პლაგიოკლაზები
| პლაგიოკლაზები | |
|---|---|
| იდენტიფიკაცია | |
| ფერი | თეთრი და მონაცისფრო |
| კრისტალის სინგონია | ტრიკლინური |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 6-6,5 |
| სიმკვრივე | 2620-2760 კგ/მ³. კგ/მ³ |
პლაგიოკლაზები (ბერძნ. plágios — ირიბი და klásis – მტვრევა, გაპობა) — სილიკატების კლასის მინდვრის შპატების ჯგუფში შემავალი მინერალები. ქიმიური შედგენილობის მხრივ, პლაგიოკლაზები წარმოადგენს ნატრიუმ-კალციუმიანი ალუმინისილიკატების — ალბიტისა და ანორთიტის უწყვეტ იზომორფულ რიგს. პლაგიოკლაზები კრისტალდება ტრიკლინურ სინგონიაში. კრისტალები, ჩვეულებრივ, წარმოქმნის რთულ მრჩობლებს. ახასიათებს ტკეჩადობა ორი მიმართულებით. თეთრი და მონაცისფროა. ლაბრადორსა და ოლიგოკლაზს ახასიათებს ირიზაცია. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6-6,5; სიმკვრივე 2620-2760 კგ/მ³. პლაგიოკლაზები მაგმური ქანების ძირითადი ქანთმაშენი მინერალები, გვხვდება აგრეთვე მეტამორფულ ქანებში და ჰიდროთერმულ ძარღვებში. ჰიდროთერმული ხსნარების ზემოქმედებით და აგრეთვე გამოფიტვის შედეგად გადადის ჰიდროქარსებში, ეპიდოტის ჯგუფისა და თიხის მინერალებში. ირიზაციის მქონე ოლიგოკლაზი — მთვარის ქვა და ლაბრადორი სანახელავო ქვაა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 90.