მირონ და გრიგოლ ხვიბლიანების სამოსახლო კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მირონ და გრიგოლ ხვიბლიანების სამოსახლო კომპლექსიარქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელში. მირონ და გრიგოლ ხვიბლიანის საკუთრებაში ერთი კარმიდამოს ფარგლებში, რამდენიმე ნაგებობაა გაერთიანებული. ხვიბლიანების სამოსახლო სოფელ იელის ერთ-ერთი მასშტაბური არქიტექტურული კომპლექსია, რომლის დიდი ნაწილი რღვევის პირას მისული, მიტოვებული და უფუნქციო ნაგებობებისაგან შედგება. სამხრეთით დაქანებულ, რთულ რელიეფზე შეფენილი შენობებიდან ყველაზე ადრეულია ოთხსართულიანი კოშკი და ეზოს ჩრდილოეთ და დასავლეთ პერიმეტრზე მოქცეული დარბაზ-მაჩუბები, ხოლო შედარებით გვიან, დაახლოებით XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს აგებული კოშკის ირგვლივ აღმართული ბუხრიანი საცხოვრებელი სახლები, რომელთაც ბოლო ათწლეულებში ახალი საცხოვრებელი ფართი მიეშენა უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. კომპლექსის ყველა ნაგებობა სწორკუთხა გეგმარებისაა და ნაშენია ფიქალით, კირ-დუღაბის ხსნარზე; მასიური კედლის სიბრტყეები შელესილია კირით. ნაგებობები დრო-ჟამისა და მოუვლელობისაგან მძიმე მდგომარეობაშია, ნაწილი შენობებისა დანგრეულია, შედარებით უკეთაა შენარჩუნებული კოშკი, ჩრდილოეთ დარბაზ-მაჩუბი მასზე აღმოსავლეთით მიშენებული საცხოვრებელი სახლი და კომპლექსის სამხრეთით ცალკე მდგარი მირონ ხვიბლიანის საცხოვრებელი სახლი. არანაკლებ მასშტაბურია კოშკის დასავლეთით მდგომი დარბაზ-მაჩუბი, რომლის პირვანდელი მოცულობიდან მხოლოდ საყრდენი კედლების ნაწილი და ხის ჩამოშლილი კონსტრუქციებია შემორჩენილი. შესაძლებელია მისგან მხოლოდ კედლებიღაა შემორჩენილი, მაგრამ ის კომპლექსის ერთ-ერთ მაშტაბურ ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც კომპლექსის გააზრებისასა და აღქმისასა მნიშვნელოვანი როლი უჭირავს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38193