შინაარსზე გადასვლა

მწვადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მზა, შემწვარი მწვადი

მწვადიკავკასიელ და აზიელ ხალხთა კერძი. ტრადიციულად მზადდება ბატკნის ან ღორის ხორცისგან ლითონის ან ხის შამფურებზე. ამ კერძის მომზადებას დიდი ისტორია აქვს.

მწვადი ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ თერმულად დამუშავებულ კერძად ითვლება. ადამიანისთვის ნაცარ-ნაღვერდალში ხორცის შეწვა შედარებით მარტივ ხერხს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე მწვადს თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს ანალოგი და ყველა ერი თავის ეროვნულ კერძებს შორის ასახელებს, თუმცა ამის მიუხედავად ის კავკასიელი და აზიელი ხალხის ტრადიციულ კერძადაა მიჩნეული.

მწვადი საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუკი სხვაგან ბატკნისა და ხბოს მწვადი უფროა აღიარებული, საქართველოში ყველაზე პოპულარულად ღორის ხორცის მწვადი ითვლება, განსაკუთრებით — ქართული ჯიშის ღორისგან მომზადებული. მწვადის შეწვის მეთოდი სხვადასხვანაირია — იწვება ლითონის ან ხის შამფურებზე, თონეში, ტაფაზე, ღუმელში ან მაყალზე.

ქართულ გასტრონომიულ კულტურაში განსაკუთრებული ფენომენს კახური მწვადი წარმოადგენს. მწვადისთვის ხორცი აუცილებლად კახური ჯიშის ღორისა უნდა იყოს, ნაკვერჩხალი კი, რომელზედაც იწვება, — წალმის (ვაზის ნასხლავი) ან დეკის (ბუჩქოვანი მცენარე), რომელიც ასეთი წესით შემწვარ ხორცს განუმეორებელ გემოსა და სირბილეს ანიჭებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა კახური ქვევრის ღვინით ან ბროწეულის წვენით იცვარება.

„ლუკმა-ლუკმა“ დაჭრილ ხორცის „ჩირებს“ აასხამენ შამფურზე და მარილმოყრილს ნაკვერჩხალზე ატრიალებენ. კარგ მწვადს უნდა ჰქონდეს ჭენჭი (საბა), მწვეთი (გუდ. მთ.), მცვარი (ერწო), (აქედან: „ცვრიანი მწვადი“ — შეწვის დროს მწვადიდან განადენი ქონის წვეთები). სუფრაზე შამფურით მიიტანენ და ხელით ჩაცლიან ჯამებში. იციან აგრეთვე, ნაცარ-ნაღვერდალში შეწვა. ხორცის შეწვის ეს მარტივი ხერხი ადამიანთა მოდგმისთვის საერთოა და ალბათ, ამიტომაც მწვადს თითქმის ყველა ერი თავის ეროვნულ კერძად მიიჩნევს. ნანადირევის მწვადების შეწვა ადგილზე, სიპზე სცოდნიათ, ან „დეკას“ ფოთოლს დაანაცრებენ, დეკის ტარისგან შამფურს გააკეთებენ და შეწვავენ. კახელები წალმის ნაკვერჩხალზეც წვავენ.[1]

რუსულად „შაშლიკ“ (шашлык). ბერძნულად „სუვლაკი“ (σουβλάκι), სომხურად „ხოროვაწი“ (խորոված).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]