მარაქეშის ღირსშესანიშნაობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაროკოს ყოფილი საიმპერიო ქალაქის, მარაქეშის ცნობილი ღირსშესანიშნაობები.

მოედნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯემაა ელ-ფნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯემაა ელ-ფნაას პანორამა

მარაქეშში არაერთი მოედანი მდებარეობს. მათ შორის ყველაზე სახელგანთქმული ჯემაა ელ-ფნაა. ჯემაა ელ-ფნა - მარაქეშის ძველ ნაწილში, მედინაში მდებარე მოედანი და სავაჭრო ცენტრია. 1985 წლიდან ძველი ნაწილი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.[1] მოედანი ჯერ კიდევ XII საუკუნეში განაახლა ალ-მანსურმა. მის ირგვლის მეჩეთები, სასახლეები, საავადმყოფოები, საზეიმო მოედნები და ბაღები მდებარეობს. ქალაქის ისტორიის შესაბამისად, მოედანსაც ჰქონდა დაცემისა თუ აყვავების ხანა.[2]

მოედანზე სახალხოდ იმართებოდა თავის მოკვეთის ცერემონიები, რითიც მმართველები თავიანთ ძალაუფლებას უსვამდნენ ხაზს. მოედანი უძველესი დროიდან იზიდავდა მიმდებარე უდაბნოსა და მთების ბინადრებსა და ვაჭრებს და საკვებით, ცხოველებითა თუ შინაური საქონლით მოვაჭრეთა თავშეყრის მთავარი ადგილი იყო, აქ ნახავდით გველების მომთვინიერებლებს, გრძელ სამოსში გამოწყობილ ბერბერ ქალებს, აქლემებს, ვირებს, ატლასის ტომების, შილჰას მოცეკვავე ბიჭებსა თუ სტვირებით, დაირებითა და აფრიკული დოლებით აღჭურვილ მუსიკოსებს.[3]

დღეს მოედანი მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს. გველლების მომთვინიერებლები, აკრობატები, ჯადოქრები, მუსიკოსები, მაიმუნების მომთვინიერებლები, მცენარეულობით მოვაჭრეები, ამბების მთხრობელები, ჯიბის ქურდები და ა.შ.[1][4]

სუქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერადი ფეხსაცმლის მაღაზია ერთ-ერთ სუქში

მარაქეშში მაროკოს ყველაზე დიდი ტრადიციული ბერბერული ბაზარი მდებარეობს. ქალაქის სახე ხშირად მის სუქებთან არის დაკავშირებული. სუქები ტურისტული ღირსშესანიშნაობებიცაა, განსაკუთრებით შოფინგ-ტურისტებისთვის. ისტორიულად მარაქეშის სუქები საცალო ვაჭრობის სივრცეებად იყო დაყოფილი, მათ შორის: ტყავეულის, ხალიჩების, მეთუნეობის , მეტალურგიის ნივთებისა და ა.შ. დღეს სივრცეები კვლავ დაყოფილია, თუმცა სუქები გადახურულია.[5] სუქების დიდ ნაწილში ხალიჩები და ფარდაგები, ტრადიციული მუსლიმური ტანსაცმელიტყავის ჩათები, სანათები და ა.შ იყიდება.[6]

ქალაქის კედლები და კარიბჭეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარაქეშის კედლები ღამით

ქალაქის მედინის თავდაცვითი კედლები მარაქეშის ირგვლივ 19კმ-ის სიგრძეზეა გადაჭიმული.[7] თავდაცვითი კედლები ალმორავიდებმა XII საუკუნეში ააგეს ქალაქის გამაგრების მიზნით. კედლები სხვადასხვანაირი ნარინჯისფერი-წითელი წებოსა და ცარცისგანაა აგებული, რის გამოც ქალაქმა „წითელი ქალაქის“ სახელწოდება მიიღო. კედლები დაახლოებით 5.8 მეტრის სიმაღლისაა, 20 კარიბჭე და 200-მდე კოშკი აქვს.[7] „შავი ჭიშკარი“ (Bab Agnaou) XII საუკუნეში ალმოჰადების დროს აიგო. სიტყვა Agnaou, როგორც სიტყვა Gnaoua, ბერბერული წარმოშობისაა და შავ ხალხს აღნიშნავს. კარიბჭე ყვავილების ორნამენტებითაა მორთული. კარიბჭე განაახლეს და ზომაში შეამცირეს სულთან მუჰამად III ბენ აბდალაჰის მმართველობის დროს.

Bag Aghmat — ებრაული და მუსლიმური სასაფაოების აღმოსავლეთით მდებარეობს, ხალიფა ალი იბნ იუსუფის სამარხის მახლობლად.[8]

ბაღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერანას ბაღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერანას ბაღების პავილიონი

მერანას ბაღები ქალაქის დასავლეთ ნაწილში, ატლასის მთების ძირში მდებარეობს. ბაღები XII საუკუნეში გაშენდა ალმოჰავიდი მმართველის, აბდ ალ-მუმინის მმართველობის დროს. სახელი menara პავილიონის, რომელსაც პატარა მწვანე პირამიდა აქვს თავზე (menzeh), სახელწოდებიდან მომდინარეობს. პავილიონი XVI საუკუნეში საადის დინასტიის დროს აიგო და 1869 წელს აბდალ ალ-რაჰმანმა განაახლა, რომელიც ზაფხულს აქ ატარებდა.[9] პავილიონისა და ხელოვნური ტბის ირგვლის ხეხილის ბაღები და ზეტისხილის კორომებია. ბაღში მცირე ამფითეატრი და აუზი მდებარეობს.[10] გუბურებში კარპა ბინადრობს.[11]

მაჯორალის ბაღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამური ხელოვნების მუზეუმი მარჯორალის ბაღში

მაჯორალის ბაღი ერთ დროს პეიზაჟისტის, ჟაკ მაჯორალის სამკვიდროს წარმოადგენდა. დიზაინერმა ივ სენ-ლორანმა მის სახსოვრად ბაღში სტელა აღმართა[12] და მუქი ლურჯი შენობის შიგნით ისლამური ხელოვნების მუზეუმი მოაწყო.[13] ბაღი საჯაროდ 1947 წელს გაიხსნა, როდესაც მცენარეთა კოლექციები ხუთივე კონტინენტიდან ჩამოიტანეს.

აგდალის ბაღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგდალის (ბერბერ: „კედლებით გარშემორტყმული მდელო“) ბაღები მედინის სამხრეთით მდებარეობს. ბაღი XII საუკუნეში გაშენდა და 400 ჰექტარზეა გადაჭიმული. ბაღში ციტრუსები, გარგარი, ზეთისხილი, ბროწეული და კვიპროსი ხარობს.[14]

სასახლეები და რიადები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდიდარია სასახლეებითა და მაროკოული სახლებით. ყველაზე ცნობილი სასახლეებია: ბაჰიას, ბადისა და სამეფო სასახლეები. რიადები ტრადიციული შიდა ეზოიანი სახლებია, რომლებიც რომაული აგარაკების სტრუქტურაზეა დაფუძნებული. რომაულ ვილები შიდა ბაღს მოიცავდა, რომელიც მაღალი კედლებით იყო გარშემორტყმული, რათა აგარაკი ყოველი გამვლელისაგან დაცული ყოფილიყო და შიგნით გრილი ტემპერატურა შეენარჩუნებინათ.[15]

ბადის სასახლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბადის სასახლე

ბადის სასახლე სამეფო სასახლის გასწვრივ მდებარეობს. სასახლე აჰმედ ალ-მანსურმა ააგო 1578 წელს სამი მეფის ბრძოლაში პორტუგალიელების დამარცხების შემდეგ.[16] მდიდრული სასახლის აგება საუკუნის მეოთხედზე მეტი დასჭირდა და პორტუგალიური და შავი აფრიკული ოქროსა და შაქრის ლერწმის შემოსავლებით აიგო. სასახლის ასაგებად კარარას კარიერებიდან (იტალია) ჩამოტანილი მარმარილო, ასევე, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ინდოეთიდან ჩამოტანილი მასალა გამოიყენეს.[16] ყოველწლიურად აქ მარაქეშის ფოლკლორული ფესტივალი ტარდება.[17]

ბაჰიას სასახლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰიას სასალის უკანა ეზო

ბაჰიას სასახლე XIX საუკუნეში მარაქეშის დიდი ვეზირის დროს აიღო, რომელიც აქ თავის 4 ცოლთან, 24 ხარჭასთან და ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა.[18] სახელწოდების მნიშვნელობიდან გამომდინარე („ბრწყინვალე“), სასახლე თავისი დროის უდიდეს სასახლედ იყო ჩაფიქრებული და ისლამური და მაროკოული სტილის ნაზავს წარმოადგენს. სასახლის აგებას 7 წელი და ხეზე, ჩუქურთმებსა და სხვა დეტალებზე ასობით ფესელი ხელოსნს მუშაობა დასჭირდა.[19] დიდი ვეზირის გარდაცვალების შემდეგ სასახლეში სულთანი დასახლდა.[18]

თაყვანისცემის ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჩეთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუტუბიას მეჩეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუტუბიას მეჩეთი

კუტუბიას მეჩეთი (Kutubiyya Mosque, Jami' al-Kutubiyah, Kutubiyyin Mosque), ასევე ცნობილია როგორც წიგნის გამყიდველთა მეჩეთი, მარაქეშის ყველაზე დიდი მეჩეთია. მეჩეთი მედინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მინარეთი 77 მეტრის სიმაღლისაა და ალმოჰადი ხალიფის იაყუბ ალ-მანსურის მმართველობის დროს აიგო და სხვა შენობების შთაგონების წყარო გახდა, როგორიცაა სევილიაში მდებარე გირალდა და რაბატში მდებარე ჰასანის კოშკი. მეჩეთი წითელი ქვითა და ტრადიციული ალმოჰიდური სტილის აგურებითაა აგებული. მეჩეთის სიგრძე 80 მეტრი, სიგანე კი 60 მეტრია. დღეისთვის მეჩეთში 4 შესასვლელია, რომელთაგანაც 3 სამლოცველო დარბაზისაკენ შესასვლელს წარმოადგენს. მეჩეთში 6 შიდა ოთახი მდებარეობს. სამლოცველო დარბაზი ჰიპოსტილია, რომელიც 100-ზე მეტ სვეტს ეყრდნობა. მინარეთი ომაიანთა სახალიფოს დროს ქვიშაქვით აიგო. თავდაპირველად მინარეთი მარაქეშის ვარდისფერი თაბაშირით დაფარეს, მაგრამ 1990-იან წლებში ექსპერტებმა თავდაპირველი ქვების გამოჩენა ამჯობინეს და თაბაშირი მოაშორეს. მეჩეთის წვერი 4 მოოქრულ სპილენძის ბურთს მოიცავს, რომლებიც ქვევიდან ზევით თანდათან ზომაში მცირდება.

ბენ იუსუფის მეჩეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის უძველესი მეჩეთი ბენ იუსუფის მეჩეთია, რომელიც XII საუკუნეში აიგო და მედინაში მდებარეობს.[20] თავდაპირველი ზომით მეჩეთი ქალაქის ყველაზე დიდი მეჩეთი იყო, მაგრამ დღეს მისი ზომა განახევრებულია. მეჩეთი ხელახლა აიგო სულთან აბდულა ალ ხალიბის დროს. მანვე მეჩეთთან ახლოს ააგო მადრასა გამორჩეული ბიბლიოთეკით. თუმცა, ეს ნაწილი დღეისთვის ნანგრევებადაა ქცეული და მხოლოდ XIX საუკუნის მეჩეთია შემორჩენილი.[21]

სხვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა მეჩეთებს შორის აღსანიშნავია ქასბაჰის მეჩეთი, ბარიმას მეჩეთი, მული ელ-ხსურის მეჩეთი და ა.შ.

სინაგოგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა მეჩეთებისა მარაქეშში ბეთ-ელის, სალათ ელ-აზამასა და სალათ რაბი პინჰასის სინაგოგა მდებარეობს.

სამარხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საადინთა სამარხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საადინთა სამარხები

საადინთა სამარხები XVI საუკუნეში აიგო საადიან მმართველთა და მოხელეთა საკრძალავი მავზოლეუმის სახით. სამარხი დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო, სანამ 1917 წელს ფრანგებმა საჰაერო ფოტოგრაფიის მეშვეობით ხელახლა არ აღმოაჩინეს. მავზოლეუმი საადის დინასტიის 60-მდე მიცვალებულის საკრძალავია, რომელთა შორისაც აჰმელ ალ-მანსურისა და მისი ოჯახის წევრების საფლავებიცაა. ნაგებობა სამი ოთახისაგან შედგება, რომელთაგანაც ყველაზე მეტად თორმეტსვეტიანი ოთახია ცნობილი. ამ ოთახში სულთან აჰმედ ალ-მანსურის ვაჟის საფლავია. არქიტექტურულად ის ისლამური არქიტექტურის ნიმუშია მცენარეულობის მოტივებით, კალიგრაფიითა და გეომეტრიული მოზაიკური ფილებით, კარარას მარმარილოთი და დამუშავებული კედრის სტელით.[4][7] სამარხის გარეთ ბაღი და ჯარისკაცებისა და მოსამსახურეების საფლავები მდებარეობს.

შვიდი წმინდანის სამარხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარაქეშის მედინაში „მაროკოს მფარველი წმინდანების“ შვიდი სამარხი მდებარეობს, რომელსაც ყოველწლიურად მომლოცველები სტუმრობენ. მომლოცველებს სჯერათ, რომ წმინდანებს მხოლოდ სძინავთ და ერთ დღესაც კარგი საქმეების გასაკეთებლად კვლავ გაიღვიძებენ. სამარხების მომლოცველობა მექასა და მედინას მოლოცვის ალტერნატივად მიიჩნიეს დასავლელი მაროკოელებისთვის, რომელთაც შორ და რთულ გზაზე მოგზაურობა არ შეეძლოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი სამარხი სისი ბელ აბასის სამარხია.[22] სპირიტუალური ტური, ცნობილი როგორ მარაქეშის შვიდი კაცის მონახულება, მბრუნავ ტურს მოიცავს, რომელიც შიდა სრულყოფის ძიების გამოხატულებაა. წრიული ტური ქალაქის კონფიგურაციის მიხედვითაა შედგენილი და არა წმინდა მფარველების მოღვაწეობის ქრონოლოგიის მიხედვით.[23]

მელლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელლა (mellah) ძველი ებრაული კვარტალი ქალაქის მედინის ქასბაჰის სივრცეში მდებარეობს. ის 558 წელს შეიქმნა საადიანთა მიერ იქ, სადაც ადრე სულთნის თავლები იყო განლაგებული.[24] ამ დროისთვის ებრაული მოსახლეობა ბანკირებისგან, იუველირებისგან, მეტალურგებისგან, მკერავებისა და შაქრით მოვაჭრეებისაგან შედგებოდა. XVI საუკუნეში მელლას საკუთარი შადრევნები, ბაღები, სინაგოგები და სუქები ჰქონდა. მაროკოში ფრანგების ჩამოსვლის შემდე (1912) ებრაელებს კვარტლის მიღმა საკუთრების ფლობის უფლება ჩამოერთვათ, რის გამოც მელლა მხოლოდ შიგნით გაიზარდა, რის გამოც ქუჩები ძალიან ვიწროა, მაღაზიები - პატარა და სახლებიც მაღალია. დღევანდელი მელლა პირვანდელთან შედარებით უფრო პატარაა და თითქმის მთლიანად მუსლიმი მოსახლეობითაა დასახლებული. მელლას მომიჯნავედ მდებარე ებრაული სასაფლაო ყველაზე დიდი ებრაული სასაფლაოა მაროკოში.

მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარაქეშის მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარაქეშის მუზეუმის ინტერიერი

მარაქეშის მუზეუმი ქალაქის ძველ ცენტრში მდებარეობს და დარ მენებჰის სასახლეშია განთავსებული, რომელიც XIX საუკუნეში აიგო. სასახლე მუზეუმად 1997 წელს გადაკეთდა.[25] მუზეუმი კლასიკური ანდალუზიური არქიტექტურის ნიმუშია, ცენტრალურ ეზოში შადრევნებით, ტრადიციული ჩამოსასხდომი სივრცეებით, აბანოთი და დახლართული ჩუქურთმებით.[26] მუზეუმში როგორც თანამედროვე, ისე ტრადიციული მაროკოული ხელოვნების, მაროკოელ ებრაელთა, ბერბერთა და არაბული კულტურის ისტორიული წიგნების, მონეტებისა და სამეთუნეო საქმიანობის ნიმუშებია გამოფენილი.[27][28]

დარ სი სეიდის მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაროკოული ხელოვნების მუზეუმი

დარ სი სეიდის მუზეუმი, ასევე ცნობილი, როგორც მარკოული ხელოვნების მუზეუმი ბაჰიას სასახლის ჩრდილოეთით მდებარეობს.თავდაპირველად მუზეუმი დიდი ვეზირის ძმის, სისი სეიდის სახლი იყო.[18] მუზეუმში დაცული კოლექცია ერთ-ერთი გამორჩეულია მაროკოს მუზეუმთა შორის: „ძვირფასეულობა ატლასის მთიანეთიდან, ანტი ატლასიდან და უკიდურესი სამხრეთიდან; ხალიჩები ელ-ჰაუზის პროვინციიდან და ატლასიდან; ზეთის ნათურები ტარუდანტიდან; ლურჯი სამეთუნეო ჭურჭელი საფიდან და მწვანე სამეთუნეო ჭურჭელი ტამგრუტიდან; ტყავეულობა - მარაქეშიდან.“[18]

ბერბერთა მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერბერთა მუზეუმში ბერბერთა კულტურის ნიმუშები მაროკოს სხვადასხვა რეგიონიდან, დაწყებული რიფიდან, დამთავრებული საჰარით, არის ჩამოტანილი. მუზეუმი არქიტექტორ ქრისტიან მარტინის ხელმძღვანელობით განახლდა. მუზეუმში ოთხი თემატური ოთახია: 1. ბერბერები. 2. ტრადიციული ნიჭი-შესაძლებლობები (ყოველდღიური ობიექტები, ფესტივალები ან/და ცერემონიები, ხელსაქმე). 3. ძვირფასეულობა (ბერბერთა სამკაულების ფართო პანორამა). 4. სამოსი (ტანსაცმელი, ნაქსოვი ნივთები,იარაღი, კარებები, ხალიჩები და ბერბერთა მუსიკალური ინსტრუმენტები).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Harrison, p. 144.
  2. UNESCO World Heritage Convention. UNESCO. ციტირების თარიღი: 17 October 2012.
  3. Barrows 2004, p. 76-8.
  4. 4.0 4.1 Here Publishing (March 2003). Out. Here Publishing, გვ. 73–5. ციტირების თარიღი: 16 October 2012. 
  5. Sullivan 2010, p. 148.
  6. Sullivan 2006, p. 148.
  7. 7.0 7.1 7.2 Christiani 2010, p. 43.
  8. Gottreich 2007, p. 117.
  9. Febvre 1988, p. 1401.
  10. Christiani & 2010 101.
  11. Sullivan 2007, p. 147.
  12. History. Fondation Pierre Bergé - Yves Saint Laurent. ციტირების თარიღი: 13 October 2012.
  13. Davies & 2009 111.
  14. Wilbaux & 2009 380.
  15. Davies 2009, p. 104.
  16. 16.0 16.1 Searight 1999, p. 402.
  17. Searight 1999, p. 403.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 Hardy, Vorhees & Edsall 2005, p. 288.
  19. Searight 1999, p. 404.
  20. Searight 1999, p. 399.
  21. Rogerson 2000, pp. 100.
  22. Hardy, Vorhees & Edsall 2005, p. 285.
  23. The Patron Saints of Marrakech. Dar Sirr. ციტირების თარიღი: 21 October 2012.
  24. Gottreich & 2003 287.
  25. Mayhew & Dodd 2003, p. 341.
  26. Hardy, Vorhees & Edsall 2005, p. 286.
  27. Suliivan 2007, p. 144.
  28. "Musée de Marrakech: Fondation Omar Benjelloun" დაარქივებული 2021-05-07 საიტზე Wayback Machine. . (ფრანგული). Retrieved 18 October 2012.