ნიაბის საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიაბის საცხოვრებელი სახლი — ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ნასოფლარის განაპირას, წმინდა გიორგის ეკლესიისაკენ მიმავალი გზის პირას არის აღმართული. ნაგებობა ნაშენია ქვით, გადახურულია კრამიტის ოთხფერდა სახურავით. პირველ სართულზე სამეურნეო სადგომები იყო განთავსებული, მეორეზე - საცხოვრებელი. მთავარი ფასადის მთლიან მეორე სართულს ხის აივანი იკავებს, რომელიც დღეისათვის ძლიერ არის დაზიანებული. აივანი სახლის ერთიან გადახურვაშია მოქცეული, რომელიც ხის სვეტებს ეყრდნობა. ხის მოაჯირი ჭვირული ელემენტებით იყო გაფორმებული, შემორჩენილია სულ მცირე ფრაგმენტები. აივნის ცალი კიდე ქვის კედლით არის შემოსაზღვრული, ანალოგიური დეტალი უნდა ყოფილიყო მის მეორე მხარესაც.

მეორე სართულზე მოხვედრა ფასადის მარჯვენა ნაწილში, აივნის მიმყოლი კიბით არის შესაძლებელი. თავდაპირველი მარში ახალი კიბითა და მოაჯირით არის შეცვლილი. აივანს ორი დამოუკიდებელი ოთახი უკავშირდება, რომელთა მართკუთხა მოყვანილობის ღიობებიც სიმეტრიულად არის გაჭრილი, ცენტრში მოქცეულია კარი, მის ორსავ მხარეს კი თითო ფანჯარა. ცალ-ცალი დამატებითი სარკმელია გვერდით კედლებში. პირველი სართულის ფასადი შესასვლელებითა და ერთი ფანჯრით არის დანაწევრებული. აღწერილი საცხოვრებელი სახლი, მასალისა და აგებულების მიხედვით, ქართლის ტრადიციული სახლის ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს. ნასოფლარის ტერიტორიაზე ის ერთადერთი შემორჩენილი საცხოვრებელი სახლია, სწორედ ამიტომ, მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38214