მიკენური ხანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კრეტაზე მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ბერძნული ცივილიზაციის ახალი კერა პელოპონესზე განვითარდა. აქ არსებულ ქალაქებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო მიკენე. მიკენეში XIX საუკუნეში არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ჰაინრიხ შლიმანმა. საბერძნეთის ისტორიის პერიოდს მეცნიერები მიკენურ ხანას უწოდებენ. ბერძნები განთქმული ზღვაოსნები იყვნენ. ისინი ქრ. შ-მდე II ათასწლეულის მეორე ნახევარში შავ ზღვაში გავიდნენ და კავკასიას მიაშურეს. სწორედ ამ მოგზაურობით შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებისაკენ დაიწყო ძველ ბერძნულ და ქართულ ტომთა ურთიერთობა. საბერძნეთისა და საქართველოს ეს უძველესი კონტაქტები ასახულია ძველ ბერძნულ მითში არგონავტების შესახებ. ძველმა ბერძნებმა შექმნეს კიდევ ერთი თქმულება, რომლის მთავარი გმირი დაკავშირებულია კავკასიასთან. ეს არის მითი პრომეთეს შესახებ.

პრომეთე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მითი პრომეთეს შესახებ მოგვითხრობს, რომ უძველეს დროში დედამიწაზე მხოლოდ ფრინველები და ცხოველები ცხოვრობდნენ, ადამიანი კი ჯერ არ იყო გაჩენილი. სწორედ ამ ხანებში ოლიმპოს მთიდან დედამიწაზე ჩამოვიდა გმირი პრომეთე. მან თიხისგან გამოძერწა ადამიანები და გააცოცხლა. ადამიანებს ყველაზე მეტად ცეცხლი სჭირდებოდათ, მაგრამ ქვეყნის მბრძანებელმა ზევსმა ადამიანებისთვის ცეცხლის მიცემა არ ინება. მაშინ პრომეთემ ოლიმპოდანლერწმის ჯოხით ცეცხლი ჩამოუტანა.

უსაზღვრო იყო ზევსის მრისხანება, როდესაც მიწიდან ცაში ავარდნილი კვამლის სვეტები დაინახა. მან გადაწყვიტა ადამიანები სასტიკად დაესაჯა და დედამიწაზე უმშვენიერესი ქალწული პანდორე გააგზავნა. იგი პრომეთეს ძმის სახლში მივიდა. ქალიშვილის სილამაზით მოხიბლულმა ჭაბუკმა, მიუხელავად პრომეთეს გაფრთხილებისა, პანდორე ცოლად შეირთო. ერთ დღეს პანდორემ თავი ახადა ოქროს ყუთს, რომელიც ზევსმა გამოატანინა. ყუთიდან ამოფრინდა ზევსის მიერ იქ ჩაკეტილი ათასგვარი უბედურება, ავადმყოფობა და მთელ ქვეყანას მოედო. ზევსის ნებით პანდორემ ყუთს თავი დაახურა და არ მისცა საშუალება მის ძირში დარჩენილ ადამიანთა ნუგეშისმცემელ იმედს ყუთიდან ამოფრენილიყო.

ზევსმა არც პრომეთე დაინდო. მან მან გმირი კავკასიონის მაღალკლდოვან ქედზე მიაჯაჭვა. ყოველ მესამე დღეს კავკასიის მთების თავზე ეშვებოდა უზარმაზარი არწივი, რომელიც პრომეთეს თავისი მძლავრი კლანჭებით მუცელს უფატრავდა და ბასრი ნისკარტით ღვიძლს უკორტნიდა. არწივი, როცა თავის საქმეს მორჩებოდა, ისევ უკან , ოლიმპოს მწვერვალზე ბრუნდებოდა. პრომეთეს დაფლეთილი მუცელი სწრაფად უმთელდებოდა, მაგრამ არწივი დანიშნულ დროს კვლავ მოფრინავდა და თავის სისხლიან საქმეს აგრძელებდა. ასეთ ტანჯვასა და წამებაში გადიოდა წლები და საუკუნეები.

ბოლოს გამოჩნდა პრომეთეს მხსნელი-ბერძენი გმირი ჰერაკლე. მან არწივს, რომელიც კავკასიის მთებზე ეშვებოდა, ისარი სტყორცნა და სასიკვდილოდ დაჭრა. ჰერაკლემ თავისი უზარმაზარი კომბლით პრომეთეს ტანზე შემორტყმული ჯაჭვები დაამსხვრია და მრავალტანჯული გმირი გაათავისუფლა.