მიხეილ სალუქვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მიხეილ ალექსანდრეს ძე სალუქვაძე (დ. 10 ივლისი, 1930 — გ. 3 მაისი, 2008) — ქართველი კინომატოგრაფისტი, კინოდოკუმენტალისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1930 წელს ქ. ბათუმში. 1954 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება, ჟურნალისტის სპეციალობით. 1958 წლიდან ეწეოდა კინოდრამატურგისა და კინორეჟისორის შემოქმედებით საქმიანობას.

1989–2000 და 2002–2005 წლებში იყო საქართველოს სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ დირექტორი და საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, კინოსტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი. მის კალამს ეკუთვნის 80–ზე მეტი მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის სცენარი, მათ შორის: „სათაფლია“, „თბილისის ჩირაღდნები“, „გულშემატკივრები“, „ფეხბურთის ოლიმპზე“, „სპორტსმენები“, „კლდის ვეფხვი“, „რუსთაველი და მისი ეპოქა“, „საქართველო არის ესე“, „საქართველო: ლეგენდები და სინამდვილე“, „ქართული ქორწილი“, „ილხინე ქართველთ მხარეო“, „ნაშრომი განძად დაშთების“, „შენ ხარ ვენახი“, „ჩვენი ნონა“, „ბასკთა ქვეყანაში“, „ირაკლი აბაშიძე“ და მრავალი სხვა.

მიხეილ სალუქვაძის რეჟისორობით შექმნილია და გადაღებულია მთელი ციკლი დოკუმენტური ფილმებისა: „რეისი“, „გალაკტიონი–80“, „დავით გურამიშვილი“, „გზები ძმობისა“, „მეათე თბილისობა“, „ისევ გასტროლებზე“, „დებორა-სიკეთის დესპანი“, „არქიტექტორთა I საერთაშორისო ბიენალე“ და სხვ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი ავტორობით შექმნილი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „დღე და საუკუნე“. ქ. თბილისის 23-ე საშუალო სკოლის ერთ–ერთი პირველი კლასის გადაღებისას დაბადებულმა იდეამ, ყოველწლიურად იმავე კლასზე თითო მოკლემეტრაჟიანი ფილმის შექმნასთან დაკავშირებით, საბოლოოდ სრულმეტრაჟიანი ფილმის სახით, მოსწავლეთა ცხოვრების 11-წლიანი უნიკალური ქრონიკა შემოგვინახა.

მიხეილ სალუქვაძის ფილმები არაერთხელ გახდნენ სხვადასხვა დონის ეროვნული, საკავშირო თუ საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატები.