მთვარის თვითმავალი აპარატი
მთვარის თვითმავალი აპარატი, მთვარემავალი — მთვარის ზედაპირზე გადაადგილების უნარის მქონე სატრანსპორტო მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა მთვარეზე კვლევის ჩატარება. იგი ან ავტომატურია, ან კოსმონავტები მართავენ.
პირველი მთვარის თვითმავალი აპარატი (საბჭოთა „ლუნოხოდ-1“) მთვარეზე მიიტანა ავტომატურმა საპლანეტათშორისო სადგურმა „ლუნა-17-მა“. მან იმუშავა 1970 წლის 17 ნოემბრიდან 1971 წლის 4 ოქტომბრამდე და გაიარა მთვარის ზედაპირზე 10 540 მ. იგი შედგებოდა ხელსაწყოს გერმეტული ნაკვეთურისა და ბორბლების შასისაგან. მასა 756 კგ. მისი კორპუსი მაგნიუმის შენადნობისაგან იყო დამზადებული, მისი ზედა ნაწილი გამოიყენებოდა მაცივებელ-რადიატორად. ღამით იხურებოდა სახურავით, დღისით კი იხსნებოდა და იმუხტებოდა მზის სხივებით. „ლუნახოდ-1-მა“ ნორმალურად იმუშავა კსომოსური ვაკუუმის, ტემპერატურათა დიდი რყევებისა და რადიაციის პირობებში. მან გამოიკვლია 80 000 მ2 ფართობი, გადმოსცა 200-ზე მეტი პანორამა და ზედაპირის 20 000-ზე მეტი სურათი, მოძრაობის გზაზე 500-ზე მეტ წერტილში შეისწავლა გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური, ხოლო 25 წერტილში ქიმიური თვისებები.
მეორე მთვარის თვითმავალი აპარატი (საბჭოთა „ლუნოხოდ-2“) მთვარეზე მოწმენდილობის ზღვის რაიონში მიიტანა ავტომატურმა საპლანეტათშორისო სადგურმა „ლუნა-21-მა“. რთულ ტოპოგრაფიულ პირობებში მთვარემავალმა იმუშავა 5 მთვარის დღე და გაიარა 37 კმ.
„აპოლოს“ სერიის კოსმოსური ხომალდების ფრენისას ამერიკელმა კოსმონავტებმა გამოიყენეს ორადგილიანი მთვარემავალი „როვერი“. იგი წარმოადგენდა ოთხბორბლიან (თითოეულის დიამეტრი იყო 81 სმ, სიგანე — 23 სმ) სატრანსპორტო საშუალებას, რომლის თითოეულ თვალს საკუთარი ძრავა გააჩნდა. კოსმონავტებს შეეძლოთ მთვარემავლის სიჩქარის ცვლა, შემობრუნება, დამუხრუჭება, მართვის სისტემა განსაზღვრავდა მიმართულებას, გავლილ მანძილს, მანძილს მთვარის კაბინამდე, რადიოტექნიკური საშუალებებით დამყარებული იყო პირდაპირი კავშირი დედამიწასთან. მასა 725 კგ (საკუთრივ მთვარემავლისა — 211, კოსმონავტებისა სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებთან ერთად — 367, სამეცნიერო აპარატურისა — 54 და სხვა), მაქსიმალური სიჩქარე 13 კმ/სთ, სვლის რესურსი 65 კმ. შეეძლო 20°-იანი აღმართის გადალახვა, 30 სმ-იანი სიმაღლის დაბრკოლება, 70 სმ-იანი სიგანის ნაპრალი და სხვა.
„აპოლო 15“, „აპოლო 16“ და „აპოლო 17“ ხომალდთა ფრენისას მთვარემავლებმა გაიარეს (შესაბამისად) 27.2 კმ, 27.1 კმ, 35.7 კმ.
-
აპოლო 15
-
აპოლო 16
-
აპოლო 17
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 667.