შინაარსზე გადასვლა

გმირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თარგამოსი და მისი შვილები. „ვახტანგისეული ქართლის ცხოვრება“ (XVIII ს.)

გმირი — ფიზიკური და სულიერი ღირსებებით გამორჩეული პიროვნება, მიახლოებითი შესატყვისი ბერძნულ-ლათინური ცნებისა hērōs.

„ქართლის ცხოვრებაში“ გმირებად იწოდებიან ქართველ და კავკასიელ სხვა ხალხთა ეპონიმები: თარგამოსი, ქართლოსი, ჰაოსი და მათი შთამომავლები. გმირად იწოდებიან აგრეთვე ბიბლიური პერსონაჟი ნებროთი („მსგავსი ნებროთ გმირისა გამოგაჩინა წინამძღურად ჩუენდა“), სპარსთა მითიური მეფე ფერეიდუნი (აფრიდონი; „და გამოჩნდა ნათესავთა შორის ნებროთისთა კაცი ერთი გმირი, რომლისა სახელი აფრიდონ“), ქართველთა მეფე თრდატი („ეკლესია დიდი აღაშენა თრდატ ზურგითა თჳსითა, რამეთუ იყო იგი გმირი“).

საქართველოს მთის დიალექტებში (განსაკუთრებით, ხევსურულში) გმირს „მოძალადის“, „მძლავრის“ მნიშვნელობა აქვს. შესაძლებელია ეს დაკავშირებული იყოს სიტყვა „გმირის“ სავარაუდო წარმომავლობასთან ერთ-ერთი სკვითურ-სარმატული ტომის კიმერიელების სახელისგან. ძვ. წ. VIII საუკუნის ასურულ წყაროებში მათი სახელწოდებაა „გიმირრაია“, ანუ გიმირელები.