შინაარსზე გადასვლა

პრაქსიტელე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრაქსიტელე
დაიბადა ძვ. წ. 395[1]
დაბადების ადგილი ათენი[2]
გარდაიცვალა ძვ. წ. 330[3]

პრაქსიტელე (ძვ. ბერძნ. Πραξιτέλης; დაახლ. ძვ. წ. 395, ათენი — დაახლ. ძვ. წ. 330) — ძვ. წ. IV საუკუნის უდიდესი ძველი ბერძენი მოქანდაკე, გვიანდელი კლასიკის წარმომადგენელი. მიიჩნევენ, რომ იგი იყო მოქანდაკე კეთისოდოტეს (ძვ. ბერძნ. Κηφισόδοτος) შვილი და მოწაფე, თუმცა, არც ერთი უძველესი წყარო ან წარწერა არ მიუთითებს მისი მამის სახელს.[4] პრაქსიტელეს შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია შემდგომი ხანის ბერძნული ხელოვნების განვითარებაზე.[5]

ცხოვრება და შემოქმედება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრაქსიტელე ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ძველი ბერძენი მოქანდაკეა, რომლის შესახებ მრავალი ცნობა და წყარო მოიპოვება, თუმცა მისი ცხოვრების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა. მხოლოდ ატიკის გარეთ (დელფოში, თესპიასა და ოლბიაში) ნაპოვნი რამდენიმე ხელნაწერიდან (სიგნატურიდან) არის დანამდვილებით ცნობილი, რომ ის ათენელი იყო, თუმცა დღემდე არ არის მიკვლეული ხელნაწერები ან ლიტერატურული თუ სხვა წყაროები, რომლებიც მიუთითებენ მისი მამის სახელს.

ძვ. წ. IV ს. 60–40-იან წლებში პრაქსიტელე ნაყოფიერად მოღვაწეობდა ათენში, ეფესოში და საბერძნეთის სხვა ქალაქებში. მის ნამუშევრებს ძირითადად ვიცნობთ მხოლოდ რომაული პირებითა და ძველ ავტორთა ცნობებით — ლიტერატურული წყაროებით პრაქსიტელეს ორმოცამდე ნაწარმოებია ცნობილი.[5]

ჩვენამდე მოაღწია ერთადერთმა ნამუშევარმა, რომელიც ოლიმპიაში იპოვეს („ჰერმესი ყრმა დიონისესთან ერთად“, დაახლ. ძვ. წ. 340, ოლიმპიის მუზეუმი), თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ამ ნამუშევარსაც გვიანდელი ხანის პირად მიიჩნევს. პრაქსიტელე ადრინდელ პერიოდში („სატირი ღვინოს ისხამს“, დაახლ. ძვ. წ. 375) პოლიკლიტეს პრინციპებს იზიარებდა. ღმერთებისა და ქალღმერთების ფიგურებში მოქანდაკე შუქ-ჩრდილის ვირტუოზული გამოყენებით, მარმარილოს ფაქიზი დამუშავებით გადმოგვცემს სახეთა იდილიურ განწყობილებას, ნათელ და მშვიდ ჰარმონიას. პრაქსიტელეს ცნობილი ნამუშევრებია: „აპოლონი კლავს ხვლიკს“, (დაახლ. ძვ. წ. 370), „აფროდიტე“ კ. კოსისათვის (დაახლ. ძვ. წ. 360–350), „კნიდოსელი აფროდიტე“ (დაახლ. ძვ. წ. 350). ძვ. დროში ყველაზე ცნობილი ნამუშევარი იყო „სატირი ისვენებს“.

ქალური სილამაზე პრაქსიტელემ წარმოსახა აფროდიტეს მრავალრიცხოვან ქანდაკებებში, რომელთაგან ყველაზე უფრო სახელგანთქმულია „კნიდოსის აფროდიტე“, რომელიც კუნძულზე ღია, მრგვალ ტაძარში იყო აღმართული და თავის დროზე აურაცხელ მნახველს იზიდავდა. პრაქსიტელეს შექმნილი აფროდიტე ქალურობის მაღალმხატვრული განსახიერებაა. მისი დამახასიათებელი თავისებურებაა: მშვენიერი სახე და გასაოცარი, თითქოს დაბნედილი, მეოცნებე გამოხედვა. პრაქსიტელეს მიერ შექმნილი სახე რამდენიმე საუკუნის მანძილზე წარმოადგენდა მიბაძვის საგანს.[6]

პრაქსიტელეს სხვა ნაწარმოებების ერთი ნაწილი მხოლოდ გვიანდელი პირებითაა ცნობილი. ისინი აგრეთვე მითოლოგიურ სიუჟეტზეა აგებული და წარმოსახავენ ღმერთების ცხოვრების ჟანრულ სცენებს. უმეტესად ესაა იდეალური სილამაზით გამორჩეულ ვაჟთა გამოსახულებანი. ერთ-ერთი მათგანი მაგ. გამოხატავს ჭაბუკ აპოლონს, რომელიც ბერძენი ბაეშვების საყვარელი თამაშით — ხვლიკზე ნადირობითაა გართული (ე. წ. „აპოლონ სავროკტონოსი“ — Άπόλλων Σαυροκτόνος).[7]

პრაქსიტელეს შემოქმედებამ უდიდესი გავლენა მოახდინა შემდგომი ხანის ანტიკურ ხელოვნებაზე.[8] მის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები მეორდებოდა და სხვადასხვა ვარიანტებით წარმოისახებოდა მონუმენტურ ძეგლებსა თუ მცირე პლასტიკაში.

პრაქსიტელეს პატივსაცემად პლანეტა მერკურიზე ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი დაერქვა.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 180.
  • ლორთქიფანიძე, ოთარ, ანტიკური არქეოლოგია : ძველი საბერძნეთი, თბ.: თბილისის უნ-ტის გამომცემლობა, 1971. — გვ. 196–199. 361 გვ.
  • Aileen Ajootian, "Praxiteles", Personal Styles in Greek Sculpture (ed. Olga Palagia and J. J. Pollitt), Cambridge University Press, 1998 (ISBN 0-521-65738-5), pp. 91–129.
  • Antonio Corso, Prassitele, Fonti Epigrafiche e Lettarie, Vita e Opere, three vol., De Lucca, Rome, 1988 and 1991.
  • Marion Muller-Dufeu, La Sculpture grecque. Sources littéraires et épigraphiques, éditions de l'École nationale supérieure des Beaux-Arts, coll. « Beaux-Arts histoire », Paris, 2002 (ISBN 2-84056-087-9), p. 481-521 (new edition of Overbeck's Antiquen Schiftquellen, 1868).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: