მარკუს პლავტიუს სილვანუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მარკუს პლავტიუს სილვანუსი (ლათ. Marcus Plautius Silvanus) — ძველი რომის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, კონსული ძვ. წ. 2 წელს.

სილვანუსი ურგულანიას, დედოფალ ლივიას ახლო მეგობრის შვილი იყო და სწორედ ლივიას შუამავლობამ მისცა საშუალება ძვ. წ. 2 წელს ავგუსტუსთან ერთად კონსულის პოსტი დაეკავებინა.[1][2] ამის შემდეგ, 4-5 წლებში, იგი აზიის პროკონსულად მსახურობდა,[3] 6 წელს კი გალატიის საიმპერატორო ლეგატის პოსტი დაიკავა, სადაც მონაწილეობდა ისავრიელთა გამოსვლების ჩახშობაში.[4]

მისი იქ ყოფნის პერიოდში დაიწყო დიდი ილირიული აჯანყება. 7 წელს სილვანუსი ტიბერიუსმა გამოიძახა, რომელიც ილირიკუმში სამხედრო მდგომარეობას ზედამხედველობდა და უბრძანა თავის ძალებთან ერთად აჯანყების ჩახშობაში დახმარებოდა.[5] იგი შეუერთდა ცეცინა სევერუსს, მეზიის საიმპერატორო ლეგატს და ამბოხებულებს სირმიუმთან მთავარი ბრძოლა გაუმართა. რომის ჯარებმა გაიმარჯვეს, თუმცა მძიმედ დაზარალდნენ.[6] სილვანუსი არმიის მეთაურად დარჩა 9 წლამდე და ამ პერიოდის განმავლობაში იგი პანონიასა და დალმაციაში მსახურობდა.[7] [8]

მიუხედავად იმისა, რომ აჯანყების მსვლელობისას ტიბერიუსთან მსახურობდა, ამ უკანასკნელს სილვანუსთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები ჰქონდა, განსაკუთრებით მისი ახლო ურთიერთობის გამო დედამის ლივიასთან.[9]

სილვანუსი დაქორწინდა ლარტიაზე, რომელმაც მას ვაჟი, აგრეთვე მარკუს პლავტიუს სილვანუსი გაუჩინა. ეს უკანასკნელი მოგვიანებით ფაბია ნუმანტინაზე დაქორწინდა, თუმცა მათი ოჯახი 24 წელს დაინგრა და ახალგაზრდა სილვანუსი მეორედ დაქორწინდა აპრონიაზე, რომელიც მან ფანჯრიდან გადააგდო და მოკლა.[10][11] მკვლელობის გამოძიებას პირადად იმპერატორმა ტიბერიუსმა მოჰკიდა ხელი. ურგულანიამ შვილიშვილს თვითმკვლელობაში წასაქეზებლად ხანჯალი გაუგზავნა, რომელიც მან ამ მიზნით გამოიყენა კიდეც. აპრონიას მკვლელობიდან მცირე ხნის შემდეგ, ფაბიას ბრალად დასდეს გრძნეულებისა და ბანგის გამოყენებით ქმრის ჭკუიდან შეშლა, თუმცა გაამართლეს.[10]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Syme, Ronald, The Roman Revolution, Clarendon Press, Oxford, 1939.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Syme, გვ. 422
  2. დიონ კასიუსი, Epitome of Roman History LV.0
  3. Syme, გვ. 435; Ronald Syme, The Augustan Aristocracy, Oxford University Press 1989, გვ. 340
  4. Syme, გვ. 399 და 435
  5. Syme, გვ. 399 და 436
  6. Syme, გვ. 399
  7. დიონ კასიუსი, LV.34, LVI.12
  8. ველეიუს პატერკულუსი II.112
  9. Syme, გვ. 422-423
  10. 10.0 10.1 ტაციტუსი, ანალები, IV.22.3
  11. Syme, R., Augustan Aristocracy (1989), გვ. 418
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ლუციუს კორნელიუს ლენტულუსი და მარკუს ვალერიუს მესალა მესალინუსი
რომის იმპერიის კონსული
ავგუსტუსთან ერთად
ძვ. წ. 2
შემდეგი:
ლუციუს კანინიუს გალუსი (სუფექტი)