მცხეთის გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მცხეთის გორა — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ მცხეთის ჩრდილო ნაწილში, ძეგლი დაზიანებულია.

მცხეთის გორაზე 1957 და 1962 წლებში მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ა. კალანდაძის ხელმძღვანელობით, გათხარა თლილი ქვითა და კირის ხსნარით ნაგები გვიან ანტიკური ხანის მცხეთის ზღუდის ნაწილი, გვიან ანტიკური ხანის ადრიან ფეოდალურ ხანაზე გარდამავალი პერიოდის დაგანვით, ფეოდალური ხანის ნაგებობის ნაშთი და მარანი. 1975-1980 წლებში მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ა. აფაქიძის ხელმძღვანელობით, გორაზე გათხარა ალიზის ზღუდისა და თიხატკეპნილი იატაკის მქონე ნატეხი ქვით ნაგებ სათავსთა ფრაგმენტები და სამაროვანი, აღმოჩნდა რამდენიმე თიხის თონე-სათბური, ღარიანი და ბრტყელი კრამიტების, ჩალისფრად გამომწვარი თიხის ყელწიბოიანი ჭიჭლა-ხელიდების ნატეხები, რკინისა და ბრინჯაოს წვრილი ნივთები, შინაურ ცხოველთა ძვლები, ნაცარი, ნახშირი, ბათქაშისა და ალიზის ნამტვრევები. სამაროვანი ორფენიანია. I ფენა ძირითადად შედგება ფილაქვით ნაგები ქვაყუთებისაგან, რომლებშიც ქრისტიანული დაკრძალვის წესი დადასტურდა. თარიღდება ადრიან ფეოდალური ხანით, II ფენა წარმოდგენილია ორმოსამარხებით, რომლებიც ადრიან ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება.

მოპოვებული მასალა ინახება მცხეთის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]