ნატბეურის მინის სახელოსნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნატბეური, XIII საუკუნის II ნახევარი — XIV საუკუნის დასაწყისი მინის საწარმოს ნაშთი სოფელ ქვემო ნიჩბისიდან 10 კმ-ზე, დამშრალი ხევის — „წიწილის წყაროს“ შუა წელზე (მცხეთის რაიონი). გათხარეს 1972 წელს (ხელმძღვანელი ნ. უგრეხელიძე). ნაგებობა პატარაა (ფართობი 24 კვ. მ). ერთი მხრიდან კლდეზეა მიშენებული. გამოვლინდა ნატეხი ქვებით ამოშენებული მინის სალღობი ქურა — თაკარა. მისი შემადგენელი ნაწილებიდან შემორჩენილი იყო საცეცხლე, ჰაერსადენი საკანი, მინის სალღობი აბაზანა და აბაზანის წინ გამოყვანილი საკვამლე ხვრელი. გამოწვის პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობდა: კაზმს ათავსებდნენ აბაზანაში, საცეცხლეში შენთებული ძლიერი ცეცხლიჰაერსადენ საკნიდან გადადიოდა და ადნობდა კაზმს, კვამლი კი აბაზანის წინ მოთავსებულ საკვამლეში გადიოდა. მზა ნაწარმის გაცივება ალბათ თაკარის ზედა სართულში ხდებოდა (ამ ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია). ნატბეურის თაკარა თავისი კონსტრუქციით გაცილებით რთულია შუა საუკუნეებში ყველა ცნობილ მინის სალღობ ქურასთან შედარებით. მინის წარმოების ნედლეულიდან საყურადღებოა სახელოსნოში ნაპოვნი კაჟი და მანგანუმი. იქვე აღმოჩნდა ქვესანაყი, რკინის კავი და დანა. ნატბეურის მინის საწარმოში მზადდებოდა მინის ჭურჭელი და სამაჯურები. მინა შედარებით მდარე ხარისხისაა, ტიპები ერთფეროვანი. მაგებობის სამხრეთ კედელში კარი იყო, საიდანაც ფერდობზე იყრებოდა საწარმოს წუნდებული ნაწარმი. ნატბეურის საწარმო მინისნივთბით ამარაგებდა მისგან ორიოდე კმ-ზე მდებარე სოფელ ლელობთან არსებულ სამოსახლოს, სადაც ამ სახელოსნოს ნაწარმი აღმოჩნდა. ნატბეურის მინის საწარმოს არსებობა შეუწყვეტია მონღოლთა ერთ-ერთი შემოსევის დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]