ჟინვალის პირველი სამლოცველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟინვალის სამლოცველო.

ჟინვალის პირველი სამლოცველო — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ჟინვალში, საშუალო სკოლასთან, ფერდობზე, მოსახლის ეზოში. 1975-1976 წლებში გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით II საუკუნის მეორე ნახევრით. დაკავშირებულია ცხენის და მზის კულტურასთან.

ნაგებობა სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული, შედგება სამი სათავსისაგან. ნაგებია ალიზის აგურით - 0,5-0,6 მეტრი სისქის რიყის ქვის საძირკველზე. სათავსები გამიჯნულია 0,25-0,3 მეტრი სისქის ტიხრებით. კედლები შელესილია. შენობას ჰქონდა ხის მძლავრ კონსტრუქციაზე დაყრდნობილი ბრტყელი სახურავი.

შესასვლელი შუა სათავსის დასავლეთ კედელშია. შუა სათავსი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში გაჭრილი თითო კარით დაკავშირებული იყო სამხრეთ და ჩრდილო სათავსებთან. შუა სათავსის სამხრეთ ნაწილში საკურთხევლის ნაშთია, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში - ალიზით ნაგები ღუმლის მცირე ნაწილი. ჩრდილო სათავსის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში აღმოჩნდა ნაცრითა და კერამიკის ნატეხებით სავსე ორმო. კიდევ ერთი სწორკუთხა სათავსია სამლოცველოს ქვეშ, მიწაში. ამ სათავსის იატაკის დონეზე აკრეფილი, წითელი ზოლებით და გეომეტრიული სახეებით მოხატული, თიხის ჭურჭლის ნატეხები, იმპორტიული ამფორისკები და სხვა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]