ნიობე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიობე არტემიდესა და აპოლონისაგან შვილების დაცვას ცდილობს, ჟაკ ლუი დავიდი, 1772 წელი.

ნიობე (ბერძ. Νιόβη) — თებეს თავმომწონე დედოფალი და თავისი ქედმაღლობის მსხვერპლი. მანისას ახლოს მდებარე ქალაქის, ტანტალისის მეფის, ტანტალოსისა[1] და პლეადა ტაიგეტეს ან ჰაიდეს-დიონეს ამაყი ქალიშვილი, პელოპისა და ბროტეასის და. თებეს გმირი მეფის, ამფიონის მეუღლე, მამასავით ზვიადი, ტანტალიდების დაწყევლილი მოდგმის ერთ-ერთი უბედური სახე. ნიობეს მამა, ხშირად ფრიგიელად მოიხსენიება, ზოგან კი, ფრიგიის მეფედ.[2]

მთავარი თემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიობემ, ღმერთებთან ქიშპობით თავი დაიღუპა. ამაყობდა იმით, რომ მრავალი შვილი ჰყავდა: ერთ-ერთი ვერსიით, 6 ვაჟი და 6 ქალიშვილი. ოვიდიუსის, ევრიპიდესა და აპოლოდორეს თანახმად — შვიდ-შვიდი, ხოლო საფოს ცნობით — ცხრა-ცხრა; ჰესიოდესა და პინდარეს მიხედვით კი — ათ-ათი. აშკარად დასცინოდა ზევსის ადრინდელ ცოლ ლეტოს, რომელსაც სულ ორი შვილი ჰყავდა — ტყუპი აპოლონი და არტემიდა. „უწინ ლეტო და ნიობე ახლო მეგობრები იყვნენ“, (საფო; ფრაგმენტი 119) შემდეგ კი მეგობრობა განხეთქილებად იქცა. ნიობემ თებელ ქალებს, ლეტოსა და მისი შვილების თაყვანისცემა აუკრძალა, რადგანაც მეტი შვილის ყოლის გამო თავს უფრო პატივსაცემად თვლიდა. სიამაყით დაბრმავებულმა ნიობემ ის კი ვერ განსაზღვრა, რომ ლეტოს ორი შვილი ჰყავდა, მაგრამ ორივე ღმერთი იყო, ხოლო თავის შვილთაგან კი ღმერთი არცერთი არ ყოფილა. მოთმინებიდან გამოსულმა ლეტომ, შვილებს შესჩივლა, რომ მოკვდავი ნიობე თავს მიტოლებს და შვილების სიმრავლით გაამაყებული სიცოცხლეს მიმწარებსო. განრისხებული აპოლონი და არტემიდა თებეში ჩაფრინდნნენ. აპოლონმა უხილავი ისრებით ვაჟები გაჟლიტა, არტემიდემ კი ქალები. ღმერთების მცირეწლოვანებიც არ დაუნდიათ. ნიობემ, საკუთარი ვაჟების გვამებით მოფენილი მინდორის დანახვის შემდეგაც არ მოიხარა ქედი. „შვიდი ასული კიდევ მყავს, შენზე ბედნიერი დედა მაინც ვარ“ — მიუმართავს ლეტოსთვის. სწორედ მაშინ დაუხოცა არტემიდამ ქალები. ცხრა დღე და ღამე ველზე ეყარა გვამები. დამმარხავი არავინ იყო, ხალხიც გულქვად აქციეს ღმერთებმა, მაგრამ ბოლოს, მეათე დღეს, ნიობიდები თავად ღმერთებმა მიაბარეს მიწას. ტირილისაგან დაოსებული, გონდაკარგული ნიობე, ზეზეულად ქვად (ქანდაკებად) იქცა. ღმერთებმა ქარიშხალი ატეხეს, ეს ქვა შორეულ ლიდიაში, ნიობეს სამშობლოში ჩაიტანეს და სიპილოსის მთაზე დადგეს. ცივი ქვაც გრძნობს იმ მწუხარებას, რაც ღმერთებმა დაატეხეს თავს. ამფიონმა მწუხარება ვერ აიტანა და თავი ჩამოიხრჩო (სხვა ვერსიით, აპოლონის ტაძარს დაესხა თავს და ღმერთებმა ისიც ისრით განგმირეს). ამ უძველეს ვერსიას ჰომეროსი მოგვითხობს.[3]

ლიტერატურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიობეს ქალიშვილი, შეშინებული ატეხილი ტერორით, ნიობეს ოთახი უფიცის გალერეაში

ნიობიდების დახოცვის შესახებ ცნობები არაერთგვაროვანია. აპოლოდორეს მიხედვით, აპოლონმა ვაჟები კითერონის მთებში დახოცა, ქალები კი შინ, არტემიდამ ამოჟლიტა. ვაჟებიდან ამფიონი გადარჩა, ხოლო ქალებიდან უფროსი ქალიშვილი ქლორიდა, შემდგომში ნელევსის ცოლი და ბრძენი ნესტორის დედა; ან გადარჩნენ ამიკლე და მელიბეა, ამფიონი კი აპოლონმა განგმირა (ეს ვერსიაა მოცემული ევრიპიდეს ნაშრომში – „ბაკქელი ქალები“ და სოფოკეს ნაშრომში — „პენეთევსი“). ნიობე კი, თითქოს ლიდიაში დაბრუნდა ტანტალოსთან და თვითონ შეეხვეწა ღმერთებს ქვად მაქციეთო. სურვილი ზევსმა აუსრულა, მაგრამ ცრემლი ქვასაც კი სდის. ოვიდიუსის მიხედვით, ვაჟები საასპარეზო მოედანზე დახოცეს, ქალები კი, ძმების გასვენებაზე ან ლიდიაში. ჰომეროსისა და ოვიდიუსის ვერსიებს შტოლი, შვაბი, კუნი და სხვა მთხრობელები იმეორებენ.[4]

ნიობესა და ლეტოს კონფლიქტი ასახულია საფოს ერთ-ერთ ფრაგმენტში.[5] ლათინურერნოვან წყაროებში, ნიობეს შესახებ პირველადგაიუს იულიუს ჰიგინუსთან ვხვდებით.

ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდესთვის ნიობეს დარდი შთაგონების წყარო გახდა, ისევე, როგორც მიჯაჭვული პრომეთე და ტყვე მისანი კასანდრა, პრიამოსისა და დედოფალ ჰეკაბეს უმშვენიერესი ქალიშვილი, თავის ტიტანურ უბერურებაში დუმს და დუმილით ქვავდება. ნიობესადმი ინტერესი არასდროს განელებულა. ბოკაჩომ ხელახლა აღწერა იგი, ჰანს საქსმა კი დრამა მიუძღვნა.

ტრაგედია დავის საგანი გახდა მოაზროვნეთათვის. პლატონი ღმერთების მსგავს უსაზღვრო სისასტიკეს უარყოფდა, არისტოტელე ნიობეს შვილების გადამეტებულ სიყვარულს სდებდა ბრალად. პლუტარქემ, ფილემონმა და ციცერონმა მრავალმხრივი ფილოსოფიურ-მორალური მიმართულებით ახსნეს ეს მითი.[6]

ხელოვნებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიობეს კაეშანი ჯერ კიდევ არქაულ ბერძნულ ხელოვნებაში ასახეს (შავფიგურიან ამფორაზე გამოსახული არიან: ლეტო, არტემიდა, აპოლონი და ორი ნიობიდი). ძვ.წ. V საუკუნიდან ამ თემას ეძღვნება უამრავი მხატვრული ნიმუში: განგმირული ნიობიდის ასლი თერმებში (რომი), მარმარილოს დისკო (ლონდონი), ზევსის ტახტის რელიეფი (ოლიმპია), უმცროსი ასულის ქანდაკების ასლი და სხვა. ნახატები შექმნეს ტინტორეტომ (1545–1548, ვენეცია), პალმამ (1590, პრაღა), მასონმა (1947, პარიზი) და სხვებმა. აბსტრაქტულად დახატა კაროლი პატკომ.[7]

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გელოვანი, ა, მითოლოგიური ლექსიკონი, პალიტრა L, თბილისი, 2016, ISBN 978-9941-21-968-9.
  • აპოლოდორე, ბიბლიოთეკა, III.5.6.
  • ოვიდიუსი, მეტამორფოზები VI.145–310.
  • Robert Manuel Cook, 1964. Niobe and Her children (Cambridge University Press). Summary of the most recent research on ancient Niobid representations, pp. 6–30.
  • Albin-Lesky, "Niobe" in Realencyclopädie der Classischen Altertumswissenschaft xxxiii (1936:644–73) for a full discussion of the complexities of Niobe's theme.
  • Virginia Brown's translation of Giovanni Boccaccio’s Famous Women, pp. 33–35; Harvard University Press 2001; ISBN 0-674-01130-9
  • Ekrem Akurgal (2002). Ancient Civilizations and Ruins of Turkey: From Prehistoric Times Until the End of the Roman Empire. Kegan Paul. ISBN 0-7103-0776-4. 
  • George E. Bean (1967). Aegean Turkey: An archaeological guide. Ernest Benn, London. ISBN 978-0-510-03200-5. 
  • Cecil John Cadoux (1938). Ancient Smyrna: A History of the City from the Earliest Times to 324 A.D.. Blackwell Publishing. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. George Perrot (1892). History Of Art In Phrygia, Lydia, Caria And Lycia. Chapman and Hall, გვ. 62. ISBN 978-1-4067-0883-7. 
  2. Thomas Bulfinch (2010). Bulfinch's Mythology. CreateSpace Independent Publishing Platform. ISBN 1440426309. 
  3. გელოვანი, ა, მითოლოგიური ლექსიკონი, პალიტრა L, თბილისი, 2016, გვ.488-489.
  4. იქვე, გვ.489.
  5. John Myers O'Hara (1924). The poems of Sappho: an interpretative rendition into English. Forgotten Books. 
  6. იქვე, გვ. 489
  7. ნახატი შეგიძლიათ, იხილოთ აქ.