მზის საათი

მზის საათი — ხელსაწყო, რომლითაც საზღვრავენ დროს მზის მიხედვით.
მზის საათი შედგება ღერძისაგან ან ფირფიტისაგან, რომლებიც ჩრდილს იძლევიან, და ციფერბლატისაგან. ჩრდილი ეცემა ციფერბლატს და აჩვენებს ჭეშმარიტ მზისიერ დროს. ყველა ტიპის მზის საათში ღერძი (ან ფირფიტის კიდე) სამყაროს ღერძის პარალელურია და ციფერბლატის ღერძში გადის, ხოლო შუადღის შესაბამისი დანაყოფი ცენტრზე გამავალ მერიდიანის სიბრტყეშია. ეკვატორულ მზის საათში ციფერბლატის სიბრტყე ცის ეკვატორის სიბრტყის პარალელურია, დანაყოფები თანაბარია.
ჰორიზონტალურ მზის საათში კი ციფერბლატის სიბრტყე ჰორიზონტალურია, დანაყოფები კი — არათანაბარი, სპეციალურად გაანგარიშებული. 6 სთ და 18 სთ შესაბამისი დანაყოფები საშუადღეო ხაზის მართობულ წრფეზეა. ვერტიკალურ მზის საათში ციფერბლატი კედელზე მაგრდება და ნებისმიერ აზიმუტზე შეიძლება იყოს ორიენტირებული.
საშუალო მზისიერი დროის მისაღებად დროის სწორება უნდა გამოვიყენოთ. ზოლური დროის მისაღებად — შესაბამისი შესწორებანი. მზის საათის სიზუსტე რამდენიმე წუთია.
მზის საათის ტიპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს ეკვატორული, ჰორიზონტალური, ვერტიკალური (თუ ციფერბლატის სიბრტყე ვერტიკალურია და მიმართულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ), დილის ან საღამოს (სიბრტყე ვერტიკალურია, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ) მზის საათები. ასევე ააგეს კონუსური, სფერული და ცილინდრული მზის საათები. ასევე არსებობს მზის საათები, რომლებშიც დრო განისაზღვრება შკალაზე მზის სხივის პოზიციით და არა გნომონის ჩრდილით. მზის სხივი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს ხვრელიდან გამოსული სხივი ან სარკიდან არეკლილი.
ჰორიზონტალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰორიზონტალური მზის საათი წარმოადგენს ჰორიზონტალურ ზედაპირზე აღმართულ ვერტიკალურ ან დახრილ გნომონს. გნომონის პოზიციიდან გამომდინარე დგინდება ჰორიზონტალურ დაფაზე ციფერბლატიც. მაგალითად ვერტიკალური გნომონის შემთხვევაში, იმის და მიხედვით თუ დედამიწის რომელ ადგილას იქნება აღნიშნული საათი განლაგებული, დღის განმავლობაში ჩრდილს ექნება შესაბამისი მოხაზულობა. მაგალითად, ბუნიობაზე მზის ჩრდილს ეკვატორზე ექნება წრფის სახე, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში — რკალის სახე, შესაბამისად მზებუდობაზე ვერტიკალური სახე ექნება ჩრდილოეთ ტროპიკზე (23°26′12″ ჩ. გ. 0°00′00″ დ. გ. / 23.436806° ჩ. გ. -0.00000° ა. გ.) ან სამხრეთ ტროპიკზე (23°26′10″ ს. გ. 0°00′00″ ა. გ. / 23.436278° ს. გ. 0.00000° ა. გ.) მდებარე მზის ჰორიზონტალურ საათს, ხოლო მათ ჩრდილოეთით და სამხრეთით კვლავინდებურად რკალური იქნება მზის ჩრდილის მონახაზი დღის განმავლობაში.
- მზის ჰორიზონტალური საათი ვერტიკალური გნომონით
- მზის ჰორიზონტალური საათი დახრილი გნომონით
ვერტიკალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვერტიკალური მზის საათი წარმოადგენს ვერტიკალურ ზედაპირზე აღმართულ ჰორიზონტალურ ან დახრილ გნომონს. იმ შემთხვევაში თუ ვერტიკალურ საათს აღვმართავთ ეკვატორზე, საჭიროა რომ მას გნომონი და ციფერბლატი ჰქონდეს, როგორც სამხრეთით ისე ჩრდილოეთ მხარეზე, რადგანაც სეზონური ცვლილებისას დაფის დაჩრდილვით გნომონი ვერ წარმოქმნის საკუთარ ჩრდილს აღნიშნულ ციფერბლატზე, შესაბამისად მეორე მხარის არსებობის შემთხვევაში გნომონის მიერ დაფის დაჩრდილვა ავტომატურად გაგრძელდება. აღნიშნული უხერხულობა ეხება არა მარტო ეკვატორულ ხაზს, არამედ ჩრდილოეთ და სამხრეთ ტროპიკებს შორის არსებულ მთელ არეალს.
- მზის საათი გელათის მონასტერში
- ჰორიზონტალური მზის საათი ზვარტნოცში
ეკვატორული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკვატორული მზის საათებისთვის მთავარი მახასიათებელია ეკვატორის პარალელურად ან პერპენდიკულარულად დახრილი სიბრტყის არსებობა. ასეთი ტიპის საათები იდენტურია ეკვატორზე განლაგებული ჰორიზონტალური ტიპის საათებისა. აქაც და იქაც ბუნიობისას გნომონის ჩრდილს აქვს წრფის სახე.
ყველაზე უფრო დახვეწილ მზის საათს წარმოადგენს ეკვატორული ვარიანტი, სადაც ციფერბლატი განთავსებულია წრიულ სიბრტყეზე. ასეთ შემთხვევაში, გნომონიდან წამოსული ჩრდილი თუ ღრიჭოდან გამოსული სინათლე წრიულ დაფაზე ყოველდღიურად ხაზავს პირობითად პარალელურ წირებს, რისი მიღებაც შეუძლებელია ბრტყელ ზედაპირებზე, სადაც დანაყოფები სხვადასხვანაირია.
- მზის საათი პეკინის აკრძალულ ქალაქში. გნომონი ამ შემთხვევაში ლითონის ისარია
- ეკვატორული მზის საათი წრიული ციფერბლატით
- ეკვატორული მზის საათი წრიული ციფერბლატით
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 661.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- The Ancient Vedic Sun Dial დაარქივებული 2010-05-06 საიტზე Wayback Machine.
- Analemmatic Sundial at Tanglewood დაარქივებული 2012-03-21 საიტზე Wayback Machine.
- Derbyshire Sundials დაარქივებული 2012-05-22 საიტზე Wayback Machine.