შინაარსზე გადასვლა

პატრიარქის შემოდგომა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„პატრიარქის შემოდგომა“
El otoño del patriarca

ავტორი გაბრიელ გარსია მარკესი
ქვეყანა კოლუმბია
ენა ესპანური
გამომცემელი Plaza & Janes (ესპანეთი)
გამოცემის თარიღი 1975
მთარგმნელი ელზა ახვლედიანი
ქართულად გამოიცა 2009 (სიესტა)
მედია მაგარი და რბილი ყდები
ISBN 0-06-011419-3

პატრიარქის შემოდგომა (ესპ. El otoño del patriarca) — კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის, 1975 წლის რომანი.

წიგნში მოთხრობილია დიქტატორის შესახებ, რომელიც დაუსრულებლად მართავს ქვეყანას. გადის წლები, იცვლება თაობები, მაგრამ იგი ისევ ცოცხალი და უცვლელია. წიგნების ესპანური ინსტიტუტის თანახმად, პატრიარქის შემოდგომა 1975 წელს ესპანეთში ყველაზე პოპულარული წიგნი იყო.[1]

მას შემდეგ რაც მარკესის თვალწინ დაამხეს ვენესუელის დიქტატორი — მარკოს პერეს ხიმენესის, მწერალმა გადაწყვიტა დაეწერა დიქტატორული რომანი (ლათინოამერიკული ლიტერატურის ჟანრი). როგორც ის იხსენებს, „ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან ლათინურ ამერიკაში დიქტატორის დამხობა იხილა“.[2] 1968 წელს მარკესმა „პატრიარქის შემოდგომის“ (El otoño del patriarca) წერა დაიწყო და დასრულებას 1971 წლისთვის ვარაუდობდა, თუმცა, რომანის დახვეწა-შელამაზებას ის უფრო დიდხანს მოუნდა და საბოლოოდ, წიგნი 1975 წელს ესპანეთში გამოიცა.[3] როგორც მწერალი იხსენებს, ეს რომანი „პოემაა ძალაუფლების მარტოობისა“, რადგან ის აღწერს უცხოელი დიქტატორის ცხოვრებას, რომელსაც გენერლის სახით წარმოსახავს. რომანი მიჰყვება გენერლის ცხოვრებასთან დაკავშირებულ ანეკდოტთა სერიას, არაა დაცული არანაირი ქრონოლოგია.[4] მიუხედავად იმისა, რომ ამბის ვითარების ადგილი რომანში დაზუსტებული არაა, წარმოსახვითი ქვეყანა მდებარეობს სადღაც კარიბის აუზში.[5]

სიუჟეტთან დაკავშირებით გარსია მარკესს საკუთარი ახსნა აქვს:

ჩემი განზრახვა ყოველთვის იყო შემექმნა ლათინური ამერიკის, განსაკუთრებით კი კარიბის აუზის ყველა დიქტატორის სინთეზი. მით უმეტეს, რომ ხუან ვისენტე გომესის (ვენესუელა) პიროვნება საკმაოდ ძლიერი იყო, ამას დამატებული ის ფაქტი, რომ მე ის მაჯადოებდა, განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენდა და უდავოა, რომ პატრიარქს მას ვადარებ და არა ვინმე სხვას.[5]

„პატრიარქის შემოდგომის“ გამოქვეყნების შემდეგ, მარკესი და მისი ოჯახი ბარსელონიდან საცხოვრებლად მეხიკოში გადასახლდა და მწერალმა პირობა დადო, რომ არაფერს აღარ გამოაქვეყნებდა, სანამ ჩილეს დიქტატორი აუგუსტო პინოჩეტი არ დაემხობოდა. თუმცა, მან მაინც გამოაქვეყნა „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“, მიუხედავად იმისა, რომ პინოჩეტს კვლავ ეპყრა ჩილეს სადავეები. მარკესის თქმით, მან პირობა იმიტომ დაარღვია, რომ „მას არ შეეძლო დუმილი უსამართლობისა და რეპრესიების საპასუხოდ“.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატრიარქის შემოდგომა საიტზე Goodreads