ოლიმპი (მარსი)
ოლიმპის მთა (ლათ. Olympus Mons) — ჩამქრალი ვულკანი მარსზე, რომელიც მზის სისტემაში ყველაზე მაღალი პლანეტაზე მდებარე მთაა. სახელი შერქმეულია ბერძნულ მითებში მოხსენიებული ოლიმპოს მთის მიხედვით, სადაც ცხოვრობდნენ ოლიმპოს ღმერთები.
კოსმოსური ხომალდების გაფრენამდე (რომლებმაც დაადასტურეს, რომ ოლიმპი მთაა) ეს მთა ასტრონომებისთვის ცნობილი იყო როგორც Nix Olympica („ოლიმპის თოვლი“).
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფუძვლიდან ოლიმპის სიმაღლეა 21,2 კმ, რაც 2,6-ჯერ აჭარბებს დედამიწის ყველაზე მაღალი ვულკანის მაუნა-კეას სიმაღლეს (საფუძვლიდან მისი სიმაღლეა 10,2 კმ). ოლიმპი გაშლილია 540 კმ. დიამეტრის ფართობზე და აქვს 7 კმ.-მდე სიმაღლის ციცაბო ფერდობები. მათი წარმოშობის მიზეზი ჯერჯერობით არაა მკაფიოდ განსაზღვრული, თუმცა ბევრ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ოდესღაც მარსზე არსებული ოკეანის მიერ ფერდობების ჩამორეცხვით.
ოლიმპის ვულკანური კალდერის სიგრძეა 85 კმ, ხოლო სიგანე — 60 კმ. კალდერის სიღრმე კი ექვსი გადაფარული ვულკანური კრატერის წყალობით აღწევს 3 კმ-ს. შედარებისათვის, დედამიწაზე ყველაზე დიდი ვულკანის, ჰავაის შტატში არსებული მაუნა-ლოას კრატერის დიამეტრი შეადგენს 6,5 კმ-ს.
ატმოსფერული წნევა ოლიმპის მწვერვალზე შეადგენს 2 %-ს მარსის ზედაპირის საშუალო დონესთან შეფარდებით (შედარებისთვის, წნევა ევერესტის მწვერვალზე შეადგენს 25 %-ს ზღვის დონესთან შეფარდებით).
ოლიმპი იკავებს იმხელა ფართობს, რომ მისი მთლიანი დანახვა შეუძლებელია პლანეტის ზედაპირიდან. შესაბამისად, რომ დავდგეთ ვულკანის უმაღლეს მწვერვალზე, მისი ფერდობები გასცდება ჰორიზონტს.
ვულკანიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლომპი ჩამქრალი ვულკანია, რომელიც წარმოიქმნა ამოფრქვეული ლავის ნაკადებისგან. ვინაიდან ვულკანის სიგანე 3-ჯერ აღემატება მის სიმაღლეს, სავარაუდოა, რომ ამოფრქვევა გრძელდებოდა დიდი ხნის მანძილზე.
აპარატ „მარს-ექსპრესის“ ფოტოსურათების ანალიზმა ცხადყო, რომ ოლიმპის ფერდობზე არსებული ყველაზე გვიანდელი ლავის ასაკია დაახლოებით 2 მილიონი წელი. ამიტომაც, არაა გამორიცხული, რომ ვულკანი კვლავ ამოქმედდეს.
ოლიმპის გიგანტური ზომა მიანიშნებს იმაზე, რომ მარსს დედამიწისგან განსხვავებით შესაძლოა არ გააჩნდეს ტექტონიკური ფილები. ვინაიდან არ ხდება ფილების მოძრაობა, ვულკანი შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდი ხნის მანძილზე.
გარემოცვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლიმპი მდებარეობს ფარსიდის პროვინციაში, სადაც არსებობენ სხვა გიგანტური ვულკანებიც: არსიას, ფარშევანგის და ასკრიის მთები, თუმცა ყველა მათგანი სიდიდეში ჩამოუვარდება ოლიმპს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Astronomy Picture of the Day 26 May 2004
- Western Flank of Olympus Mons and Aureole დაარქივებული 2006-02-15 საიტზე Wayback Machine.
- Volcanism on Mars დაარქივებული 2004-06-03 საიტზე Wayback Machine. [1] დაარქივებული 2012-10-21 საიტზე Wayback Machine. [2] დაარქივებული 2012-10-21 საიტზე Wayback Machine.
- Olympus Mons from Google Mars