შინაარსზე გადასვლა

ნარ-ძუარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნარ-ძუარი (ოს. Нары дзуар) — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ისტორიულ დვალეთში, სოფელ ნარში.

1974 წლის აგვისტოში ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ, სოფელ ნარის სიახლოვეს, აღმოსავლეთისაკენ, მთის ფერდობზე მიაკვლია ტუფის ქვით (აქა-იქ ფიქალიცაა გამოყენებული) ყორულად ნაგებ წმინდა გიორგის სახელობის დანგრეულ სამლოცველოს. იგი დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე. შესასვლელი დასავლეთის კედელში აქვს დატანებული. ეკლესიას გარს ევლება ფიქლით ასევე ყორულად ნაგები ოთხკუთხა ზღუდის ნანგრევები. მის სიახლოვეს შეინიშნება სამარხთა კვალი. საყურადღებოა, რომ „ძუარის“ სხვადასხვა ადგილას ჩაშენებულია ჩუქურთმიანი ლავგარდნის შვიდი ქვა, ვიწროხვრელობიანი სარკმლის ზედანი, ნახევარწრიული ტიმპანი (რადიუსი 0.5 მ) და თაღის ორი დიდი ქვა. დიდ ყურადღებას იპყრობს ლავგარდნის ჩუქურთმიანი ქვები (სიმაღლე 0.29 მ). სამ მათგანზე გამოსახულია ასეთი ჩუქურთმა: ქვის ზედა ნაპირი — თარო სადაა, ხოლო ქვედას გაუყვება მრგვალი რელიეფური „ღილები“, მათ შორის სივრცე კი შევსებულია ორღარიანი ლენტით წნული რომბისებური ორნამენტით, რომბებს შიგნით გამოხაზულია რომბი, ხოლო წნული რომბების კუთხეებში — სამკუთხედი. ლავგარდნის ერთ ქვაზე, რომლის ჩუქურთმა ზემოთ აღწერილ ჩუქურთმას იმეორებს, რომბისებრი წნულის მაგივრად ელიფსური ორნამენტული მოტივია გამოსახული. ლავგარდნის დანარჩენ სამ ქვაზე კი ჩუქურთმა წარმოადგენს 0.1 მ სიმაღლის ერთმანეთისაგან 0.05 მ-ით დაშორებულ ცილინდრულ შვერილებს. აღსანიშნავია, რომ ლავგარდნის ჩუქურთმათა ღარები აგურისფრადაა შეფერადებული.

აღწერილი ორნამენტული დეკორი გარკვეულ მსგავსებას ავლენს X საუკუნის შუახანებითა და II ნახევრით დათარიღებულ (რ. მეფისაშვილი) ქართული ძეგლების (ერედვის „ბერის საყდარი“, კუდაროს „ნადარბაზევი“ და სხვა) დეკორთან. ამასთანავე, ჩუქურთმის ლენტის დაწევრების ტექნიკური ხერხით იგი შესაძლებელია XI საუკუნის დასაწყისსაც ეკუთვნოდეს, რამდენადაც ამ პერიოდში ქართული ორნამენტული კვეთის ტექნიკაში შემოდის და უაღრესად გავრცელებული ხდება ჩუქურთმის მომხატველი ლენტის დანაწევრება ორი ღარით (შდრ. ქუთაისის ბაგრატის ტაძარი, მანგლისი, სამთავისი, სვეტიცხოველი და სხვა[1]).

მეცნიერთა ვარაუდით, დღევანდელი ნარ-ძუარის ადგილზე, ან მის სიახლოვეს X საუკუნის II ნახევარსა და XI საუკუნის დასაწყისში ტუფის ქვით აიგო ქართული ეკლესია, რომელსაც ჰქონდა ტიპმანიანი კარი, ვიწრო სარკმელი, ჩუქურთმიანი ლავგარდანი და შიგნიდან იყო შელესილი.

აღსანიშნავია, რომ ლავგარდანს სხვადასხვა ფასადზე, ისევე, როგორც მთელ რიგ ქართულ არქიტექტურულ ძეგლებზე (კუმურდო, ტყობა-ერდი და სხვა), განსხვავებული ორნამენტული მოტივი ჰქონდა. ამასთანავე, ჩუქურთმის ნახატის ხაზგასასმელად, მისი ღარები შეფერადებული იყო (შდრ. იკვი, ნიკორწმინდა, საფარის წმ. საბას ტაძარი და სხვა) არსებული მასალებით. როგორც ჩანს, იმ ეკლესიის დანგრევის შემდეგ, მისი ქვები ნარ-ძუარის მშენებლობისას (სავარაუდოა, გვიან შუასაუკუნეებში) გამოუყენებიათ.

ნარ-ძუარის თავდაპირველი ნაგებობის აშენების დრო ემთხვევა დვალეთის ტერიტორიაზე ცნობილი ქართული საკულტო ხუროთმოძღვრული ძეგლების — ხოზიტა მად-მაირამისა და სოფელ თლის ეკლესიების, რომლებიც XI საუკუნის I ათწლეულითაა დათარიღებული, მშენებლობის (ვ. დოლიძე) ეპოქას. ამასთან დაკავშირებით საყურადრებოა აღინიშნოს, რომ ადრეფეოდალური ხანის მიწურულს (X საუკუნე) ნიქოზის საეპარქიოში, რომლის მოღვაწეობის სფეროშიც დვალეთიც შედიოდა, ფართოდ მიმდინარეობს ეკლესიების მშენებლობა[2]. დვალეთის ტერიტორიაზე ეკლესიების აგება იმავე ისტორიული პროცესის გამოხატულებაა, რომლის შედეგიცაა საქართველოს მთიანეთსა და აგრეთვე იმიერკავკასიაში IX-XI საუკუნეების ქართული ქრისტიანული საკულტო ნაგებობების წარმოქმნა და რომლის მიზეზებიც საქართველოს სახლმწიფოებრივსა და აგრეთვე, იმიერკავკასიის ხალხთა ისტორიულ განვითარებაში ძევს.

  • გივი ღამბაშიძე, „ქართული კულტურის ძეგლები დვალეთში“, „საბჭოთა ხელოვნება“, №3, თბ., 1976
  1. რ. შმერლინგი, „ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი“, თბ., 1954, გვ. 10-11
  2. В. Н. Гамрекели, «Двалы и Двалетия в I-XV вв. н. э». Тб., 1961, ст. 82-83