რომან მახარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომან მახარაძე

რომან მახარაძე, 1958 წ.
სრული სახელი რომან კაპიტოს ძე მახარაძე
დაიბადა 15 სექტემბერი, 1929
დაბადების ადგილი სამება
გარდაიცვალა 22 დეკემბერი, 1998
ეროვნება ქართველი
სფერო მხატვრობა
მიმდინარეობა ფერწერა, გრაფიკა, წიგნის ილუსტრაცია, კინოს მხატვრობა, შრიფტი, ორნამენტი.

რომან მახარაძე (დ. 15 სექტემბერი, 1929, ჩოხატაურის რაიონი, სოფელ სამება — გ. 22 დეკემბერი, 1998) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, კინოს მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომან მახარაძე დაიბადა 1929 წლის 15 სექტემბერს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში, კაპიტო მახარაძისა და პისტი ქურიძის მრავალშვილიან ოჯახში, სადაც 3 ვაჟი და 4 ქალი იზრდებოდა. უფროსი მათ შორის ოფელია პროფესიით ეკონომისტი, წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის წიგნის ფაბრიკაში; მომდევნო, ვაჟა, 1941 წელს წავიდა სამამულო ომში, საიდანაც აღარ დაბრუნებულა; ქალიშვილი ელენე თბილისის ბავშვთა ინტერნატში მსახურობდა ექთნად; ვალიდა – პროფესიით ფილოლოგი, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი იყო; ნაზი – ახალაზრდა ასაკში გარდაიცვალა; უმცროსი ვაჟი – რევაზი, გეოფიზიკის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი იყო.

1949 წელს რომან მახარაძე ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, სადაც ასწავლიდნენ ცნობილი პედაგოგები: მოსე თოიძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, კორნელი სანაძე. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პეიზაჟის კლასი. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო „საბავშვო ბაღი“ (ხელმძღვანელი კორნელი სანაძე). 1955 წელს დაოჯახდა. მეუღლე – ელენე ნებიერიძე, პროფესიით ფილოლოგი, წლების განმავლობაში მუშაობდა მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში განყოფილების გამგედ. 1957 წელს შეეძინათ პირმშო – გიორგი, 1960 წელს – ირაკლი, ხოლო 1963 წელს – ზაზა. გიორგი პროფესიით ფიზიკოსია, ირაკლი — ამჟამად აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, განათლებით არქიტექტორი, ზაზა კი — სამთო სპეციალისტი.

1958–66 წლებში რომან მახარაძე მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ მხატვრად. გააფორმა ხუთი მხატვრული ფილმი. 1966—68 წლებში საქართველოს ტელესტუდიის დამდგმელი მხატვარია. 1967 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. 1968–78 წლებში გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ უფროსი მხატვრული რედაქტორია, 1978—82 წლებში — გამომცემლობა „ხელოვნების“ უფროსი მხატვრული რედაქტორი, 1982 წლიდან გარდაცვალებამდე კი მუშაობდა ქართულ ენციკლოპედიაში უფროს მხატვრულ რედაქტორად. გაფორმებული აქვს ათეულობით წიგნი, რომელთაგან რამდენიმე აღინიშნა ჯილდოებით.

წარმატებული იყო რომან მახარაძის პერსონალური გამოფენა, რომელიც თბილისში 1985 წელს, ქართული ენციკლოპედიის გამომცემლობის შენობაში გაიმართა. გამოფენამ თავისებურად შეაჯამა რომან მახარაძის შემოქმედება როგორც ფერწერის, ისე წიგნის გრაფიკის დარგში. აღსანიშნავია მისი მონაწილეობა აკვარელის გამოფენაზე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

რომან მახარაძის ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, რამდენიმე სურათი მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის პირადი საკუთრებაა, ასევე ბევრია წარმოდგენილი კერძო კოლექციებში.

რომან მახარაძე გარდაიცვალა 1998 წლის 22 დეკემბერს 69 წლის ასაკში ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რომან მახარაძე, გამომცემლობა „იოანე ნათლისმცემლის სავანე, ჩაკიდული თხემები“, 2014 წელი.