შინაარსზე გადასვლა

პომპეუს ტროგუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პომპეუს ტროგუსი
დაბადების თარიღი ძვ. წ. I საუკუნე
დაბადების ადგილი Vaison-la-Romaine
გარდაცვალების თარიღი არაუგვიანეს I საუკუნე
საქმიანობა მწერალი[1] , ისტორიკოსი და პოლიტიკოსი
ენა ლათინური ენა
მოქალაქეობა ძველი რომი
პერიოდი ძვ. წ. I საუკუნე[2]
Magnum opus Philippic History

გნეუს პომპეუს ტროგუსი — (ლათ. Gnaeus Pompeius Trogus; ძვ. წ. I საუკუნისა და ახ. წ. I საუკუნის) — რომაელი ისტორიკოსი. იგი წარმოშობით გალიიდან იყო, რომის მოქალაქეობა მიიღო მისმა პაპამ (ტროგუსი წერს, რომ სერტორიუსთან ომის დროს გნეუს პომპეუსმა მის მამას მიანჭა მოქალაქეობა. რომაული ტრადიციით, ვინც არარომაელს მოქალაქეობას მიანიჭებდა, გვარსაც თავისას აძლევდა. გალი მეომრის შთამომავლებმა პომპეუსის გვარი მიიღეს).

პომპეუს ტროგუსის „ფილიპიკების ისტორია“, ანტიკური გაგებით, მსოფლიოს ისტორიაა. თხრობა იწყება ასურეთისა და სპარსეთის ლეგენდარული ამბებით და მთავრდება ავგუსტუსის ეპოქით. ნაშრომი დაწერილი იყო 44 წიგნად, მაგრამ არცერთი წიგნი მოღწეული არ არის, ცნობილია მხოლოდ შემოკლებული შინაარსის — ეპიტომების სახით, რომლებიც შეუდგენია II თუ III საუკუნეში მცხოვრებ ვინმე იუსტინეს. ზოგიერთი წიგნის შინაარსი გადმოცემულია რამდენიმე გვერდზე, ზოგიერთს კი დათმობილი აქვს ერთი გვერდი. თანამედროვე მეცნიერებაში არ კამათობენ იმაზე, რომ იუსტინე პომპეუს ტროგუსის ნაშრომს თვითნებურად მიუდგა. პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი რამ გამოტოვა და ყურადღება გაამახვილა შედარებით უმნიშვნელო საკითხებზე. ამის მიუხედავად, ეპიტომაში დაცულია ისეთი ფაქტები, რაც პომპეუს ტროგუსის დიდ ღირსებად უნდა ჩაითვალოს. „ფილიპიკების ისტორია“ ავტორმა დაწერა ლათინურ ენაზე, ეს იყო პირველი შემთხვევა რომაულ საისტორიო მწერლობაში. ნაშრომის დიდი ნაწილი დათმობილი აქვს მაკედონიას, ფილიპე II-ის მოღვაწეობას, ალექსანდრე დიდის ლაშქრობებს, დიადოქოსების ომებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით ტროგუსის მსოფლიოს ისტორიას ეწოდება „ფილიპიკების ისტორია“.

პომპეუს ტროგუსი გამოკვეთილი ანტიმაკედონური ორინეტაციის მწერლად გვევლინება(გამოთქმულია მოსაზრება, რომ რომაელი ისტორიკოსი მითითებისა და კომენტარების გარეშე სარგებლობდა ალექსანდრიელი ისტორიკოსის ტიმაგენეს ნაშრომით). მაკედონიის მიერ საბერძნეთის დაპყრობას იგი უდიდეს ტრაგედიად თვლიდა. საოცრად უარყოფითად ჰყავდა დახასიათებული ფილიპე II და ალექსანდრე მაკედონელი. პომპეუს ტროგუსი საბერძნეთის შესახებ მსჯელობისას, აშკარაა, ეყრდნობოდა ანტიმაკედონური ორინტაციის წყაროს.

  • ქავთარია, გ., ძველი საბერძნეთი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2005. — გვ. 29–30.