რებეკა ლატიმერ ფელტონი
რებეკა ლატიმერ ფელტონი Rebecca Latimer Felton | |
აშშ-ის სენატორი ჯორჯიის შტატიდან | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 ნოემბერი, 1922 – 22 ნოემბერი, 1922 | |
წინამორბედი | ტომას ედვარდ უოტსონი |
მემკვიდრე | უოლტერ ფრანკლინ ჯორჯი |
დაბადებული | 10 ივნისი, 1835 დეკეიტერი, ჯორჯია, აშშ |
გარდაცვლილი | 24 იანვარი, 1930 ატლანტა, ჯორჯია, აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | უილიამ ჰარელ ფელტონი |
განათლება | მედისონის ქალთა კოლეჯი |
რებეკა ენ ლატიმერ ფელტონი (ინგლ. Rebecca Ann Latimer Felton; დ. 10 ივნისი 1835, დეკეიტერი, აშშ — გ. 24 იანვარი 1930, ატლანტა, ჯორჯია, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, მწერალი, მასწავლებელი. სენატორი ჯორჯიის შტატიდან 1922 წლის 21 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე. პირველი ქალი სენატორი აშშ-ის ისტორიაში. უკანასკნელი ყოფილი მონმათმფლობელი აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რებეკა ენ ლატიმერი დაიბადა 1835 წლის 10 ივნისს დეკეიტრეში, ჯორჯია, უნივერმაღის მფლობელის, პლანტატორისა და ვაჭრის ჩარლზ ლატიმერის ოჯახში. მამამისი წარმოშობით მერილენდის შტატიდან იყო, რომელიც 1820-იან წლებში გადავიდა საცხოვრებლად დე-კალბის ოლქში. რებეკას დედა ელეონორ სვიფტ ლატიმერი დაიბადა ჯორჯიის შტატის ქალაქ მორგანში[1].
რებეკა ოჯახის ოთხი შვილიდან ყველაზე უფროსი იყო, მისი და მერი ლატიმერი, ისევე როგორც რებეკა, გახდა აშშ-ში ქალთა საარჩევნო უფლებებისათვის ბრძოლის აქტიური ფიგურა[2]. როდესაც რებეკა გახდა 15 წლის, მამამ იგი ქალაქ მადისონში გააგზავნა ნათესავებთან, რათა სწავლა გაეგრძელებინა ქალთა მეთოდისტურ კოლეჯში[3], რომელიც 1852 წელს დაასრულა, 17 წლის ასაკში[4].
1853 წელს ცოლად გაყვა უილიამ ჰარელ ფელტონს. ქორწინების შემდეგ ისინი გადავიდნენ კარტერსვილში, სადაც იყო მონათმფლობელობა. რებეკას და უილიამს ხუთი შვილი შეეძინათ, მაგრამ მათგან ცოცხალი მხოლოდ ჰოვარდ ერვინ ფელტონი დარჩა.
აშშ-ის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ფელტონმა და მისმა მეუღლემ დაკარგეს მონების ყოლის შესაძლებლობა და მათ ერთად გახსნეს სკოლა კარტერვილში.
1900 წელს ფელტონი ოფიციალურად შეუერთდა ქალთა საარჩევნო უფლებებისათვის მებრძოლთა მოძრაობას და გახდა სუფრაჟიზმის აქტიური მიმდევარი.
1922 წელს გუბერნატორმა ტომას უილიამ ჰარდვიკმა 87 წლის ფელტონი დანიშნა სენატორად ჯორჯიის შტატიდან, გარდაცვლილი ტომას უოსტონის ნაცვლად. ფელტონის დანიშვნა უფრო სიმბოლური ხარკი იყო ქალთა უფლებებისადმი, ასევე ეს იყო ჰარდვიკის პოლიტიკური ნაბიჯი ქალი ამომრჩევლების ხმების მისაღებად. ფელტონი სენატორი გახდა 21 ნოემბერს და მისი უფლებამოსილება გაგრძელდა მხოლოდ ერთი დღე, იგი ოფიციალურად აღიარებულია აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ-სენატორად[5][6]. გარდა ამისა, დღემდე იგი ინარჩუნებს ჯორჯიის შტატიდან ერთადერთი ქალი სენატორის სტატუსს[7][8].
ცხოვრების უკანასკნელ წლებში რებეკა ფელტონი ცხოვრობდა კარტერსვილში, დაკავებული იყო მწერლობითა და მასწავლებლობით. გარდაიცვალა ატლანტაში, 1930 წლის 24 იანვარს. მისი ნეშტი გადაასვენეს და დაკრძალეს ოაკ-ჰილის სასაფლაოზე, კარტერსვილში[5].
სამოქალაქო ომამდე რებეკა ფელტონი ქმართან ერთად ფლობდა მონებს[9] და იგი ამერიკის კონგრესის ორივე პალატის წევრთა შორის უკანასკნელი ყოფილი მონათმფლობელი იყო[10]. ფელტონს სწამდა თეთრი რასის უპირატესობა. რებეკა იბრძოდა თეთრკანიანი ქალების ხმების უფლებებისათვის, მაგრამ ფერადკანიანებისთვის იგივე შესაძლებლობას გამორიცხავდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Edward T. James, Radcliffe College. Notable American Women, 1607-1950: A Biographical Dictionary. — Harvard University Press, 1971. — 606 с. — ISBN 9780674627345.
- ↑ Mary Latimer McLendon (1840-1921). New Georgia Encyclopedia. ციტირების თარიღი: 2018-10-27.
- ↑ Martin, Sara Hines. More Than Petticoats: Remarkable Georgia Women. — Guilford, Conneticut: TwoDot, 2002. — ISBN 9780762712700.
- ↑ Crystal Nicole Feimster. Southern horrors: women and the politics of rape and lynching. — Cambridge, Mass.: Harvard University Press, 2009. — ISBN 9780674035621
- ↑ 5.0 5.1 „Mrs. Felton Dies“. The New York Times (ინგლისური). 1930. 0362-4331. ციტირების თარიღი: 2018-05-29.
- ↑ Steinhauer, Jennifer (2013-03-21). „Women Make New Gains in the Senate“. The New York Times (ინგლისური). 0362-4331. ციტირების თარიღი: 2018-05-29.
- ↑ „Rebecca Ann Felton | American political activist“. Encyclopedia Britannica (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-05-29.
- ↑ U.S. Senate: Rebecca Latimer Felton: A Featured Biography. www.senate.gov. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ Felton, Rebecca Latimer (1919). Country Life in Georgia in the Days of My Youth. Atlanta: Index Printing Company. p. 253.
- ↑ John Mckay. It Happened in Atlanta: Remarkable Events That Shaped History. — Rowman & Littlefield, 2011-08-02. — 211 с. — ISBN 9780762768264.