შინაარსზე გადასვლა

პარაკლისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პარაკლისი (ძვ. ბერძნ. Παράκλησις[paraklesis]— „თხოვნა“, „ვედრება“) — საეკლესიო მღვდელთმსახურების ერთ-ერთი სახე, სავედრებელი ან სამადლობელი ლოცვა, სრულდება მრევლისათვის. შეიძლება იყოს, როგორც საზოგადოებრივი (სრულდება ტაძარში წირვის შემდეგ), ისევე პირადი. პარაკლისი შეიძლება შესრულდეს მორწმუნეთა პირადი სურვილით, როგორც ეკლესიაში, ისე საცხოვრებელ ბინებშიც. საზოგადოებრივი პარაკლისები სრულდება საეკლესიო დღესასწაულებზე და სხვა დიდ დღესასწაულებზე, აგრეთვე დიდ სახელმწიფოებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, საზოგადო უბედურების დროს და სხვა. არსებობს სავედრებელი პარაკლისები თითოეული წმინდანის მიმართ, აგრეთვე საზოგადო პარაკლისები (წმინდანთა დასების მიმართ). გარდა წმინდანთა მიმართ პარაკლისებისა, არსებობს სპეციალური პარაკლისები (ახალი წლისა, სწავლის დაწყებისა, ქრისტეს შობისა, ავადმყოფთათვის, სამადლობელი, უწვიმოებისა, წვიმიანობისა, ეპიდემიის, ომის და სხვადასხვა განსაცდელის დროს და სხვა). პარაკლისების წესები და სხვადასხვა პარაკლისზე სათქმელი საგალობლები წერია სამღვდელო ლოცვანში და სავედრებელ გალობათა წიგნში. პარაკლისის ელემენტებია: ტროპარი, კანონი (ცხრა გალობა), სახარება, კვერექსები, განტევება და სხვა. პარაკლისი შეიძლება შესრულდეს კანონის გალობის დართვით, დაუჯდომელთან და მცირე აიაზმასთან (წყალკურთხევასთან) ერთად, აგრეთვე ლიტანიობით (ეკლესიის ირგვლივ საზეიმო გარშემოვლით). პარაკლისს სპეციალური წესები აქვს პასექის შვიდეულში და ქრისტეს შობის დღეს.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984.  გვ. 678.
  • გაბიძაშვილი ე., „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, თბილისი, 2007.  გვ. 719, ISBN 978-99940-69-47-7.