ნინოწმინდის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნინოწმინდის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის ჩრდილო-დასავლეთით, შვიდასიოდე მეტრზე, მთაზე. ეკლესიას ჰქონდა სამშენებლო წარწერა, რომელიც 1955 წელს უნახავს თ. კარნაველს. მკვლევრის წაკითხვით წარწერა შემდეგი შინაარსისაა: „[წყა]ლობითა ღვთისათა აღშე[ნებულია] ესე სახელსა წმიდის ღვთისმშობლის მარიამისა ჩყა (ან ჩყგ თუ ჩყკ) წელსა წარსაგებელითა იოანესი დააშვილისა და სოლომან[ის] მეუღლისა სულასა (?) და ნავრისა (?).“ წარწერის თანახმად ეკლესია აგებულია 1801 (ან 1803 ან 1810) წელს.

ეკლესია დარბაზულია, უაფსიდოა. შენობის კედლები ამოყვანილია სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის ნატეხი ქვით, რიყის ქვით და კირის დუღაბით. გარეთა კუთხეები და არქიტექტურული ელემენტები ქვიშაქვის ნათალი ქვებითაა ნაწყობი. კედლები, შიგნით და გარედან, გასწორებულია დუღაბით, რომლითაც ქვებს შორის დარჩენილი არეებია ამოვსებული.

შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი თარაზულადაა გადახურული. ეკლესიის შიდა სივრცე, გრძივი კედლების შუაში არსებული პილასტრების წყვილით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით, ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. მათ შორის აღმოსავლეთ ნაწილი მთლიანად საკურთხეველს უკავია, დასავლეთისა კი მლოცველთათვისაა განკუთვნილი. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედლის ღერძზე გაჭრილია მაღალი, ნალისებრთაღოვანი სარკმელი, რომლის წირთხლები ქვითაა ნაწყობი, თაღი კი - ეგრეთ წოდებული ქართული აგურით. სარკმლის გარეთა ღიობი, შიდა ღიობთან შედარებით, გაცილებით პატარაა და ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული.

საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში, თითო განიერი ნიშაა. ორივე აგურით ნაწყობი, ბრტყელი თაღითაა გადახურული. პილასტრები რიყის ქვითაა გამოყვანილი. ორივე მთლიანი ქვის პროფილირებული კაპიტელითაა დაგვირგვინებული, რომლებზეც საბჯენი თაღითაა დაყრდნობილი. საკუთრივ თაღი, როგორც ეს სამხრეთ გვერდის შემორჩენილი ნაწილიდან ჩანს, აგურით ყოფილა ნაწყობი.

შიგნით ეკლესია გადახურული იყო ნატეხი ქვით ნაწყობი, ერთიანი კამარით, რომლისგანაც ნაწილიღაა შემორჩენილი.

ფასადები სადაა. აღმოსავლეთ სარკმლის ღიობი ქვიშაქვის ოთხი ქვისგანაა შედგენილი. სარკმლის გასწვრივ, ფრონტონის არეში, აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი ჯვრის გამოსახულებაა. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის თავზე, წყობაში ჩასმულია ქვიშაქვის ქვა, რომელსაც ზედა მარჯვენა კუთხე მოტეხილი აქვს. ქვაზე ამოკვეთილია მცირედ შეღრმავებული, სამკუთხა თაღით დასრულებული არე, რომლის ღერძზე სამკუთხა კვერცხლბეკზე დადგმული ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა.

1987 წელს სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ეკლესია თვითნებურად გაარემონტა, რის შედეგადაც შენობამ თავდაპირველი სახის განმსაზღვრელი, რამდენიმე მნიშნველოვანი დეტალი დაკარგა. რემონტის დროს ინტერიერის დიდი ნაწილი რკინა-ბეტონის ფილებით გადახურეს, კედლების თავი სახურავის კალთები ცემენტისა და ქვიშის ხსნარით გაასწორეს და შენობა დარისებრი კრამიტით დაბურეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]