელიგიურ ექსტრიმიზმს. მრავალი ისტორიკოსი თვლის, რომ ჯადოქრებზე ნადირობამ დიდი გავლენა იქონია ამერიკის შემდგომ განვითარებაზე. აი რას წერს ჯორჯ ლინკოლნ ბური ამის შესახებ:

ვიკიციტატა
„უკვე არაერთხელ ითქვა, რომ სალემის კუდიანთა სამსჯავრო ის კლდეა, რომელზეც თეოკრატია დაიმსხვრა.“

სალემის ჩამოხრჩობების სერია პირველი არ ყოფილა არც ამერიკისა და არც ინგლისის ისტორიაში. წიგნში, „Memorial History of Boston: including suffolk country Masachusetts 1630—1880" წერია 1692 წლამდე ინგლისში ჩამოხრჩობილი 12 ადამიანის სახელი, ხოლო სალემში 24 ჩამოხრჩობილის. არსებობს ცოტა ადრეული ჩანაწერებიც გუდვინის ბავშვების შესახებ, რომლებსაც, როგორც დედა ამბობდა, კუდიანები აწამებდნენ. გოგონებმა დაადანაშაულეს ქალი სახელად გუდი ქლევერი, როგორც ადამიანი, რომელმაც ისინი დაწყევლა. გუდი ირლანდიელი იყო ამიტომაც მას ინგლისურად გამართულად ლაპარაკი არ შეეძლო. ხალხს მიაჩნდა, რომ თუ ადამიანი კუდიანი იყო, მაშინ იგი ვერ შეძლებდა ლოცვის გამეორებას. ბრალდებულმა გუდიმ ირლანდიული აქცენტის გამო ვერ შეძლო სიტყვასიტყვით გაემეორებინა ლოცვა და ისიც დამნაშავედ ცნეს. 1688 წლის 16 ნოემბერს იგი ჩამოახრჩეს.

ჯადოქრობაზე რწმენები არ იყო ახალი და სათავეს უძველესი დროიდან იღებდა. წარმართულ რელიგიაში ერთ-ერთი ღმერთი ნახევრად ადამიანი და ნახევრად თხა იყო. ქრისტიანებმა ღმერთის ამ გამოსახულებას ფრთები დაუმატეს და ამგვარად გამოსახეს სატანა. რა თქმა უნდა, სატანას მსახურებიც სჭირდებოდა. ხალხს სწამდა რომ ქალები ეშმაკს სულს ყიდდნენ მიწიური სიამოვნებებისა და სიმდიდრის სანაცვლოდ. ამგვარი ქალების სახელებს სატანა თავის რვეულში სისხლით წერდა და ისინიც სამუდამოდ მის მონებად რჩებოდნენ.

მსგავსი აზროვნება ევროპაში XV საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა და მოგვიანებით გავრცელდა ამერიკაში. ადამიანებს სჯეროდათ, რომ შელოცვით იზრდებოდა მცენარისა და ცხოველის ნაყოფიერება, შესაძლო იყო მომავლის ჩვენება და მტრების სათანადოდ დასჯა. 1560—1670-იან წლებში თეთრი მაგია შავად გარდაიქმნა და ადამიანებმა ჯადოქრობაში ეშმაკის ხელი დაინახეს. ჟოზეფ გლანვილი თავის წიგნში წერდა, რომ მას შეეძლო დაემტკიცებინა დემონის არსებობა. იგი იმასაც ამბობდა, რომ ეშმაკის და ეგზორციზმის უარყოფა ანგელოზებისა და ღმერთის უარყოფასაც ნიშნავდა. განვილისა და კოტონ მაზერის ნამუშევრები ადამიანებს უნერგავდა რწმენას ეშმაკის დედამიწაზე არსებობის შესახებ და მუდმივ შიშში აცხოვრებდა მათ.

რელიგიური კონტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1490 წელს ევროპაში მასიური ღონისძიებები დაიწყო წარმართთა გასანადგურებლად. 100 წლის მანძილზე 50 000 ადამიანი დაწვეს და ჩამოახრჩეს წარმართობის ბრალდებით, ხოლო ედინბურგის უნივერსიტეტის არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, მხოლოდ შოტლანდიაში 1563 წლიდან 1736 წლამდე კუდიანობაში დაადანაშაულეს 3837 კაცი. აქედან მხოლოდ 305-ის განაჩენია ცნობილი, მათგან 205 სიკვდილით დასაჯეს, 52 გაამართლეს, 27 გადაასახლეს, 11 ქვეყნიდან გააძევეს და ექვსი ეკლესიიდან განკვეთეს, 98 კი გაიქცა. ბრალდებულთა 85% ქალია.[1] მაგრამ 1600-იან წლებში ყოველივე ამას ბოლო მოეღო. ამ ფაქტმა ყველა კმაყოფილი არ დატოვა. ამასთანავე კალვინიზმის ზეგავლენით პურიტანებმა ინგლისის პროტესტანტული ეკლესიის მრავალი დეტალი გადმოიღეს. მაგალითად, ლოცვის დროს წიგნის გამოყენება, ნათლობის დროს წმინდა ჯვრის გამოყენება, ლოცვის დროს დაჩოქება. მეფე ჩარლზ პირველი ყოველივე მსგავსის მიმართ მტრულად იყო განწყობილი და ანგლიკანური ეკლესიაც ამ შეხედულებების აღმოფხვრას ცდილობდა. პურიტანებს ახალი სახლის ძიება მოუწიათ და მიაკვლიეს კიდეც მას ჩრდილოეთ ამერიკაში. ემიგრანტებმა დააარსეს რამდენიმე კოლონია, რომელთაგან მასაჩუსეტსი იყო უდიდესი და ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი. მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას თავიდანვე ცდილობდნენ, რამდენადაც მათ მთავარ მიზანს რელიგიური, მარტივად სამართავი საზოგადოების ჩამოყალიბება წარმოადგენდა. სოფელში ლიდერი აირჩეოდა პურიტანების მიერ და სოფლის წარჩინებულ საზოგადოებასაც ეკლესიის აქტიური წევრები წარმოადგენდნენ.

1640-იან წლებში ინგლისში სამოქალაქო ომი გაიმართა, რის შემდგომაც გამარჯვება პურიტანების მიერ მართულმა პარლამენტმა მოიპოვა. ჩარლზ პირველი 1649 წელს ჩამოახრჩეს. პარლამენტის მმართველად დაინიშნა ოლივერ კრომველი, მაგრამ მისი მემკვიდრის, რიჩარდ კრომველის წარუმატებლობამ ძველი სისტემა დააბრუნა ჩარლზ მეორის მმართველობით. ამის გამო ახალ ინგლისსში (ასე უწოდებდნენ მასაჩუსეტსის კოლონიას) მიგრაცია ნელ-ნელა შენელდა და მალე კოლონიაში ძლიერი სავაჭრო კლასი ჩამოყალიბდა, ნაკლებ რელიგიური იდეოლოგიით.

ისტორიული კონტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერ უილიამ ფიფსი (1651-1695).

მასაჩუსეტსის კოლონიის სამეფო პარტია 1629 წელს განთავისუფლდა, რის შემდეგაც მეფე ჯეიმზ მეორემ ედმუნდ ანდროსი დანიშნა კოლონიის გუბერნატორად. ანდროსი 1689 წელს დიდი რევოლუციის შემდეგ გამოაძევეს , როდესაც კათოლიკე ჯეიმზ II, პროტესტანტმა მმართველებმა, უილიამმა და მერიმ ჩაანაცვლეს. სიმონ ბრადსტრიტი და ტომას დანფორდი, კოლონიის უკანასკნელი ლიდერები ძველი პარტიის პერიოდში, კვლავ დაუბრუნდნენ თავიანთ ყოფილ, გუბერნატორის თანამდებობებს, მაგრამ ამჯერად შეზღუდული უფლებამოსილებით. მათი დაბრუნება კი ძველი პარტიის ხელმეორედ არჩევის წყალობით მოხდა. ამავდროულად დაძაბულობა წარმოიშვა ინგლისურ ისთვარდის დასახლებასა და ვაბანაკელ ინდიელებს შორის , რომელთაც მხარს საფრანგეთი უჭერდა. ეს დაპირისპირება მეფე უილიამის ომის სახელითაა ცნობილი. 1690 წელს უილიამ ფიფსმა წარუმატებელი თავდასხმა განაორციელა ფრანგების მიერ მართულ კვებეკზე. 1689-1692 წლებში მკვიდრი ამერიკელები განაგრძობდნენ თავდასხმებს ინგლისელებზე, რასაც საბოლოო ჯამში მრავალი დასახლების დაცლა და ლტოლვილების ზღვა მოჰყვა. მასაჩუსეტსის ახალმა პარტიამ ინგლისისგან საბოლოო ლეგიტიმაცია 1691 წლის 16 ოქტომბერს მიიღო. ფიფსის ახალ გუბერნატორად დანიშვნის ამბავმა მალე ბოსტონამდეც მიაღწია. თავად ფიფსი ბოსტონს 14 მაისს ესტუმრა და 2 დღეში ლუთერან ვილიამ სტოგქტონთან ერთად გუბერნატორად დაინიშნა. ახალი გუბერნატორის მიერ პირველი ბრძანება 1692 წლის 27 მაისს გაიცა და იგი ეხებოდა ქვეყანაში მშვიდობის დამყარების მიზნით ახალი შერიფების, კომისიის დანიშვნასა და სპეციალური ოიერისა და ტერმინერის სასამართლის შექმნას ციხეში გამოკეტილთა დროულად დასასჯელად. პოლ ბოიერი და სტეფან ნისენბაუმი თვლიდნენ რომ რეალურად კოლონიას არ ჰყავდა ლეგიტიმური ხელისუფალი, რათა სხვადასხვა სასამართლო პროცესები ეწარმოებინა, მანამ სანამ ფიფსი არ ჩამოვიდა ახალი პარტიით. ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა დევიდ კონინგი, რომელიც ამბობდა, რომ კოლონია პარტიებიდან პირატების ჯგუფის განდევნას ცდილობდა მათ მიერ 1689 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ჩადენილი პირატული დანაშაულებებისა და მკვლელობების გამო.

კუდიანთა შემოსევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი მოვლენები ადგილობრივი პასტორის მამა სამუელ პარისის ოჯახში გოგონების დაავადებით დაიწყო 1692 წლის იანვარ-თებევრალში. ბოლო სასამართლო კი 1693 წლის მაისში გაიმართა, სასამართლო პროცესებში ჩართულნი იყვნენ არა მხოლოდ უშუალოდ ბრალდებულები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც.

სოფელ სალემში 1692 წლის ზამთარში 9 წლის ელიზაბეტ პარისსა და მის ბიძაშვილ 11 წლის აბიგეილ უილიამსს ისტერიკული შეტევები დაემართათ (ან დაიმართეს). ისინი ვეღარ იმორჩილებდნენ სხეულს და გიჟებივით ყვიროდნენ. ეს მას შემდეგ დაემართათ, რაც შავკანიანი მონა ქალისგან — ტიტუბასგან ძველი თქმულებები, იგივე ზღაპრები მოისმინეს. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, აბიგაილი მათ თვალწინ ბუხრიდან მუგუზლებს ისროდა, ოთახში დარბოდა, შემდეგ ბუხარში შევიდა და საკვამურში შეძვრომა მოინდომა. რეალურად, გოგონების უცნაურ ქმედებას რამდენიმე მიზეზი შეიძლებოდა ჰქონოდა: პირველი- მეჩვიდმეტე საუკუნეში ბავშვებს განსაკუთრებული სიმკაცრით ზრდიდნენ. მუსიკა, ცეკვა და ტრადიციული დღესასწაულები იკრძალებოდა. ერთადერთი ტიპის მუსიკა, რომელიც ნებადართული იყო, ეს იყო ფოლკლორული მუსიკა. ასევე აკრძალული იყო სათამაშოები, განსაკუთრებით კი თოჯინები და თამაში დროის უქმად კარგვად ითვლებოდა. ახალგაზრდებს ზედმეტად აშინებდნენ სატანით და უფლის მსახურებას სთხოვდნენ დაბადებიდანვე. ამგვარ აღზრდას კი შეეძლო მათი ფსიქიკა დაეზიანებინა და გაგიჟებამდე მიეყვანა ისინი. თანაც ეს გოგოები ერთადერთნი არ ყოფილან, მსგავსი რამ ხშირი იყო ამერიკასა და ინგლისში. მეორე - შესაძლოა, ისინი მოეწამლათ რასაც შააძლო ნერვული აშლილობა და ჰალუცინაციები გამოეწვია. არსებობდა სპეციალური ხორბალი, რომლის შემცველი პურის ჭამაც ჰალუციანაციებს მართებდა ადამაინს, მაგრამ ეს ვერსია საეჭვოა, რადგან ასეთ შემთხვევაში ზოგიერთი უნდა გარდაცვლილიყო, თანაც სიმპტომები წამოვლითი ხასიათის იყო. მესამე- სიმპტომები ჩნდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც გოგონები ხალხის გარემოცვაში იმყოფებოდნენ, ამიტომ, სავარაუდოა, რომ ისინი სრულებითაც არ იტანჯებოდნენ ზებუნებრივი ძალების მოქმედებით, არამედ უბრალოდ იტყუებოდნენ. ასევე იქცეოდა ელიზაბეტიც. მათ მიბაძა ათობით თანასოფლელმა პატარა გოგონამ. ყველაფერს მასობრივი ელფერი მიეცა.

1675 წელს ფარმოს მეისში 3 წლის გოგო მერსი ლუისი ცხოვრობდა. მის სახლს გაბანაკელები დაესხნენ თავს , 23 ქალი და ბავშვი დაიჭირეს და 11 კაცი მოკლეს , რომელთა შორის უმრავლესობა მერსის ნათესავები იყვნენ. გადარჩენილი მერსი ლუისი 18 წლის ასაკში ფატნამების ოჯახში მოსამსახურედ მუშაობდა და მომხდარზე განსაკუთრებული დიდი სისასტიკით ყვებოდა. მის გარეშეც, ხალხი ინდიელებს სატანის მოციქულებთან და ბოროტებასთან აიგივებდა, მისმა ნაამბობმა კი კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია. 1692 წლის იანვარში ინდიელთა შემოსევები განახლდა. ამ ამბის გაგებისთანავე მერსი ლუისს სხვა გოგონების მსგავსი შემოტევები დაეწყო. მას მალევე მოჰყვებიან სხვა ქალებიც ოჯახში: ფატნამების 12 წლის ქალიშვილი, 30 წლის დედა და 17 წლის ნათესავი მერი. მსგავსი რამ ემართებათ სხვა სახლებში მაცხოვრებელ ქალებსაც. ქალაქი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ ძალზე პატარა იყო და ყველა იცნობდა ერთმანეთს, ამიტომაც მათ, ყველამ ტიტუბა დაადანაშაულეს მომხდარში. თუ აქამდე ორი არასრულწლოვანი გოგოს სიტყვები არ იყო საკმარისი მის გასასამართლებლად, ახლა უკვე ხელთ ჰქონდათ რამდენიმე ზრდასრული ქალის ჩვენება.

მარტი — 7 ადამიანი იმავე სიმპტომებით ამტკიცებს რომ მოჯადოებულები არიან. საბოლოო ჯამში „სატანიზმით შეპყრობილ“ გოგონათა რიცხვმა 20-ს მიაღწია (ელიზაბეტისა და აბიგაელის გარდა), ზოგიერთის სახელი კი ისტორიასაც შემორჩა. ესენი იყვნენ: ელიზაბეტ ჰაბარდი, მერი უოლკოტი, მერი უორენი, მერი ლიუისი, სიუზენ შელდონი, ელიზაბეტ ბუტი, სარა ჩერჩილი, სარა ტრესკი, მარგარეტ რედინგტონი, ფაბი ჩანდლერი, მარტა სპრეინგი. გოგონებს რომ ვერაფერი უშველეს, ვერც სასულიერო და ვერც საერო პირებმა განტევების ვაცის საპოვნელად მითოსს მიაშურეს და ყველაფერი ეშმაკს გადააბრალეს. ასე დაიწყო სალემის ჯადოქართა სასამართლო პროცესი.

სალემის ჯადოქართა სამსჯავრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოტონ მაზერი

პირველად ბრიჯიტ ბიშოპის სასამართლო იყო. 12 წლის წინ 50 წლის ასაკში იგი ერთხელ უკვე იყო დადანაშაულებული ჯადოქრობაში, მაგრამ მაშინ გაამართლეს. ამ შემთხვევაში სასამართლოს წესები უკვე სხვა იყო და მას აღარავინ გაამართლებდა. 32 წლის ჯობ ლაურებნმა, ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ წლების წინ ღამით მან თავის ოთახში ნახა ბრიჯიტის მოჩვენება, რომელიც მის მუცელზე იჯდა. სწორედ ამ დროს სასამართლოს დარბაზში კივილით წამოხტა გოგონა, რომელსაც ხელში ნემსები ჰქონდა ჩარჭობილი, მთელი დარბაზი პანიკამ მოიცვა. სხვა ქალებიც იძახდნენ, რომ ნემსებს გრძნობდნენ ხელებში და ისე იქცეოდნენ, თითქოსდა მართლაც ვინმეს ნემსები ჩაერჭოთ მათთვის, მაშინ როცა რეალურად მათ არაფერი სჭირდათ. შესაძლოა, პირველს გოგოს ვინმემ ჩაურჭო ნემსები, ან სულაც თავადვე ჩაირჭო, ხოლო რაც შეეხება დანარჩენებს, მათი საქციელი იმ დროისთვის ზებუნებრივი და ამოუცნობი იყო, დღეისათვის კი მედიცინა ამ დაავადებას პაიფეკონდრიას უწოდებს. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანები იქცევიან ისე, როგორც მათ გარშემო მყოფი ნებისმიერი სხვა იქცევა. ბრიჯიტი დამნაშავედ ცნეს და პირველი სასიკვდილო განაჩენიც გამოიტანეს.

თავისთავად საინტერესოა ტიტუბას გასამართლება. მოსმენაზე ტიტუბას აბრალებდნენ, რომ იგი იყო ეშმაკთან შეკრული. თავდაპირველად იგი უარყოფდა ბრალდებას, ბოლოს კი მან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა:

ვიკიციტატა
„ღამით ვნახე ადამიანის მსგავსი არსება , რომელმაც მითხრა რომ მისთვის უნდა მემსახურა, მე მას უარი ვუთხარი, მაგრამ იგი დამემუქრა. იგი იყო მაღალი შავთმიანი მამაკაცი შავ სამოსში. შემდეგში იგი გამომეცხადა ნისლისა და დიდი ძაღლის სახით. მე ასევე ვნახე ყვითელი ჩიტი რომელიც სისხლს იღებდა სხვა კუდიანთა თითებიდან.“

ტიტუბა მთელი ცხოვრება მონა იყო, ამიტომ ადვილი იქნებოდა მისი მოსყიდვა და მსგავსი აღიარების მიღება. აღიარების დამკვეთმა კი შედეგს მიაღწია ხალხში პანიკა ატყდა. მეტი ქაოსი გამოიწვია ბრალდებულის მიერ კიდევ 4 ჯადოქრის დასახელებამ, ესენი იყვნენ: სარა ოსბორნი, სარა გუდი და კიდევ ორი ქალი რომელსაც ტიტუბა არ იცნობდა. მან ისიც დაამატა, რომ დემონის წიგნში სხვა ხელნაწერებიც ნახა, ყოველივე ეს კი ნიშნავდა, რომ ჯადოქრებზე ნადირობა იწყებოდა. ეს პროცესი მხოლოდ გამოკვლევა იყო იმის დასადგენად, იყო თუ არა ბრალდებული დამნაშავე, ამიტომ მისი სიკვდილით დასჯის ვერდიქტს ვერ გამოიტანდნენ. სამაგიეროდ ტიტუბა სარა გუდთან და სარა ობორნთან ერთად დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. ტიტუბა მსხვერპლი გახდა თავისი განსხვავებული წარმომავლობის გამო. მას ბრალი დასდეს, რომ გოგოებს უყვებოდა ზღაპრებს ჯადოქრობაზე. ამ ამბებმა, სექსუალურ კავშირზე დემონთან, კაცის გონების დახშობასა და მომავლის წინასწარმეტყველებაზე გოგოების წარმოსახვის უნარი უფრო გააძლიერა და ტიტუბა ნამდვილ დამნაშავედ აქცია.

სარა გუდი უსახლკარო მათხოვარი იყო, რომელიც თავშესაფარსა და საჭმელს მეზობლებთან ეძებდა. იგი რეალურად დადანაშაულებული იქნა ცუდი რეპუტაციის გამო. სასამართლო პროცესზე იგი დაადანაშაულეს პურიტანული იდეების უარყოფის გამო. სარა ოსბორნი იშვიათად დადიოდა ეკლესიაში.იგი დაადანაშაულეს ჯადოქრობაში, რადგან ეკლესიის წევრები თვლიდნენ, რომ მას პირადი მოტივები ჰქონდა, როცა ხელმეორედ საკუთარ მსახურზე დაქორწინება გადაწყვიტა. მოქალაქეები ასევე ადანაშაულებდნენ, რომ იგი თავისი პირველი ქმრისგან შეძენილ ვაჟს სათანადოდ ვერ აკონტროლებდა.

სალემელი კუდიანების საქმე. სასამართლო პროცესი. 1692 წელი (XIX საუკუნის ლითოგრაფია).

მოცემული პროცესის ყველაზე ცნობილი მსხვერპლი კი მღვდელი ჯორჯ ბეროუზია. ამ ადამიანის სასამართლოს პროცესზე ყველაზე მეტი ჩანაწერი გაკეთდა. იგი სალემში 1680—1682 წლებში მსახურობდა. მას კონფლიქტი ჰქონდა პანტამების ოჯახთან. ეს ოჯახი მღვდელს ათასგვარ ჭორს უვრცელებდა. 1692 წელს ენ პანტამმა ბეროუზს ბრალი დასდო ბოროტ სულებთან კავშირში. მას სხვებიც შეუერთდნენ. მერი ლიუისი აცხადებდა, რომ ბეროუზი კაბინეტში ეშმაკის წიგნს ინახავდა. აბიგაილ პარისმა კი განაცხადა, რომ ბეროუზმა მას სახლში თოჯინა მოუტანა და ნემსების შერჭობა უბრძანა. ბეროუზის სასამართლო პროცესმა დიდი ვენბათაღელვა გამოიწვია. სასამართლოს ესწრებოდნენ მთელი მასაჩუსეტსის კოლონიიდან ჩამოსული ადამიანები, პანტამების ოჯახი კი წინა რიგში იდგა. მერსი ლუისმა პირველმა თქვა, რომ ბეროუზის აჩრდილი ნახა, რომელიც მას აიძულებდა საკუთარი სახელი ჩაეწერა სატანის წიგნში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით ემუქრებოდა. ბეროუზი დამნაშავედ კიდევ 7-მა ადამიანმა დაასახელა. ჯორჯმა არა მხოლოდ უარყო თავისი დანაშაული, არამედ შეეცადა ემხილებინა პატნამების ნამდვილი განზრახვა და ხალხი დაერწმუნებინა, რომ არავითარი ჯადოქრობა არ არსებობდა. ყოველივე მისი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. მამა ბეროუზი ბრალდებებს სიცოცხლის ბოლომდე უარყოფდა და იგი სიკვდილით დასაჯეს. საინტერესოა ჩამოხრჩობის ცერემონიაც. 19 აგვისტოს ჯორჯის ჩამოხრჩობის დღეს მინისტრმა კოტონ მაზერმა ბოსტონიდან გრძელი გზა გამოიარა, რათა მის ჩამოხრჩობას დასწრებოდა.როდესაც ბეროუზს ყელზე თოკი მოაბეს მან ლოცვის კითხვა დაიწყო. ხალხს როგორც უკვე ვთქვით სწამდა, რომ ჯადოქრები ლოცვას ვერ ამბობდნენ. ამან დიდი არეულობა წარმოშვა, დამსწრეები ჯორჯის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მაგრამ, სწორედ ამ დროს კოტონმა ხალხს მიმართა სიტყვით და უთხრა რომ, ბეროუზი არ იყო ჩვეულებრივი კუდიანი, იგი იყო პირველი ეშმაკის მოციქულთა შორის და სწორედ ამიტომ შეეძლო მას ლოცვის წარმოთქმა. კოტონის ამ სიტყვებმა, რა თქმა უნდა, დაამშვდა ბრბო და ბეროუზიც ჩამოახრჩეს.

ყოველი დადანაშაულებული ქალი რაღაცით გამოირჩეოდა საზოგადოებისგან. თავდაპირველად ისინი დაკავებულები იყვნენ რამდენიმე დღის მანძილზე ხოლო 1692 წლის პირველი მაისიდან მათი ციხეში გადაგზავნა დაიწყო. მარტში კიდევ მრავალი ქალი დააკავეს კუდიანობის ბრალდებით. პრობლემას წარმოადგენდა მარტა კორეისა და რებეკა ნარსის დაკავება, რადგან ისინი სოფლის ეკლესიის სრულფასოვანი წევრები იყვნენ და თუ მათ შეეძლოთ ეშმაკისთვის მიეყიდათ სული, მაშინ ყველა შეძლებდა ამას.

პროცესის საინტერესო თავისებურებაა ისიც, რომ სჯიდნენ მხოლოდ მას, ვინც არ აღიარებდა დანაშაულს და არ დაადანაშაულებდა სხვებს, ხოლო მათ ვინც აღიარებაზე და სხვების მხილებაზე დათანხმდებოდა სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ (მაგრამ არ ათავისუფლებდნენ).

ციხეში დიდი ფული კეთდებოდა, იმისთვის რომ შენთვის ეჭმიათ და არ ეცემე ფული უნდა გადაგეხადა. ფულის უმრავლესობა კი მაგისტრის ბიძაშვილთან, შერიფ ჯორჯ კორვინთან მიდიოდა. სავარაუდოა, რომ შერიფის ამ საქციელს მაგისტრები ვერ ხვდებოდნენ, ან თვალს ხუჭავდნენ, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ისინი თავად გეგმავდნენ ყოველივე ამას. კორვინი ყველაფერ ამას არ სჯერდებოდა და დაკავებულთა სახლებსაც ძარცვავდა, მიჰქონდა ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა. ადამიანის დაკავების შემდეგ ბრალდებული ხდებოდა მთელი მისი ოჯახი. დოროთი გუდი — სარა გუდის 4 წლის ქალიშვილი ასევე დააკავეს. პატარა ბავშვი დაკითხვისას აიძულეს დედის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. მალე დედა-შვილი ციხეში აღმოჩნდა. გოგონამ ვერ გაუძლო ციხის მძიმე პირობებს და მალე ჭკუიდან შეიშალა.

სასამართლო სისტემა და პროცესის სამართლებრივი თავისებურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული პროცესი ოიერისა და ტერმინერის სასამართლომ განიხილა. სასამართლოს ამ ტიპს წარმოშობის საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს, სახელდობრ საილემში იგი 1692 წლის 2 ივნისს ჩამოყალიბდა. ეს სასამართლო სტანდარტული სტილის სულაც არ იყო, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ბრალდებულს დამცველის აყვანის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და მათ თავად უნდა დაეცვათ თავი, თუ ამის საშუალებას მისცემდნენ. ამავდროულად ბრალდების მეთოდიც არასტანდარტული იყო.

სპექტრული მტკიცებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრალდებულთა წინააღმდეგ წარდგენილ მტკიცებულებათა უმრავლესობა სპექტრული ხასიათის იყო ან იყო დაზარალებულის ჩვენება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნახა მოჩვენება ან ადამიანის გამოსახულება, რომელიც მას ზიანს აყენებდა. თეოლოგიური დავა, რომელიც შეიქმნა ამგვარი მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს იმას რომ პირმა თავისი ნებით უნდა ჩააბაროს თავისი სხეული ეშმაკს შემდგმოში სხვების დასაზიანებლად, ანუ ამ პირის შეკვრას ეშმაკთან. ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ეშმაკს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ფორმა ან სხეული ადამიანების დაჩაგვრის მიზნით, მაგრამ სასამართლო ამტკიცებდა, რომ ეშმაკი ვერ გამოიყენებს ადამიანის სხეულს მისი ნებართვის გარეშე; შესაბამისად, როდესაც დაზარალებულ ამტკიცებდა, რომ მან ნახა კონკრეტული პირის მოჩვენება, ეს მიიღებოდა როგორც საფუძვლიანი მტკიცებულება ბრლდებულის წინააღმდეგ რომ ის იყო შეკრული ეშმაკთან. მაზერმა და სხვა მინისტრებმა წერილი გაუგზავნეს სასამართლოს და მოუწოდეს სასამართლო მოხელეებს არ გამოაცხადონ დამნაშავედ ბრალდებული სპექტრული მტკიცებულებების საფუძველზე დამოუკიდებლად (მოგვიანებით სპექტრული ანუ მოჩვენებითი ჩვენებები გამოცხადდა არაკანონიერად და უსაფუძვლოდ, რამაც გამოიწვია მსრჯავდებების მკვეთრი შემცირება და შესაძლოა, დააჩქარა კიდეც სასამართო მსვლელობები). სწორედ სპექტრული ჩვენების პრეცედენტის დაშვებით იქნა წარმოებული სალემის კუდიანთა სასამართლო პროცესი.

სხვა სახის მტკიცებულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა სახის მტკიცებულება მოიცავდა ბრალდებულის აღიარებას; ჩვენება კუდიანის მიერ, რომელიც აღიარებს თავის ვინაობას და ააშკარავებს სხვა კუდიანებსაც. პოპიტების, ქირომანტიისა და ჰოროსკოპის წიგნების ან მალამოებით სავსე ქვაბების აღმოჩენა ბრალდებულის სახლსა თუ სხვა სამფლობელოში ისევე, როგორც კუდიანის დავრილი მტკიცებულებად ითვლებოდა. კუდიანის დავრილი იყო ლაქა ან ნაკლი სხეულის რომელიმე ნაწილზე, რომლის ადგილასაც პიროვნებას დაკარგული ჰქონდა მგრძნობელობა. ასეთი ლაქებისა და იარების აღმოჩენა უტყუარ მტკიცებად ითვლებოდა კუდიანობისა და ჯადოქრობის.

1692 წელს სხვადასხვა კომენტარი და მოსაზრებები გამოქვეყნდა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. დეოდატ ლოუსონი, სალემის ყოფილი მინისტრი ეწვია სოფელს 1692 წლის მარტსა და აპრილში. მოგვიანებით, ამავე წელს, მან გამოაქვეყნა აღწერა იმისა, თუ რა ნახა და მოისმინა დასათაურებული, როგორც „ შეჯამება და ნამდვილი მოთხრობა საინტერესო ფაქტებზე დაკავშირებული დაზარალებულებთან, რომლებიც გახდნენ კუდიანების მსხვერპლნი, რომელიც მიმდინარეობდა 1692 წლის 19 მარტიდან 5 აპრილამდე“.

უწმინდესმა უილიამ მილბორნმა, ბაპტისტმა მინისტრმა ბოსტონში, საჯარო განცხადებით მიმართა გენერალურ ასამბლეას ივნისის დასაწყისში, 1692 წელს, სასამართლოს მიერ სპექტრული მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებით. მან ეჭვქვეშ დააყენა სპექტრული ჩვენების უტყუარობა. ამგვარმა განცხადებამ გამოიწვია ის, რომ მიბორნს უნდა გადაეხადა £ 200 (£ 27.319 დღეს), წინააღმედგ შემთხვევაში, მას დააპატიმრებდნენ ამგვარი სკანდალური ჩანაწერების გამოქვეყნებისთვის. 1692 წლის 15 ივნისს 12 ადგილობრივმა მინისტრებმა — მათ შორის სამუელ ვილარდმა და კოტონ მაზერმა წარუდგინეს „რამდენიმე მინისტრის დაბურნება“ საკრებულოსა და გამგებლობას ბოსტონში, რომელშიც ისინი აფრთხილებდნენ სასამართლოს ბოლომდე არ დაეყრდნონ სპექტრულ ჩვენებებს

შუალედში 1692 წელს, მესამე ტაძრის მინისტრმა ბოსტონში, სამუელ ვილარდმა, ანონიმურად გამოაქვეყნა მოკლე ტრაქტატი ფილადელფიაში სათაურით: „რამდენიმე გამოკვლევის კრებული ახლანდელი დებატების შესახებ კუდიანების პატივისცემასთან დაკავშირებით“ დიალოგში ს და ბ - ს „შორის“ ავტორები იყვნენ ჩამოთვლილნი როგორც „პ.ი. და ჯ.ა.“ (ფილიპ ინგლიში და ჯონ ალდენი), მაგრამ მთლიანი ნამუშევარი მიწერილი არის ვილარდის სახელზე. ამ ნაშრომში ს (სალემი) და ბ (ბოსტონი) განიხილავენ როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ბოსტონი დგას იმ პოზიციაზე რომ მათ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ დაზარალებულებისა და მოძღვარებისგან ჩვენების აღებისას:

ვიკიციტატა
„რაც არ უნდა იყოს ისინი ჯადოქრობის მსხვერპლი არიან. საკმაოდ სახიფათოა მათი ჩვენების გამოყენება ან ნდობა ამ შემთხვევაში.“

კრიტიკა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროცესის დასრულების შემდეგ რამდენიმე მოწმემ და ბრალმდებელმა აღიარა, რომ ცრუობდა. აი რას ამბობს ენ პანტამი პროცესის დასრულებიდან 19 წლის შემდეგ:

ვიკიციტატა
„მე მსურს მუხლებზე დავემხო და უფალს და ყველა იმ ადამიანს შენდობა ვთხოვო, ვისაც ასე ვაწყენინე და ვინც ასე გავამწარე და მათ, ვისი ნათესავებიც დაზარალდნენ.“

1692-1694 წლებში გამართულ სალემის პროცესს ბევრი მომიმხილველი გამოუჩნდა. მათ შორისაა თომას ბრეტლი ბოსოტნიდან:

ვიკიციტატა
„კუდიანების შეკრებები, ეშმაკის ნათლობა და წმინდა საიდუმლოებების დაცინვა სხვა არაფერია, თუ არა მათი ეშმაკისგან შერყვნილი წარმოსახვის ნაყოფი და არა რეალობა, რომელიც უნდა გვჯეროდეს და გაითვალისწინოს თითოეულმა საღად მოაზროვნე ადამიანმა.“

მოსამართლეემა თავის მართლება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. პროცესს ისეთი რეზონანსი მოჰყვა, რომ დაპატიმრებულნი მალე გაათავისუფლეს, მოსამართლეებმა კი საჯაროდ მოიხადეს ბოდიში. 1709 წელს აღნიშნულ პროცესისას დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს კომპენსაცია დაუნიშნეს 600 გირვანქა სტერლინგის ოდენობით, მაგრამ ეს პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ლაქად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, კუდიანების დევნა. - N 17, გვ. 49, 2012