ოცარცეს ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოცარცეს ციხეარქიტექტურული ძეგლი ქალაქ ზუგდიდში.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოცარცეს ციხე დგას მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირას, რუხის ციხის მოპირდაპირე მხარეს. დღევანდელი თბილის-სოხუმის გზატკეცილი რუხისა და ოცარცეს ციხეების შუაზე გადის. რუხის ციხე გზის მარცხნივ რჩება თბილისიდან მიმავლისათვის, ოცარცე - მარჯვნივ. უცნობია საიდან მოდის ციხის სახელწოდება, ცნობები მისი აშენების პერიოდისა და დამკვეთის შესახებაც არ არის შემონახული.[1]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავარაუდოდ ციხე აგებულია მდინარის ნაპირას ფონის გადმოსასვლელის დასაცავად. ციხე შედგებოდა გალავნის, კოშკისა და ერთი სადგომისაგან. ნაგებია რიყის ქვით. კოშკი წარმოადგენს დიდი ზომის სამსართულიან ნაგებობას, პირველი სართული მიწის ზემოთაა მოთავსებული და სარდაფს წარმოადგენს. გარე კედლები ყრუა, ხოლო მეორე სართულის ჩასასვლელი იატაკშია მოწყობილი. კოშკის ყოველი სართული კამარითაა გადახურული და კონსტრუქციულად კარგად შეკრული.

მდინარის მხარეს კოშკსა და გალავანს შუა, მოთავსებულია ტალანივით ვიწრო და გრძელი სათავსი, რომლის შესასვლელი ეზოდანაა, ჩრდილოეთის მხარეს. ამ სათავსს კოშკის მხრიდან განლაგებული ჰქონია რამდენიმე დიდი და პატარა სამეურნეო დანიშნულების ნიში. სათავსი ნათდებოდა მდინარის მხრიდან დატანილი სარკმლით. თვით კოშკში შესასვლელი მოთავსებულია მდინარის მხარეს მეორე სართულზე. ეს სართული ჩვეულებრივზე მაღალია, მესამე კი - დაბალი. ორივე სართული აღჭურვილია სათოფეებით.

ციხე მდინარის კლდოვან ფლატეზე დგას. მისი ერთადერთი შესასვლელიც, რომელიც სამხრეთით მდებარეობს, შვეულ კლდეზეა. ჩრდილოეთით და დასავლეთით გორაკს ჩვეულებრივი ქანობი აქვს. მისი დაცვა ეკისრებოდა გალავანს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26565

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ოცარცეს ციხე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-25. ციტირების თარიღი: 2021-07-25.