შინაარსზე გადასვლა

მიკოლა ბაბაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიკოლა ბაბაკი
უკრ. Микола Бабак
დაიბადა 10 ივნისი, 1954 (1954-06-10) (70 წლის)
დაბადების ადგილი სოფ. ვორონინცი, ირკლიივის რაიონი, პოლტავის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ, ახლანდ. ზოლოტონოშის რაიონი, ჩერკასის ოლქი, უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
მიმდინარეობა ჰიპერრეალიზმი, ნეოექსპრესიონიზმი, ტრანსავანგარდი, ასამბლაჟი
ჟანრი ჰიპერრეალიზმი, ნეოექსპრესიონიზმი, Transavantgarde და assemblage
საიტი https://www.facebook.com/profile.php?id=100002051106671&v=info

მიკოლა ბაბაკი (დ. 10 ივნისი, 1954, სოფ. ვორონინცი, ახლანდ. ჩერკასის ოლქი) — უკრაინელი მხატვარი, მწერალი. უკრაინის სახალხო მხატვარი (2016). უკრაინის მხატვართა ეროვნული კავშირის წევრი (1990). უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატი (2010).[1]

სწავლობდა ვიჟნიცის სამხატვრო სასწავლებელში და კრასნოიარსკის ინსტიტუტში. 1974–1979 წლებში მუშაობდა გამფორმებლად: ჩერკასის ქიმიურ საწარმო „აზოტ“-ში, შემდეგ — ჩერკასის სამხატვრო რეკლამის კომბინატში. 1979-1984 წლებში მონუმენტალისტებთან, გ. ნოვოსელოვთან, ო. ლაპკოსთან და ვ. სლობოდკინთან ერთად კრასნოიარსკში, კემეროვოში, ბელოვოში, ნოვოკუზნეცკში, იაკუტსკში, მაგადანში, უსტ-ნერაში ქმნიდა მოხატულობებს, მოზაიკებს, ვიტრაჟებს. 1985 წელს იმოგზაურა ბალტიისპირეთში, შუა აზიაში, ამიერკავკასიაში. 1980 წლიდან შემოქმედებით საქმიანობაშია. უკრაინაში და მის საზღვრებს გარეთ მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში, კერძოდ: „ქვეყნის ახალგაზრდობა“ (1986), „უკრაინის მხატვართა კავშირის 50 წელი“ (1988), „ფერწერა-98“, „უახლესი მიმართულებები“, ვენეციის 51-ე ბიენალე (ორივე 2005).[1]

ნამუშევრები ინახება უკრაინის ეროვნულ სამხატვრო მუზეუმში. პროგრამული დაზგური ნამუშევრებია: „დაუბადებელ ფრინველთა დღე“ (1988), „ახლა სად ხართ, ჩემი ხალხის ჯალათები?“ (1989), „სამყარომდელი სუბლიმაცია“ (1996). ნამუშევრები შესრულებულია ჰიპერრეალიზმის, ნეოექსპრესიონიზმის, ტრანსავანგარდის მიმართულებებში, თავი მოსინჯა ასამბლაჟშიც. იცავს პოსტავანგარდის კონცეფციურ და სტილურ პრინციპებს. ავტორია რომანისა „მურყნის სისხლი“ (კიევი, 1998), სადაც გაურბის პირდაპირ თხრობას, ტექსტს აწყობს ცნობიერების ნაკადის ელემენტებით, სხვადასხვა დოკუმენტებით, აბსურდისტული დიალოგებით, ლირიკული წიაღსვლებით; რომანის ატმოსფერო გაჯერებულია XX საუკუნეში უკრაინელ ხალხზე დამტყდარი ტრაგიზმის შეგრძნებით. თანაავტორი და გამომცემელია ჩერკასელი პოეტების ანთოლოგიისა „ტოლოკა“ (ჩკ., 1991), წიგნებისა „ღმერთო, ჩვენ თავისუფლები ვართ“ (ჩკ., 1993) და „ნისლთა დღეები“ (ჩკ., 1995), ავტორია მონოგრაფიისა „XX ასწლეულის შუა დნესტრისპირეთის სახალხო ხატი“ (კიევი, 2009).[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Федорук, О. К.. Бабак Микола Пантелеймонович uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2016). ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2023