ნატურალიზაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნატურალიზაცია (ბიოლოგია).

ნატურალიზაცია — სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეობის მინიჭება უცხოელისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის მისი თხოვნის თანახმად.

ნატურალიზაცია არის ფიზიკური პირისათვის პირადი თხოვნის (განცხადების) ან თანხმობის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქეობის მინიჭება ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ. ნ–ით მოქალაქეობის მიღების წესს არეგულირებს შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნორმები საქართველოს კანონში მოქალაქეობის შესახებ (მიღებულია 25.03.1993), ჩამოთვლილია ნ–ის წესით მოქალაქეობის მიღების შემდეგი პირობები:

  • პირი მუდმივად ცხროვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში;
  • დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა;
  • დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და კანონმდებლობა;
  • საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან რაიმე უძრავი ქონება,

კანონი ითვალისწინებს გამონაკლისს ცალკეული კატეგორიის პირების მიმართ, როდესაც დაშვებულია ასეთი პირის განთავვისუფლება ზემოთა ჩამოთვლილი პირობებისაგან. კერძოდ, კანონის თანახმად (27–ე მუხ.) საქართველოს პრეზიდენტს, გამონაკლისის სახით, უფლება აქვს, ჩამოთვლილი პირობების შეუსრულებლად საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს ამა თუ იმ პირს, რომელსაც:

  1. კაცობრიობის ან საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო ან საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს ისეთი პროფესია, ან კვალიფიკაცია, რომელიც ხელსაყრელია საქართველოსთვის;
  2. მისთვის მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან. ამავე კანონით განსაზღვრულია, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭება პირს, თუ იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წელზე მეტი ვადით, და თუ ეს ნასამართლეობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული (26–ე მუხ.)[1].

სქოლიო[რედაქტირება]