შინაარსზე გადასვლა

ჟემაიტია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიეტუვის ეთნოგრაფიული რეგიონები. ჟემოიტია ნაჩვენებია მწვანე ფრად

ჟემაიტია (ჟჲამაიტია, ლიეტ. Žemaitija, ჟემ. Žemaitėjė; სამოგიტია, ადრინდ. ჟმუძი) — ეთნოგრაფიული რეგიონი თანამედროვე ლიეტუვის ჩრდილო-დასავლეთში. ისტორიულად — ნემანის ქვემო დინებასა და ვინდავას (ვენტას) შორის მდებარე ქვეყანა. ჟმუძს ასევე უწოდებდნენ აქ მობინადრე ლიეტუვურ ტომებს (იხ. ჟემაიტები).

ზოგიერთი პოლონელი ისტორიკოსის აზრით, ჟემაიტია XIII და XIV საუკუნეშიც კი დიდ ფართობს იკავებდა. რეგიონის სანდო ისტორია XIII საუკუნიდან იწყება, როდესაც მეზობლად გერმანელები გაჩნდნენ და სავსეა მათთან მომხდარი ბრძოლების შესახებ ინფორმაციით XV საუკუნის დამდეგამდე. ჟემაიტია საკმაო ხანს იცავდა გერმანელებისგან საკუთარ სარწმუნოებასა და დამოუკიდებლობას. ქვეყანაში რამოვეს წმინდა სავანე იყო, სადაც ჯერ კიდევ XV საუკუნეში ლიეტუვიდან ოტებული კულტმსახურები აფარებდნენ თავს.

ამასთან ჟემაიტია ეროვნული გადმოცემების და ჩვეულებების გულმხურვალე დამცველი იყო და გაალმასებით იცავდა ლიტველი დიდი მთავრების მიერ სიახლეების შეტანისგან. 1254 წლის მოლაპარაკების მიხედვით მინდოვგი ჟმუძს ლივონიის ორდენს გადასცემს. 11 წლის შემდეგ ლატვიელებისა და კურონების დახმარებით თავისუფლდება ლივონიელი რაინდებისგან, თუმც, მოკლე ხანში ტევტონთა ორდენთან უხდება ბრძოლა. განსაკუთრებით ხშირი და სახიფათო იყო გერმანელთა თავდასხმები XIV საუკუნეში, რაც მხოლოდ კეისტუტის დროს გადავიდა პარტიზანულ ომში. კეისტუტის სიკვდილისთანავე 1382 წელს ლიტვის დიდმა მთავარმა იაგაილომ ჟმუძი ლივონელებს გადასცა. მაგრამ ჟმუძელები მალევე აჯანყდნენ და ლივონური უღელი მოიცილეს. 1398 წელს ჟმუძი ვიტოვტმა ხელახლა მიუბოძა ლივონელებს, რომელთაც 1400-1401 წწ აჯანყების შემდეგ ხელმეორედ გადასცეს გერმანელებს. 1410 წელს ჟემაიტიამ გერმანელთა შეჭრა მოიცილა თავიდან. ამ დროიდან ამ მიწების მფლობელები ვიტოვტი და იაგაილო აქ ქრისტიანობას ავრცელებენ, რაც მოსახლეობის სასტიკი წინააღმდეგობების გამო, მხოლოდ XVI საუკუნეშიღა მკვიდრდება იეზუიტების მიერ.

აქ არსებობდა განსაკუთრებული ავტონომიური ერთეული - ჟმუძის სამამასახლისო.

თავიდანვე ჟემაიტიას განსაკუთრებული ერისმთავარი ჰყავდა, რომელიც ძირითადში მხოლოდ ლიტვის დიდ მთავარს ექვემდებარებოდა. მისი დედაქალაქი იყო როსეინი. 1492 წელს დიდმა მთავარმა ალექსანდრემ ჟმუძებს პრივილეგიები მისცა. ჟემაიტიის დარჩენილი ისტორია თავიდან ბოლომდე ლიეტუვის ისტორიაში შედის და ერთიან დისციპლინად მოიაზრება. 1795 წელს ჟმუძის ოლქი ლიტვის გუბერნიაში შევიდა, 1801 წელს — ვილენის, საბოლოოდ კი კოვენის გუბერნიაში.

ჟემაიტიის დიდი გერბი
  • „ჟმუძის ნარკვევები“ დრევლიანსკის („პანთეონში“ 1855 წ., № 1)
  • „Zbiorek rzeczy swojskisch kunauce i rozrywce dla młodzieży“ Ewarysta Estkowskiego (პოზნანი; 1859)
  • „წმინდა ჟმუძი“ („დასავლეთ რუსეთის უწყება“, 1865 წ., №№ 8 და 9)
  • „კოვენის გუბერნიის მოკლე აღწერა.“ (1889)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟემაიტია“-დან