შინაარსზე გადასვლა

ჟანა ლანვენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჟანა ლანვანი)
ჟანა ლანვანი

ჟანა ლანვანი (ფრანგ. Jeanne-Marie Lanvin დ. 1 იანვარი, 1867 პარიზი, (საფრანგეთი) — გ. 6 ივლისი, 1946, იქვე) — ფრანგი ტანსაცმლის დიზაინერი, საკუთარი მაღალი მოდის სახლის დამაარსებელი. დღესდღეობით, მიუხედავად იმისა, რომ მაღალ მოდაზე აღარ ორიენტირდება, ეს სახლი ყველაზე ძველი მოდის სახლია, რომელიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს.

ჟანა ლანვანი დაიბადა 1967 წელს პარიზში, ბერნარ-კონსტანტ ლანვანის, პრესის თანამშრომლისა და მისი მეუღლის, მკერავ სოფი-ბლანშ დეშაიესის ოჯახში. თერთმეტი შვილიდან იყო ყველაზე უფროსი. ოჯახი დიდ სიღარიბეში ცხოვრობდა, რის გამოც ჟანამ მუშაობა დაიწყო ცამეტი წლის ასაკში, 1880 წელს, როგორც დამხმარემ ქუდების მაღაზიაში „მადამ ფელიქსი", ფობურ-სენტ-ონორეს ქუჩაზე, პარიზში. შემდეგ იგი შევიდა კორდოს ქუდების მაღაზიაში, რომელმაც ბარსელონაში გაგზავნა სასწავლებლად. ჟანა მალე დაბრუნდა პარიზში, სადაც 1885 წელს, კლიენტებისგან აღებული ლუიდორებისა და ბანკის მიერ გაცემული სესხით, 1889 წელს გახსნა თავისი პირველი პატარა მოდის მაღაზია იქვე, ფობურ-სენტ-ონორეს ქუჩაზე, 22 ნომერში. ის იქ ყიდდა საკუთარ კოლექციებს, რომლებიც ჯერ კიდევ ძირითადად ქუდებისგან შედგებოდა.

1895 წელს ჟანა ცოლად გაჰყვა იტალიელ არისტოკრატს, გრაფ ემილიო დე პიეტროს. 1897 წელს მას პატარა გოგონა — მარგარეტი (იგივე მარი-ბლანში) შეეძინა. მისთვის ჟანა ქმნიდა კაბებს, რომლებიც ძალიან სწრაფად შთააგონებს საბავშვო კოლექციას. მისი ძალისხმევა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ 1909 წელს გამოვიდა ქალთა კოლექციაც. ჟანა ლანვანი განსაკუთრებით ცნობილია მისი კაბებით. იგი დიდად აფასებს ფერებს. მისი საყვარელი ფერები „ლანვანის ლურჯი“, „პოლინიაკის ვარდისფერი“ (ჟანას ქალიშვილის პატივისცემით) და „მწვანე ველასკესი“ სახლის კლასიკაა. ფერების ექსკლუზიურობის შესანარჩუნებლად მან 1923 წელს გახსნა საღებავების საკუთარი სახელოსნოები ნანტერში (პარიზის გარეუბანი). ფერებისადმი ამ სიყვარულის მიუხედავად, ჟანა ლანვანს განსაკუთრებით უყვარს შავი, რომელიც, მისი აზრით, წარმოადგენს „უკანასკნელ შიკს" და რომელიც მას მთელი ცხოვრება უნდა ეცვას.

1901 წლიდან ჟანა ჩნდება ფრანგულ „ყოველწლიურ მოდაში“, რომელიც აერთიანებს დიზაინერებს და ქმნის პოეტ-დრამატურგ ედმონდ როსტანისთვის კოსტიუმს. 1909 წელს ლანვანის სახლი, რომელიც ახლა ელიტის ნაწილია, გახდა „მკერავთა პროფესიულ კავშირთა პალატის“ წევრი.

პირველ მეუღლესთან განქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ ჟანა ცოლად გაჰყვა კონსერვატიული ყოველდღიური ჟურნალ „Le Temps“-ის ჟურნალისტს ქსავიე მელეს (შემდგომში საფრანგეთის კონსული მანჩესტერში).

„Cyclone“ საღამოს კაბა შექმნილია ჟანა ლანვანის მიერ, 1939 წელი.

მისი ერთადერთი ქალიშვილი, მარგარიტა, რომელიც ცნობილია როგორც მარი-ბლანში (1897-1958), შემდგომში დაქორწინდა გრაფ ჟან დე პოლინიაკზე და მომღერალი გახდა. რამდენიმე მწერალმა და მხატვარმა, როგორიცაა ფრანსის პულანკი, ნადია ბულანჟე და ლუიზა დე ვილმორინი, მიუძღვნა მას თავისი ნამუშევრები. მარგარიტა ბოლომდე რჩება დედისთვის შთაგონების უცილობელ წყაროდ.

1920-იან წლებში ლანვანის სახლის მნიშვნელოვანი განვითარება მოხდა, გაიხსნა ლანვანის დეკორაციის განყოფილება. 1924 წელს მან გააფართოვა თავისი საქმიანობის სფერო პარფიუმერიის ხაზით, რათა დაეფინანსებინა ძვირადღირებული მაღალი მოდა. პირველი არომატი — „My Sin“ 1925 წელს გამოვიდა. დაახლოებით ამ დროს ჟანამ დაიწყო თანამშრომლობა დიზაინერ არმან-ალბერტ რატოსთან, რომელიც ზრუნავდა მისი სასახლისა და მაღაზიების ინტერიერის დეკორაციაზე. 1926 წელს გამოუშვა კოლექცია მამაკაცებისთვის. 1927 წელს მან შექმნა „Jeanne Lanvin S.A.“ და გახსნა მრავალი ფილიალი. იმავე წელს გამოვიდა მისი სუნამო „Arpège“[1]. სახლი კერავდა კოსტიუმებს თეატრალური წარმოდგენებისთვისაც.

ლანვანის კოლექციები თავისი ნოვატორობით და დამუშავების ტექნიკით 1925 წლამდე კონკურენციას უწევდა ყველაზე ცნობილ და აღიარებულ კოკო შანელის ნამუშევრებსაც.

1946 წელს ჟანა ლანვანის გარდაცვალების შემდეგ, მრავალი დიზაინერი აგრძელებდა ლანვანის სახლისთვის მოდური ნივთების შექმნას წლების განმავლობაში, მათ შორის იყო მისი ქალიშვილი მარი-ბლანში, რომელიც დარჩა სახლის მეპატრონე გარდაცვალებამდე (1958).

დროთა განმავლობაში ლანვანის სახლის მეპატრონეებიც რამდენჯერმე შეიცვალა. 1980-იანი წლების ბოლომდე, ბიზნესი რჩებოდა ჟანას ნათესავების მფლობელობაში, ბერნარ ლანვანის და მისი მეუღლის მერილის ხელში. 1989 წლის დასაწყისში ფინანსურმა საჭიროებებმა აიძულა ბერნარ ლანვანი მიეყიდა აქციების 34% ლონდონის Midland ბანკისთვის. იმავე წელს ბანკმა თავისი წილი 40%-მდე გაზარდა და გაათავისუფლა მერილ ლანვანი, როგორც დიზაინერი. მისი პროექტები აღწერილი იყო როგორც „ლამაზია, მაგრამ არ აქვს სიახლეები". თუმცა მის მემკვიდრე კლოდ მონტანას კიდევ უფრო ნაკლები წარმატება ჰქონდა. 1990 წელს Orcofi ჯგუფმა აიღო კონტროლი, შემდეგ 1990 წელს L'Oréal დიდი ვალებით ხდება აქციების მფლობელი და 1996 წლამდე თანდათან გამოისყიდა Orcofi-სგან ყველა აქცია. 1993 წელს მაღალ მოდაზე უარი თქვა და ამიტომ ლანვანის სახლი შემოიფარგლა სუნამოების და ლიცენზიების გაყიდვებით. მზა ტანსაცმელისგან შემოსავალი მოკრძალებული იყო. იმ დროს მამაკაცის ნივთებიდან ძირითადად იყიდებოდა ჰალსტუხები და მაისურები Duty Free-ში. L'Oréal-ის წყალობით სახლი თანდათან აღორძინდა. 2001 წელს ჩინელმა ბიზნესმენმა შოუ-ლან ვონგმა იყიდა ლანვანის სახლი L'Oréal-ისგან.

  • Hélène Guene-Loyer, Décoration et haute couture. Armand Albert Rateau pour Jeanne Lanvin, Paris, Les Arts Décoratifs, 2006.
  • Jérôme Picon, Jeanne Lanvin, Paris, Flammarion, 2002.
  • Isabelle Mestre, Jeanne Lanvin, arpèges, Le Passage, 2015 (roman).
  • Sophie Guillou et Alice Dufay, Jeanne Lanvin, coll. Les petites histoires de la mode, Les petites moustaches, 2015 (roman illustré).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1927, Arpège de Lanvin
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟანა_ლანვენი“-დან