ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Მოლაპარაკება.jpg

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები (GID) — საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც შეიქმნა 2008 წლის 15 ოქტომბერს. ჟენევის ფორმატის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად. მოლაპარაკებები იმართება ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს ხელმძღვანელობით 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე მხარეების - საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის. მოლაპარაკებებში ასევე ჩართულნი არიან აშშ-ის წარმომადგენლები და წარმომადგენლები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან.

აღსანიშნავია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ნეიტრალური სტატუსის მქონე ფორმატი, სადაც მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი.

მიზანი და სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟენევის მოლაპარაკებები მიზნად ისახავს: უსაფრთხოების კომპლექსური მექანიზმებისა და უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებას მთლიანად რეგიონისთვის, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დაპირისპირების ზონების ჩათვლით, რაშიც თავისთავად იგულისხმება აფხაზური და სამხრეთოსური მხარეების ინტერესების გათვალისწინება და პასუხისმგებლობის წილის განსაზღვრა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შედეგად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაეროსა და ეუთოს მისიების შეწყვეტის შემდეგ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი რჩება ერთადერთი საერთაშორისო დონის პლატფორმად კონფლიქტში ჩართული ქვეყნებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის. მოლაპარაკებებში განიხილება უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის - დევნილებისა და გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემები და საჭიროებები.

მოლაპარაკებები წელიწადში ოთხჯერ იმართება გაეროს ჟენევის ოფისში. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველში განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს, სადაც ცენტრალური ადგილი უჭირავს, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხს, ხოლო მეორეში განხილვის თემაა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები, მაგალითად: მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა.

ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების მიღწევა არის ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი ცენტრალური საგანი. 2010 წლის 23 ნოემბერს, ევროპარლამეტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ცალმხირივი დეკლარაციის“ ფორმით ძალის არგამოყენების შესახებ პირობა დადო , რომ საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენად და მხოლოდ თავდასხმის შემთხვევაში დაიტოვებს ძალის გამოყენების უფლებას. 2008 წლის 6 დეკემბერს თავის მხრივ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იმდროინდელმა ლიდერებმა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა განაცხადეს, რომ მზად არიან, აიღონ ვალდებულება თბილისის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების თაობაზე, თუმცა თავდასხმის შემთხვევაში, თავდაცვის უფლებას დაიტოვებდნენ.

საქართველოს პოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ოფიციალური პოზიციის თანახმად, რომელიც 2008 წლიდან დღემდე არ შეცვლილა, ძალის არგამოყენებაზე შეთანხმების ხელმომწერი მეორე მხარე უნდა იყოს რუსეთის ფედერაცია და არა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობები. ქართულ მხარეს აქვს რამდენიმე არგუმენტი, თუ რატომ არ აწერს ხელს აღნიშნულ შეთანხმებას უშუალოდ სოხუმთან და ცხინვალთან:

  1. რუსეთის ფაქტორი - მხოლოდ სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულებების გაფორმება, თბილისის მხრიდან იქნება 2008 წლის შემდეგ შექმნილი რეალობის იგნორირება და იმის აღიარება, რომ კონფლიქტის ძირითადი მხარეები სწორედ სოხუმი და ცხინვალია და არა რუსეთის ფედერაცია.
  2. ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის საკითხი - საქართველოს ოფიციალური პოზიციის თანახმად, თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის ხელშეკრულების გაფორმება გარდა იმისა, რომ აქარწყლებს რუსული მხარის პასუხისმგებლობას არსებულ კონფლიქტში, ის ასევე არაპირდაპირ მიუთითებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონისთვის პოლიტიკური ლეგიტიმაციის მინიჭებასა და არაღიარების პოლიტიკის შესუსტებაზე. ბუნებრივია, თბილისი სოხუმთან და ცხინვალთან ვერ გააფორმებს ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებაში აღქმული იქნება, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
  3. მოსკოვის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებული ხელშეკრულებები - რუსეთის არგუმენტი კიდევ უფრო არადამაჯერებელი გახდა თბილისისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა სოხუმთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, ხოლო ცხინვალთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმებას, რომელთა ფარგლებშიც რუსეთმა საკუთარი თავი გამოაცხადა მათი უსაფრთხოების გარანტორად და ეს არაერთხელ დაადასტურეს მოსკოვსა და ცხინვალში.

რუსეთის პოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციამ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 23 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაზე 24 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ: ძალის არ გამოყენების შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის პირობის" სერიოზულად აღქმა“ შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის "ქაღალდზე დაიტანება და იურიდიულ ძალას შეიძენს“.

„რუსეთი კვლავაც მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ გზა გადის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად გამაგრებულ ვალდებულებებზე თბილისსა და ცხინვალს და ასევე თბილისსა და სოხუმს შორის“ — ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რუსეთის ხელისუფლების პოზიციის თანახმად, თბილისსა და ცხინვალს, თბილისსა და სოხუმს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში რუსეთის ფედერაცია აშშ-თან და ევროკავშირთან ერთად იქნება მხოლოდ და მხოლოდ ძალის არგამოყენების გარანტორი. რუსეთის მსგავსი პოზიცია აქვთ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობების წარმომადგენლებსაც.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნება, რომელზეც მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება. საუბარია აფხაზეთიდან (1992-1993 წწ.) და ცხინვალის რეგიონიდან (1989-1992 წწ.) იძულებით გადაადგილებულ პირებზე, უმეტესად ეთნიკურ ქართველებზე. 2009 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 251 000-ზე მეტი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6%-ს შეადგენს. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ, მათ რიცხვს კიდევ 26 000-მდე პირი დაემატა. ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები დევნილთა საკითხზე მოლაპარაკებებს პროტესტით ხვდებიან, რასაც უკავშირებენ საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაში 2008 წლის შემდეგ ყოველ წელს ინიცირებულ რეზოლუციებს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ. რეზოლუციებს სულ ურო მეტი და მეტი სახელმწიფო უერთდება.

ჟენევის მოლაპარაკებების მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ხელშესახები შედეგი, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში იქნა მიღწეული ესაა ე.წ. „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი“, რომლის შექმნაზეც შეთანხმება 2009 წელს მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე შედგა. აღნიშნული მექანიზმი გულისხმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გალსა და ერგნეთში მხარეებს შორის პერიოდულ შეხვედრებს, რომლებსაც თავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები, ხოლო შეხვედრაზე მონაწილეობას იღებენ თბილისის, ცხინვალის, ადგილზე განთავსებული რუსული ჯარების წარმომადგენლები. შეხვედრების მიზანია ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების გადაწყვეტა, ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტული ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა.

ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი მთელი ამ დროის განმავლობაში შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2016 წლის 27 მაისს, ოთხწლიანი ინტერვალის შემდეგ განახლდა, რომელიც 2012 წლის 24 აპრილს შეწყდა. თავდაპირველად აფხაზურმა მხარემ იმ მიზეზით თქვა უარი მონაწილეობაზე, რომ მაშინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სოხუმის მიერ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ანდჟეი ტიშკევიჩი ხელმძღვანელობდა. თუმცა, გალის შეხვედრები არც მას შემდეგ განახლებულა, რაც 2013 წლის ზაფხულში ტიშკევიჩს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტზე ორწლიანი ვადა ამოეწურა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]