მამკოდის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მამკოდის წმინდა გიორგის ეკლესიაწმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია. XVII საუკუნის არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამკოდაში. არის მამკოდის მამათა მონასტრის კოპლექსის შემადგენელი ნაწილი. მდებარეობს მამკოდის მამათა მონასტრის მიმდებარედ, მისი აღმოსავლეთით 200 მეტრში. აგებულია რიყის ქვითა და აგურით, კირის დუღაბზე.

ეკლესიას დასავლეთ ფასადზე მიშენებული აქვს სამრეკლო, რომლის პირველი სართული ეკლესიის კარიბჭეს წარმოადგენს. ეკლესიის კედლები შეთეთრებულია, ხოლო იატაკი ქვის ფილებითაა მოგებული. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელზე ორ-ორი ერთმანეთის პარალელური მოზრდილი ზომის თაღოვანი ნიშებია. ორი ღრმა, შედარებით მცირე ზომის, ნიშია ასევე დატანილი ნახევარწრიული აფსიდის ორივე მხარეს, აქედან ჩრდილოეთის ნიშში მოგვიანებით სარკმელია გაჭრილი. აფსიდის ცენტრში სარკმლის ქვეშ ტრაპეზის ქვაა განთავსებული.

ეკლესიის გარშემო ძველი ნასოფლარის ფრაგმენტებია შემორჩენილი. იგი ძლიერ დაზიანებული იყო და მისი რეაბილიტაცია 2004-2012 წლების შუალედში განხორციელდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № #7288