მეწყერის შედეგად, კოლუმბიის ქალაქ ბელო-ლა-გაბრიელაში 150-ზე მეტი ადამიანი მიწის ქვეშ აღმოჩნდა. უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ხანგრძლივი წვიმებით გამოწვეული მეწყერის გამო, ქალაქ ლა-გაბრიელას ერთ-ერთი რაიონის საცხოვრებელი სახლები მიწის ქვეშ მოექცა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად 150-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა. ქალაქის სამაშველო სამსახურის უფროსის ფრედი რონდონის განცხადებით, კოკისპირული წვიმის გამო, სამაშველო სამუშაოების ჩატარება სრულფასოვნად ვერ ხერხდება, რის გამოც, მიწის ქვეშ აღმოჩენილი ადამიანების ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ დრომდე შეუძლებელია. წითელი ჯვრის წარმოამდგენლებმა მიწიდან 9 ადამიანის ამოყვანა მაინც შეძლეს, რომელთა შორის 3 უკვე გარდაცვლილი იყო. კოლუმბიაში რამდენიმე კვირაა გადაუღებლად წვიმს. აღნიშნულ პერიოდში 170 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 მილიონ მოქალაქეს სხვადასხვა სახის ყოფითი პრობლემები შეექმნა. (რადიო თავისუფლება)
ისრაელის ჩრდილოეთით მეხანძრეებმა ისრაელის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს. როგორც სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, ამ ეტაპზე ხანძრის ახალი კერების გაჩენის საშიშროება არ არის. ისრაელს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი ასევე პალესტინის ავტონომია და სხვა ქვეყნები ეხმარებოდნენ. როგორც ისრაელიდან რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი იტყობინება, ისრაელში შეერთებული შტატებიდან ტყის ხანძრებთან ბრძოლისათვის შექმნილი მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი ჩაფრინდა. ხანძრების შედეგად ისრაელში 41 ადაიანი დაიღუპა. 17 ათასზე მეტი კი ევაკუირებულია. (რადიო თავისუფლება)