მაწანწალა კატები სტამბოლში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაწანწალა კატების ჯგუფი სტამბოლში, 2006 წ

სტამბოლი მაწანწალა კატების (თურქ. Sokak kedisi) მნიშვნელოვან პოპულაციას მასპინძლობს. მათი რაოდენობა მერყეობს ასი ათასიდან მილიონამდე. თურქეთის ბევრი მოქალაქე ქუჩის ცხოველებს განიხილავს როგორც საერთო საკუთრებაში არსებულ შინაურ ცხოველებს და არა ტრადიციულ მაწანწალებს. ქვეყანა ატარებს დამცველობით პოლიტიკას, რათა არ მოკლან და არ დაიჭირონ ისინი.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიშე საბუნჩუს (პროექტ „სტამბოლის კატების“ წარმომადგენელი) მიხედვით, ქალაქში კატების ფართო გავრცელება შეიძლება დაკავშირებული იყოს ოსმალეთის იმპერიასთან. სტამბოლის (მაშინდელი კონსტანტინოპოლი) სახლების უმრავლესობა ხისგან იყო აშენებული, რამაც ხელი შეუწყო თაგვებისა და ვირთხების გამრავლებას. ამან ქალაქში კატების ყოფნა აუცილებლობად აქცია.[2] სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუელება თურქეთში კატების მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას ისლამს უკავშირებს,[3][2] რომელიც ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული რელიგიაა, მაგრამ ამ ფაქტს სხვა წყაროები უარყოფენ. [წყარო არ არის მითითებული 826 დღე]

ჯანმრთელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კნუტი

2011 წელს ჩატარებული კვლევის დროს, რა დროსაც მოხდა სტამბოლის მაწანწალა ცხოველებში სოლიტერის ინფექციების შესწავლა, დადგინდა, რომ გამოკვლეული კატების 4,65%-ს ჰქონდა Joyeuxiella pasqualei-ის ინფექცია. ქუჩის და მაწანწალა კატებში გავრცელებულია აგრეთვე კატის იმუნოდეფიციტისა და კატის ლეიკემიის ვირუსი. მიუხედავად იმისა, რომ მაწანწალა კატა შეიძლება იყოს ცოფის გადამტანი, თურქეთში 2000-დან 2014 წლამდე დაფიქსირებული ცოფის 21 შემთხვევიდან არცერთი არ ყოფილა კატებისა და ადამიანების კონტაქტის გზით გავრცელებული.[4]

ადგილობრივების მიერ კატების საჯარო კვება რამდენიმე ვეტერინარმა გააკრიტიკა. 2015 წელს რატგერსის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში ნათქვამია, რომ კოლექტიური კვება იზიდავს და იწვევს ცხოველების კონცენტრაციას კონკრეტულ ტერიტორიაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს გარკვეული დაავადებების გავრცელებას. ჯანმრთელი კატების კონტაქტი ობიექტებთან, როგორიცაა საკვები და წყლის კონტეინერები, რომლებიც დაბინძურებულია ავადმყოფი ცხოველების მიერ, კიდევ ერთი საზრუნავი საკითხია.[5]

კანონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუჩის კატები ჯიჰანგირში

2021 წლამდე თურქეთის კანონმდებლობა ცხოველებს (მაწანწალა და შინაურ ცხოველებს) განსაზღვრავდა როგორც „საქონელს“ და არა „ცოცხალ არსებებს“. ცხოველთა უფლებების აქტივისტებმა ეს კლასიფიკაცია გააკრიტიკეს, რადგან იგი ცხოველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის მსუბუქ ჯარიმებს ითვალისწინებდა. 2021 წელს მიღებული წინადადების თანახმად, შინაურ და მაწანწალა ცხოველებს მიენიჭათ „ცოცხალი არსების“ სტატუსი, რაც ცხოველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ექვსი თვიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კანონი ასევე ავალდებულებს თურქეთში ყველა უპატრონო ცხოველის სტერილიზაციას.[6][1]

2019 წელს იაპონიის მოქალაქე თურქეთიდან დაადეპორტეს მას შემდეგ, რაც მან აღიარა, რომ ქუჩუქჩექმეჯეში მოკლა და შეჭამა 5 მაწანწალა კატა, რამაც ფართო აღშფოთება გამოიწვია ორივე ქვეყანაში.[7]

პოპულარულ კულტურასა და მედიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტამბოლის მაწანწალა კატები წარმოდგენილია სხვადასხვა მედიაში. 2016 წლის თურქულ დოკუმენტურ ფილმში „Kedi“ ასახულია სტამბოლის რამდენიმე მაწანწალა კატის ცხოვრება. ეცუკო შუნდოს 2015 წლის საბავშვო წიგნი „კატის ძიება სტამბოლში“ (იაპონ. イスタンブルで猫さがし) ეხება სტამბოლის იაპონური სკოლის მოსწავლეების მიერ მაწანწალა თურქული ვანის ჯიშის კატის ძიებას. აღსანიშნავია, რომ სოციალური მედია სტამბოლის კატების პოპულარობის მოპოვების მნიშვნელოვანი საშუალება გახდა.[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 New Turkish Law Could Save Animals en-US (2021-07-07). ციტირების თარიღი: 2021-07-30
  2. 2.0 2.1 „Why so many stray cats in Istanbul?“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-07-30.
  3. Istanbul: The city of cats en-US (2020-11-19). ციტირების თარიღი: 2021-07-30
  4. İnce. (2015) Kuduz.
  5. Mattson, Savannah; Szajdecki, Ryan; Fagan, Julie M. (2015). „Reducing unmonitored population density of stray animals in Istanbul“ (English). doi:10.7282/T3ZK5JQK. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  6. Turkey’s long-awaited animal rights legislation underway - Turkey News en. ციტირების თარიღი: 2021-07-30
  7. Turkey deports Japanese man for eating cats en. ციტირების თარიღი: 2021-07-30
  8. „Why so many stray cats in Istanbul?“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-07-30.„Why so many stray cats in Istanbul?“. BBC News. Retrieved 2021-07-30.