მეტეხისუბნის წმინდა დავით წინასწარმეტყველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეტეხისუბნის წმინდა დავით წინასწარმეტყველის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს ქალაქ თბილისში, ვიქტორ ჯორბენაძის ქუჩის №1–ში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა მარინეს ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის მეტეხის უბანი თავისი ადგილმდებარეობის გამო ერთ-ერთი ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე. გადმოცემით, ვახტანგ I-მა გორგასალმა აქ ციხე-სიმაგრე აღმართა, რომელიც, აგრეთვე, მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. ამ ისტორიულ უბანში მეტეხის ტაძრის აღმოსავლეთით VII-X საუკუნეებში აშენებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იდგა, რომელიც საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა მარინეს სახელობაზედ იყო ნაკურთხი. სავარაუდოდ, იგი 1235 წლის მონღოლთა შემოსევას შეეწირა.

უცნობია მისი შემდგომი ბედი, მაგრამ მართლმადიდებლებით დასახლებულ უბანში აუცილებლად მოხდებოდა დაზიანებული ეკლესიის აღდგენა. 1795 წელს თბილისს მორიგი უბედურება დაატყდა თავს, ერეკლე II-ს კრწანისში დამარცხების შემდეგ აღამაჰმად-ხანმა თბილისი აიღო და მთლიანად დაანგრია, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამოჟლიტა, 22 ათასი ადამიანი, მეტწილად ქალები და ბავშვები, ტყვედ წაიყვანა. თბილისი ისევ დაცარიელდა ქართული მოსახლეობისაგან.

სურბ გევორქის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის მიწურულს და XIX საუკუნის დასაწყისში ავლაბარში სომეხი მოსახლეობა მრავლდება. ისევე როგორც ბევრი ქართული ეკლესია, წმინდა მარინეს ეკლესიაც სომხების ხელში გადადის და იგი სურბ გევორქის სახელზე აკურთხეს, მას ასევე „ძორაბაშის ეკლესიასაც“ ეძახდნენ. 1837 წლით დათარიღებულ ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში — „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში” სურბ გევორქის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ: „ავლაბრის მარჯუნივ აღმართს ასავალსა თავსათანა გარდასახედავსა მტკვრისა და ბაღებისასა, პირისპირ მეტეხის ციხის დიდის კარებისა, არს საყდარი მცირე გუმბათიანი წმიდისა გიორგისა სახელსა ზედა, ხით დახურვილი, აღშენებული სურბნშანის დეკანოზის ტერ-ოჰანნეს ზარაფოვის სახელსაგან წელსა 1775-სა“. უკვე სომხური სურბგევორქის ეკლესია საბჭოთა პერიოდში დაანგრიეს.

წმინდა დავით წინასწარმეტყველის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წელს დაიწყო დანგრეული ტაძრის ადგილას ახალი ეკლესიის მშენებლობა. ეკლესიის საძირკველი დეკანოზმა თევდორემ (ამბროლაძე) აკურთხა. 2001 წლის 11 ოქტომბერს ახლადაშენებული ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა დავით წინასწარმეტყველის სახელზედ აკურთხა. ტაძარი შვერილაბსიდიანი ცალნავიანი ეკლესიაა, გალერეით მტკვრის მხარეს. წმინდა დავით წინასწარმეტყველის ეკლესია ძეგვის ბუნებრივი ფლეთილი ქვით და ძველი ქართული აგურით აშენდა. ნაგებობის გადახურვა ასევე ძველი ქართული კრამიტით შესრულდა. ეკლესიის სამრეკლო ქუჩის მხარეს დგას და მის ქვეშ გალავნის შესასვლელია მოწყობილი. პროექტის ავტორია არქიტექტორი რევაზ ჯანაშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, გვ. 108-113, თბ., 2010