შინაარსზე გადასვლა

რაილი ენ სოიერსის მკვლელობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რაილი ენ სოიერსი)
რაილი ენ სოიერსი

რაილი ენ სოიერსი
დაბადების სახელი რაილი ენ სოიერსი
დაბადების თარიღი 11 მარტი, 2005
მენტორი, ოჰაიოს შტატი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 24 ივლისი, 2007 (2 წლის)
სპრინგი, ტეხასის შტატი, აშშ
გარდაცვალების მიზეზი ცემა
სხეული იპოვეს 29 ოქტომბერი, 2007
ოჰაიოს შტატი, აშშ
დაკრძალულია მენტორის მუნიციპალური სასაფლაო
41°38′19″N 81°19′04″W / 41.6387° ჩ. გ. 81.3178° დ. გ. / 41.6387; -81.3178 (დაახლ.)
ეროვნება ამერიკელი
მშობლები მამა: რობერტ თომას სოიერსი
როის კლაიდ ზიგლერი (მამინაცვალი)
დედა: კიმბერლი დაუნ ტრენორი

რაილი ენ სოიერსი (ინგლ. Riley Ann Sawyers; დ. 11 მარტი, 2005 — გ. 24 ივლისი, 2007) — ორი წლის ამერიკელი გოგონა ოჰაიოს შტატის ქალაქ მენტორიდან, რომელიც იქნა ნაცემი და მოკლული საკუთარი დედისა და მამინაცვლის მიერ. მისი სხეული იპოვეს გალვესტონის უბეში. მანამ სანამ პიროვნებას დაადგენდნენ, იგი პრესაში ცნობილი იყო „პატარა გრეისის“ სახელით. პოლიცია ინტენსიურად ცდილობდა სხეულის იდენტიფიცირებას. პიროვნების დადგენა მოხერხდა მას შემდეგ, რაც ბავშვის ბებიამ მამის მხრიდან, შერილ სოიერსმა პოლიციას მიმართა. 2007 წლის 30 ნოემბერს დნმ-ის ანალიზის შედეგად ნეშტი იდენტიფიცირებული იქნა.

რაილი ენ სოიერსი დაიბადა 2005 წლის 11 მარტს ჯიუგის რეგიონულ ჰოსპიტალში. დედამისი, კიმბერლი დაუნ ტრენორი იყო მენტორის უმაღლესი სკოლის მოსწავლე, რომელიც 15 წლის ასაკში დაფეხმძიმდა; მამამისი რობერტ თომას სოიერსი იმავე სკოლის მოსწავლე იყო. ახალგაზრდა მშობლები ცხოვრობდნენ რობერტის დედასთან, შერილთან, ქალაქ მენტორში. ბავშვის აღზრდაზე საკუთრივ შერილი ზრუნავდა. გარკვეულ ხანში რობერტმა რომანი გააბა კეტრინ პრისტერთან. ისინი მალე დაქორწინდნენ და შვილი ეყოლათ.

2006 წლის ოქტომბერში სავარაუდო ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ტრენორი შვილთან ერთად წავიდა და ოფიციალურად დასდო ბრალი რობერტს საშინაო ძალადობაში. როგორც აღმოჩნდა, ტრენორი შვილთან ერთად დასახლდა ტეხასის შტატის ქალაქ სპრინგში, სადაც ტრენორი ცოლად გაჰყვა როის კლაიდ ზიგლერ უმცროსს. მათ ერთმანეთი გაიცნეს ონლაინ თამაშ World of Warcraft-ის თამაშისას და 2007 წლის 1 ივნისს ტეხასის შტატის ქალაქ ჰარისში დაქორწინდნენ.

ზიგლერი თვლიდა, რომ რაილის უკვე უნდა სცოდნოდა უფროსებთან მოქცევა და შესაბამისი სიტყვებით მომართვა და აგრეთვე მიიჩნევდა, რომ ფიზიკური დასჯა არის ბავშვის აღზრდის საუკეთესო საშუალება. ტრენორი და ზიგლერი ბავშვს ქამრით სცემდნენ, წყალში თავს აყოფინებდნენ. ერთხელ ზიგლერმა ბავშვს თმებში სტაცა ხელი და მოისროლა, რის შედეგადაც რაილიმ იატაკის ფილას მიარტყა თავი. იგი 2 წლის ასაკში დაიღუპა.

როდესაც ტრენორი და ზიგლერი მიხვდნენ, რომ ბავშვი აღარ სუნთქავდა, გადაწყვიტეს პლასტიკური კონტეინერის ყიდვა. მათ სხეული შეახვიეს ნაგვის ტომარაში და მოათავსეს კონტეინერში. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში სხეულს ფარდულში ინახავდნენ, ხოლო შემდეგ გალვესტონის უბეში გადააგდეს, სადაც 2007 წლის 29 ოქტომბერს კონტეინერი შეამჩნია ადგილობრივმა მეთევზემ, რობერტ უეინ სპინმა.

კორონერმა გამოარკვია თავის ქალას მოტეხილობა, ხოლო შემდეგ პოლიცია აწარმოებდა მკვლელობის გამოძიებას.

2007 წლის ნოემბერში ზიგლერმა სცადა თვითმკვლელობა. მან დატოვა სიკვდილისწინა წერილი, სადაც წერდა, რომ მისი მეუღლე დამნაშავე არ იყო, თუმცა სასამართლო გარჩევის მსვლელობისას ზიგლერი ამტკიცებდა, რომ როდესაც რაილის სცემდნენ, იგი სულ სხვა ოთახში იმყოფებოდა, და თავს იმართლდებდა. ტრენორი ამტკიცებდა, რომ რაილის სიკვდილი მხოლოდ შემთხვევითობა იყო.

2009 წლის 2 თებერვალს ტრენორს მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. ჟიურიმ ვერდიქტი 90 წუთში გამოიტანა. ტრენორს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. ზიგლერს მისი მეუღლის მსგავსად, აგრეთვე სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ვადამდე გათავისუფლების გარეშე. ვადამდე გათავისუფლების თხოვნით მიმართვას ტრენორი მხოლოდ 2047 წლის 24 ნოემბერს შეძლებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]