ლიფანალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ლიფანალი, ახალი წლის ციკლის დღესასწაული სვანეთში. იმართებოდა მიცვალებულთა სულების პატივსაცემად. ლიფანალი იწყებოდა 5 იანვარს და გრძელდებოდა რამდენიმე დღეს. მორწმუნეთა წარმოდგენით მიცვალებულთა სულები თავიანთ ოჯახებს უბრუნდებოდნენ და მათ „გასამასპინძებლად“ საწესო სუფრას იხდიდნენ. სუფრაზე ყველაფერი იყო გათვალისწინებული სხვადასხვა ასაკის მიცვალებულისათვის. მათი გულის მოსაგებად სვანები ართობდნენ მუსიკით, ალამაზებდნენ სახლსა და კარ-მიდამოს. ლიფანალის დღეებში სპეციალური წმინდა ფქვილისა და ნაცრის ხსნარით სახლის კარებზე, კედლებზე, საქონლის სადგომის ტიხარზე, კიდობნებზე და ა. შ. თითით გამოჰყავდათ ადამიანთა, შინაურ ცხოველთა და ფრინველთა თუ სასარგებლო ნადირის სილუეტური თუ ხაზოვანი გამოსახულებანი და ასტრალურ-კოსმოგონიური ნიშნები. ამ მხატვრობის სტილი, ტექნიკა, თემატიკა თუ გამოყენებული მასალა პრიმიტიულია. ლიფანალის დღეების დასრულებისას მიცვალებულთა სულებს დიდი პატივისცემით გააცილებდნენ ხოლმე და თან ჯანმრთელობას, საქონლის გამრავლებასა და მოსავლის სიუხვეს ევედრებოდნენ.

ლიფანალის რიტუალები არქაულ წარმოდგენას ემყარება, რომელთა თანახმად მიცვალებულებს შეეძლოთ ცოცხალთა ცხოვრებაზე სასიკეთო გავლენის მოხდენა და ღვთაებათა წინაშე შუამდგომლობა. იგი ასევე უკავშირდება შეხედულებებს, ბუნების ძალთა აღორძინების შესახებ და ამიტომ მოექცა ახალი წლის დღესასწაულთა ციკლში, რომლის წარმმართველი იდეა სწორედ მზის მობრუნება და ნაყოფის მიმნიჭებელ ძალთა განახლება იყო. მსგავსი დღესასწაულები წლის სხვადასხვა დროს საქართველოს მრავალ კუთხეშია დამოწმებული (სულთაკრეფა, სუნთობა და სხვა).

ანალოგიური წარმოდგენები გავრცელებული ყოფილა ძველი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში, კერძოდ ვედების დროიდან ინდოელებში, ბერძნებში, რომაელებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბარდაველიძე ვ., ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბ., 1953;
  • სურგულაძე ი., ქსე, ტ. 6, გვ. 268, თბ., 1983