მიქელ-გობრონის მარტვილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მიქელ-გობრონის მარტვილობა („წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი“) — ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება გობრონის მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ. თხზულების ავტორი არის სტეფანე მტბევარი, IX საუკუნის ბოლოსა და X საუკუნის პირველი მეოთხედის მოღვაწე. როდესაც აშოტ III-მ, რომელსაც ზედმეტ სახელად კუხი ერქვა, ტბეთის საეპისკოპოსო საყდარი დააარსა, მის პირველ ეპისკოპოსად სტეფანე დასვა. მაშასადამე, თხზულება დაწერილია X საუკუნის დასაწყისში, 914–918, ვინაიდან აშოტ კუხი 918 წელს გარდაიცვალა.

მარტვილობა[1][2] ვრცელი არ არის და მისი უმეტესი ნაწილი წარმოადგენს საღვთისმეტყველო ტრაქტატს, რომელიც საღვთო წერილიდან მოტანილი ციტატებით და განყენებული მსჯელობითაა შეზავებული. ავტორის აზრი საეკლესიო-პროვიდენციალურია: მისი აზრით, უცხო და გარეშე მტრის შემოსევა, ომიანობა და ქვეყნის აწიოკება ღვთის რისხვაა და შურისძიება ადამიანის უკეთურების გამო. ასე ხსნის ის სომხეთის მოოხრებას აბუ ლ-კასიმის მიერ. ეს თხზულება ტიპური ნიმუშია იმ ლიტერატურულ ნაწარმოებთა, რომლებიც X საუკუნიდან გაჩნდნენ ქართულ ლიტერატურაში და რომელნიც მონოფიზიტ სომხებისადმი ეროვნულ-სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ლოიალობას ვერ იჩენდნენ. მიუხედავად, ასეთი ტენდენციისა, ის საყურადღებო ნაწარმოებს წარმოადგენს. იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება სტეფანეს, თუმცა მოკლედ, მაინც მკაფიოდ აქვს დახასიათებული. არაბების შემოსევა, მათი რიცხვი, შეიარაღება, ციხისათვის ალყის შემორტყმა და ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტა, მათი გასაჭირი, რომელიც იქამდე მიდიოდა, რომ ისინი „ვითარცა მკალნი მოსჭამდეს ფურცელსა ხეთასა და მწუანილოვანსა ქუეყანისასა“ — ეს ყველაფერი წარმოგვიდგენს ავტორს, როგორც „რეალისტური“ მანერის მწერალს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მიხეილ საბინინი, საქართველოს სამოთხე, გვ. 393–400.
  2. ს. ყუბანეიშვილი, ქრესტომათია, გვ. 80-85