შინაარსზე გადასვლა

მეტაგალაქტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეტაგალაქტიკა (მეტა... და გალაქტიკა), დაკვირვებადი სამყარო — ჩენი გალაქტიკისა და მის გარეთ მდებარე ყველა დაკვირვებადი გალაქტიკის ერთობლიობა და მათ მიერ მოცული სივრცე. თანამედროვე ტელესკოპებით დაკვირვებისათვის მისაწვდომ გალაქტიკათა რაოდენობა შეფასებულია დაახლოებით ერთი მილიარდით, მეტაგალაქტიკის რადიუსი კი — 10-15 მლრდ სინათლის წლით. სხვა სიტყვებით მეტაგალაქტიკა მთელი სამყაროს ის ნაწილია, რომლის დაკვირვება და შემეცნება ხორციელდება თანამედროვე ხერხებითა და იარაღებით. ამდენად მეტაგალაქტიკის ზომები და მასში შემავალ გალაქტიკათა რიცხვიც მატულობს იარაღების სიმძლავრის ზრდასა და მეთოდების დამუშავებასთან ერთად. მიუხედავად ამისა, ჯერ შემჩნეული არაა მის თანამედროვე საზღვრებზე გალაქტიკათა სიხშირის სისტემატური კლება, რაც შეიძლებოდა ახსნილიყო მეტაგალაქტიკის კიდეებთან მიახლოებით.

მეტაგალაქტიკის ცნება შემოღებულ იქნა XX საუკუნის 20-იან წლებში. ამავე პერიოდში დაიწყო მისი კვლევაც. დამტკიცდა, რომ ჩვენი გალაქტიკა შემოსაზღვრული ვარსკვლავთა სისტემაა, ხოლო მის მიღმა „გაფანტულია“ სხვა ასევე განმხოლოებული გალაქტიკები. ისინი გროვებად ერთიანდებიან. მაგალითად ჩვენი გალაქტიკა შედის გალაქტიკების ადგილობრივ სისტემაში, რომელიც ათეულ სხვა გალაქტიკასთან ერთად კიდევ უფრო დიდ სისტემაში შედის. გალაქტიკებს შორის სივრცეში არსებობს ცალკეული ვარსკვლავები, აირი, კოსმოსური მტვერი, კოსმოსური სხივები, ელექტრომაგნიტური გამოსხივება. ნივთიერების საშუალო სიმკვრივე მეტაგალაქტიკაში არ აღემატება 10-30 გ/სმ3.