შინაარსზე გადასვლა

პორტვაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პორტვეინი)
ჭიქა პორტვაინი

პორტვაინი (პორტ. Vinho do Porto — პორტუს ღვინო) — ტკბილი, შემაგრებული ღვინოა დოუროს ხეობიდან, პორტუგალიის ჩრდილოეთით; მისი სახელი მომდინარეობს ქალაქ პორტუდან — პორტის ღვინის ექსპორტისა და ვაჭრობის ცენტრი. ამ ღვინოს პორტუგალიაში XV საუკუნიდან ამზადებენ. პორტვაინი ძალზედ პოპულარული გახდა ინგლისში 1703 წლის მეთუის ზავის გამო, რის შემდეგაც ვაჭრებს საშუალება მიეცათ ღვინის იმპორტი განეხორციელებინათ შეღავათიანი ბაჟით, მაშინ როდესაც საფრანგეთთან ომის გამო ინგლისი ფრანგულ ღვინოს მოკლებული გახდა. მსგავსი ღვინო, რომელსაც ასევე „პორტს“ უწოდებენ მზადდება სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ავსტრალიაში, ინდოეთსა და აშშ-ში. სენტ-აუგუსტინაში, ფლორიდა, მას უკვე ამზადებდნენ XVI საუკუნიდან მოყოლებული. ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის კანადასა და ევროპის კავშირში, მხოლოდ პორტუგალიურ ღვინოს შეიძლება ეწოდოს „პორტი“.

პორტვაინი, როგორც წესი, უფრო ბლანტი, მდიდარი ბუკეტის, ტკბილი და მაღალალკოჰოლიანია ვიდრე სხვა ღვინოები. ეს გამოწვეულია ღვინოს შესამაგრებლად მასში დისტილირებული ყურძნის სპირტის დამატებით ფერმენტაციის შესაჩერებლად დუღილის პერიოდში შაქრის მთლიანად ალკოჰოლად გადაქცევამდე. მას, როგორც წესი, საჭმლის შემდეგ დესერტად მიირთმევენ, ან ყველთან ერთად. თუმცა საფრანგეთში, პორტვაინი აპერიტივია. ღვინოში ალკოჰოლის შემცველობა მერყეობს 18%-დან 30%-მდე.

პორტის ღვინო 16%-ზე ნაკლები ეთანოლის შემცველობით ვერ იცავს თავს ჰაერთან შეხების გამო გაფუჭებისგან. 18%-ზე მეტი ალკოჰოლით კი პორტვაინი შეიძლება შენახულ იქნას ხის „მსუნთქავ“ კასრებში, რაც მისი დაძველების საშუალებას იძლევა.