პატარა დარბაზის ეკლესია
პატარა დარბაზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა დარბაზში. სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით გორის თხემზე.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. კუთხეებში ნათალი ქვებია ჩადგმული. ასევე ჩადგმულია ქვაჯვარების ბაზისები. შიგნიდან და გარედან არქიტრავული კარი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. ინტერიერის მხრიდან არქიტრავად სტელის სვეტია ჩადგმული. ეკლესია დასავლეთის და აღმოსავლეთის სარკმლებით იყო განათებული. აღმოსავლეთის სარკმელი ორივე მხრიდან თაღოვანია. ნახევარწრიული აფსიდი მხრითაა გამოყოფილი. მხრის ამყოლად ქვემოთ მასიური ქვებია ჩადგმული, ზედა ნაწილად კი სტელების სვეტებია თავდაყირა ჩასმული. აფსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელში პატარა მართკუთხა ნიშებია გაკეთებული. სამხრეთი ნიშის კედლად აქაც სტელის ნატეხია ჩადგმული. ქვის ტრაპეზი საკურთხევლის კედელთანაა მიდგმული. კამარა გრძივ კედლებს ყრდნობოდა. ეკლესია ინტერიერიდან შელესილი ყოფილა. საკურთხეველში რამდენიმე დაზიანებული ქვაჯვარი, ჯვრის რელიეფური გამოსახულება და გეომეტრიული დეკორით გაფორმებული ფილა დევს. აქვეა სტელის კაპიტელის პატარა ფრაგმენტი, რომელზეც ამოკვეთილია ბოლნური მედალიონის მსგავსი ვარდული. ტაძრის გარშემო სომხური სასაფლაოა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39348