მორიც დეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მორიც დეში (უნგრ. Moritz von Déchy; დ. 1851 — გ. 1917) — უნგრელი მოგზაური, მკვლევარი, ალპინისტი.

XIX საუკუნის 80-იან წლებში იმოგზაურა ალპებში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებში, ჩრდილოეთ აფრიკაში, შპიცბერგენსა და ჰიმალაიში. დიდი წვლილი მიუძღვის კავკასიის მაღალმთიანი რაიონების შესწავლაში. 1884–1902 წლებში მან 7-ჯერ იმოგზაურა კავკასიაში. მოიარა საქართველო (აფხაზეთი, სვანეთი, თუშეთი, ხევსურეთი), ჩრდილოეთი კავკასია; იმოგზაურა კავკასიონის ცენტრალური ნაწილის გაყოლებით, ავიდა ასმაშზე, ქომიტოზე, მყინვარწვერზე, იალბუზზე, თეთნულდზე (დ. ფრეშფილდთან ერთად) და სხვა მწვერვალებზე. მოგზაურობის დროს გადაიღო არაერთი ფოტოსურათი, შეაგროვა დიდარი ბოტანიკური და მინერალოგიური კოლექციები. 1905–1907 წლებში ბერლინში გამოიცა დეშის 3-ტომიანი ილუსტრირებული ნაშრომი „კავკასია“ (გერმანულ და უნგრულ ენებზე), რომელიც ბევრ მნიშვნელოვან ცნობას შეიცავს მანამდე ნაკლებად შესწავლილი დასავლეთ კავკასიონის მყინვარებზე და ერთვის კავკასიონის რუკა (მასშტაბი 1:400000). დეშიმ იალბუზის მყინვარზე ჩატარებული დაკვირვებების შედეგად გამოთქვა მოსაზრება, რომ კავკასიონის მყინვარები, ისევე როგორც ალპებისა, უკანდახევას განიცდიან. ეს შეხედულება საფუძვლად დაედო კავკასიის მყინვართა შემდგომ კვლევას და მთლიანად დადასტურდა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kaukasus. Reisen und Forschungen im Kaukasischen Hochgebirge, Bd. 2, B., 1906.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]